ოპოზიცია ხალხში არსებული მუხტის დაგდებაზე მუშაობს და ხელისუფლებასთანაა გარიგებული
საქართველოში მოსახლეობის არასახარბიელო სოციალურ მდგომარეობას მაღალი კომუნალური გადასახადები, გამკაცრებული ადმინისტრაციული სანქციები თუ ზამთრისპირას სურსათის გაძვირება კიდევ უფრო დაამძიმებს. არაოფიციალური სტატისტიკით კი, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს 2 მილიონამდე ადამიანი გასცდა. ცხოვრების დონის გაუარესება, ლოგიკურად, სოციალური უკმაყოფილების მასობრივად გამოხატვის საფუძველი შეიძლება გახდეს. რამდენად არის მოსალოდნელი სოციალური აფეთქება საქართველოში? _ ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა:
_ სოციალური აფეთქება, ვფიქრობ, მოსალოდნელი არ არის, რადგან ქვეყნის მმართველი ძალა სრულად აკონტროლებს სიტუაციას _ მათ შორის, თავისი სატელიტი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით. სოციალურად შეჭირვებულ ფენას კი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს შეადგენს, თვითორგანიზების არც უნარი აქვს და არც საშუალება. აქედან გამომდინარე, ის, რომ სოციალური პრობლემატიკა წინა პლანზე წამოიწევს და გარკვეული მოძრაობის, ან აფეთქების საშუალება და მოტივი გახდება, არარეალურად მიმაჩნია. ამას საზოგადოებაში გარკვეული მუხტი სჭირდება. ჩვენთან ეს მუხტიც არ არის, რადგან მისი შემქმნელები არიან არა უშუალოდ გაჭირვებული მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, როგორ გადაიტანონ ზამთარი, არამედ პოლიტიკური ორგანიზაციები. საქართველოში კი, ამ მუხტის შემომტანი და ხალხის ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჩემი აზრით, ისინი სატელიტებად, მოსყიდულებად და უსუსურებად არიან დაყოფილნი. რომელი ნაწილი ჩაუდგება სათავეში სახალხო მოძრაობას და რომელი აქცევს მათ უკმაყოფილებას აფეთქებად?!
_ ზოგადად, ქართული საზოგადოება არის თუ არა მიდრეკილი მძლავრი სოციალური პროტესტისკენ?_ ქართული საზოგადოება სოციალური პრობლემების საფუძველზე აფეთქებისაკენ მიდრეკილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, დღემდე იგი მხოლოდ პოლიტიკური და ეროვნული, გნებავთ, ეროვნულ-პოლიტიკური მოტივებით ახდენდა უკმაყოფილების დემონსტრირებას, აწყობდა გამოსვლებს, აჯანყებას და ა.შ.
_
თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტები გასულ წლებში გამართულ ცნობილ საპროტესტო აქციებზე არასახარბიელო სოციალურ ფონს ხელისუფლებისთვის მათ მიერ წაყენებული ბრალდებების დასამძიმებლად იყენებდნენ..._ ვერ დაგეთანხმებით. მიმაჩნია, რომ სოციალური ფონი მაშინ მეორე და მესამეხარისხოვანი იყო. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება _ ჩვენთან თითოეული მოქალაქე სოციალურ პრობლემებს ასე მძიმედ იმიტომ შეიგრძნობს, რომ აქ პოლიტიკური პრობლემები არსებობს.
აქვე საინტერესოა, საქართველოში არსებული სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში არსებულს შევადაროთ. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა პოლიტიკური სიტუაცია ყველგან დაამძიმა. მაგრამ ავტორიტარულ აზერბაიჯანს ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ფონდი 40 მილიარდი დოლარი უდევს. ამ თანხით მას ვითარების გაუარესების კომპენსირება ნებისმიერ დროს შეუძლია. სომხეთი ასეთ შემთხვევაში დიასპორის ფინანსურ რესურსებს მოიშველიებს. ამდენად, ხსენებული ორი ქვეყნის პოლიტიკურ სინამდვილეში ავტორიტარიზმის ნიშნების გამოყენება გარკვეული სოციალური პრობლემების ნიველირებისათვის საჭირო არ არის. საქართველოში კი, ამ პრობლემის ნიველირების ერთადერთი გზა არის ოპოზიციური სპექტრის მოსყიდვა და მათ მიერ მხოლოდ ნებადართული სიტყვების წარმოთქმა. ბოლო პერიოდში სოციალურ პრობლემაზე მხოლოდ ცალკეული ოპოზიციური პარტიები ლაპარაკობენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეჭირვებულ ხალხს „მგზნებარედ“ იცავენ. მაშინ, როცა არ არსებობს თავისუფალი მედია და თავისუფალი გარემო, შესაძლებელია, ელექტრონულმა მედიამ საზოგადოებას ეს ყველფერი ისე მიაწოდოს, თითქოსდა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც უმძიმესი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად თავდაუზოგავად შრომობენ. ასეთ შემთხვევაში საწყალი კაცი, რომელიც ოჯახის გამოკვებაზე ფიქრობს, სოციალური აფეთქებისკენ იქნება მიდრეკილი და ქუჩაში გამოვა?
მედიანიუსი