სოციოლოგიური კვლევის ქართული ”თავისებურებები”
ყველა ქართული ტელეარხის საინფორმაციო გამოშვება 28 ოქტომბერს ამერიკული ორგანიზაცია "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის შედეგებით იწყებოდა და ვისაც "აღარ ახსოვდა", კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოში მმართველ პარტიასა და მის ლიდერს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვთ.
ისიც ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ IRI-ს კვლევა აშშ-ს მთავრობისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დაუკვეთეს, ხოლო უშუალოდ ტექნიკური მხარე ასევე ამერიკულმა და ძალზედ კომპეტენტურმა ორგანიზაციამ - "გელაპმა" (GALLUP) უზრუნველყო.

ცხადია, ასეთი დონის საერთაშორისო ორგანიზაციების სახელებს მოსახლეობაში, ანუ საბოლოო პროდუქტის _ კვლევის შედეგების მომხმარებელში, ამ პროდუქტის ხარისხისადმი ნდობა უნდა აემაღლებინა და ალბათ ასეც იქნება _ ამ ქვეყანაში პრესას და, მით უმეტეს, ტელევიზიას, ჯერ კიდევ ძალუძს ადამიანების დარწმუნება; ამით კვლავაც მშვენივრად სარგებლობენ იგივე ტელევიზიების მფლობელ-მაკონტროლებლები (თუ ვინ აკონტროლებს ქართულ ნაციონალურ თუ რეგიონალ ტელეარხებს, ამის შესახებ დავით ბაქრაძის ახალი ინიციატივის გარეშეც ყველასთვის ცნობილია).
ამ სტატიის მიზანი არ არის IRI-ს კვლევის შედეგების ანალიზი იმ თვალსაზრისით, თუ რომელმა პარტიამ რამდენი პროცენტი შემატა ან დააკლო თავის რეიტინგს; ამა თუ იმ პრობლემიდან, რომელს მიიჩნევს ყველაზე მწვავედ საქართველოს მოსახლეობა; ან რომელი ქვეყნისა თუ საერთაშორისო სტრუქტურის ჯარი სურთ იხილონ ქართველებმა ქვეყნის უსაფრთხოების დამცველად... ამის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა, მსჯელობს ქართული ბეჭვდითი და ინტერნეტმედია, კომპეტენტური ექსპერტებისა და თვით "გამოკითხვის პერსონაჟების" - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა კომენტარებიც უხვად იყო.

ახლა სრულიად სხვა საკითხზე გვსურს საუბარი: მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების მტკიცებით, ასეთი გამოკითხვების ცდომილება 2-3 %-ს არ აღემატება ხოლმე, შეიძლება კი, დარწმუნებული ვიყოთ ცდომილების ასეთ მცირე ალბათობაში და იმაში, რომ ეს ალბათობა და ზოგადად _ კვლევის სანდოობა, ერთნაირი იქნება ჩვენთან _ საქართველოში და მაგალითად, ჰოლანდიაში ან ავსტრიაში?
მე პირადად, ძალიან მეეჭვება და ვეცდები, დავასაბუთო.
იმ საყოველთაოდ ცნობილ და ბევრისთვის უკვე გამაღიზიანებელ არგუმენტს, რომ ხალხი დაშინებულია და სოციოლოგიური კვლევისას გულწრფელ პასუხს არ იძლევა, ჯერ არ დავეყრდნობი (თუმცა, საბოლოოდ, მაინც ამ მომენტით აიხსნება ყველაფერი). პირველ რიგში იმით დავიწყოთ, რომ "სუბორდნაციულ ჯაჭვს" (ამერიკის მთავრობა, USAID - IRI - GULLAP) ერთი რგოლი, თანაც (ეს მთავარია) "ქართული რგოლი" აკლია: როდესაც გვეუბნებიან, კვლევის ტექნიკური მხარე ამერიკულმა "გელაპმა" უზრუნველყოო, მედია (ძირითადად კვლევის შედეგების "გამაპიარებელი" ტელევიზიები) არაფერს ამბობს იმაზე, რომ "გელაპმა", თავის მხრივ, უშუალო ანკეტირება, ანუ ე.წ. ველის სამუშაო ქართულ ორგანიზაცია IPM-ს შეასრულებინა (ეს ყოველთვის ასე ხდება). ახლა არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად ამ ორგანიზაციის ამჟამინდელი მფლობელი ან დამფუძნებელი ქართველია, ამერიკელი თუ ტანზანიელი, მთავარი ის არის, რომ იქ ქართველები მუშაობენ (აბა, ინტერვიუერებად ამერიკელებს ხომ არ ჩამოიყვანენ?). ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთი გამოკითხვა რომ ჩავატაროთ და ტელევიზიების ინფორმაციების მოსმენის შემდეგ ხალხი გამოვკითხოთ, დარწმუნებული ვარ, 70%-ზე მეტს არ ეცოდინება, რომ ამ კვლევაში ქართველებმა რაიმე მონაწილეობა მიიღეს.

კიდევ ერთი კითხვა ამ ჩვენი "წარმოსახვითი კვლევისა" შეიძლება ასეთი იყოს: "ენდობით თუ არა ჩატარებულ კვლევას?"ოღონდ ეს კითხვა რესპონდენტებს ორჯერ უნდა დავუსვათ _ ერთხელ მანმადე, ვიდრე გაიგებენ IRI-ს კვლევაში ქართველი ინტერვიუერების მონაწილეობის შესახებ და მეორედ _ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ. ბევრი მტკიცება არ უნდა დამჭირდეს, დამიჯერეთ _ შედეგებში სულ მცირე 50%-იანი სხვაობა გარანტირებულია.
ოპონენტებისთვის, რომლებიც ამ უკანასკნელი ვარაუდის სისწორეში შემედავებიან, მარტივი კითხვა-არგუმენტი მაქვს: მაშ, რატომ მალავენ სამთავრობო ტელევიზიები ქართული ორგანიზაციის მონაწილეობას? უფრო მეტიც _ 29 ოქტომბრის "რეზონანსში" გამოჩნდა ცნობა, თითქოს აღნიშნული გამოკითხვისას ინტერვიუერები რესპონდენტთა პასუხებს ვიდეოკამერით იწერდნენ; ისიც იყო ნათქვამი, რომ IRI-მ "რეზონანსს" უარი უთხრა აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებაზე. ცხადია, ამან კიდევ უფრო დიდ ეჭვქვეშ უნდა დააყენოს კვლევის შედეგების სიზუსტე. ჩვენ სოციოლოგებსაც ვესაუბრეთ, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს ინკოგნიტო გამოკითხვისას ვიდეოგადაღების დაშვება და მხოლოდ ამის შემდეგ დავუკავშირდით სოციოლოგიური კვლევის სამსახურს _ IPM-ს. იქ დაგვიდასტურეს, რომ "ველის სამუშაოები" მართლაც მათ ჩაატარეს, მაგრამ კატეგორიული უარი განაცხადეს დაედასტურებინათ ან უარეყოთ ვიდეოგადაღებების ფაქტი(?)
ჩვენთვის გაუგებარია, თუკი ასეთი რამ არ მომხდარა, რატომ არ უნდა ჩქარობდეს აღნიშნული ორგანიზაცია მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის უარყოფას? ხომ ლოგიკურია, რომ მიღებული პასუხის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდეთ ჩვენი "რეზონანსელი" კოლეგების მიერ ეჭვის დონეზე დაფიქსირებული ინფორმაციის სიმართლეში?

თუ იმასაც დავუმატებთ, რომ არავითარი ინკოგნიტო გამოკითხვა არასოდეს არ მიმდინარეობს (ამას არც არავინ მალავს), არამედ ყველა რესპოდენტის გვარ-სახელ-მისამართი ფიქსირდება ანკეტაში (ეს თვით კვლევის ჩამტარებელ ორგანიაზაციას სჭირდება, რათა საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინტერვიუერები გადაამოწმოს _ ნამდვილად იყო თუ არა რესპონდენტთან და "ზეპირად" ხომ არ შეავსო ანკეტა. მაგრამ, იმ დაშინებულ ქართველს, რომელსაც ყველგან "ვანოს მოსასმენი აპარატურა" ელანდება, ვინმე დაარწმუნებს, რომ მისი სახელი "იქ" არ დაფიქსირდება?!), დარწმუნდებით, რომ საქართველოში და ავსტრია-ჰოლანდიაში გამოკითხვების ერთნაირი _ 2-3%-იანი ცდომილების არსებობა მხოლოდ გულუბრყვილოთათვის გადაგდებული ანკესია.
მოდით, ზემოთ დაწყებული ჩვენი "წარმოსახვითი კვლევის" ბოლო კითხვასაც დავსვამ და ხელისუფლების თუნდაც ყველაზე ერთგულმა მკითხველმა მიპასუხოს, ოღონდ გულწრფელად. მაშ ასე, კითხვა ასეთია:
- თქვენი აზრით ქართველ რესპონდენტთა რამდენი პროცენტი იქნება გულწრფელი პასუხისას კითხვაზე: "რომელი პოლიტიკოსი მოაგვარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას?" თუკი ინტერვიუერი სახლში ეწვევა (ეს არ იყო ქუჩის გამოკითხვა), ჩაიწერს მის სახელს, გვარს, მისამართს და პასუხს ვიდეოზე გადაიღებს?
მაინც, როგორ ფიქრობთ ბატონებო? რატომღაც მგონია, რომ ასეთი ფორმით და ასეთ გარემოებებში დასმულ ასეთ კითხვაზე, ამერიკაშიც კი იმ ყბადაღებულ 2-3%-ზე გაცილებით მეტი იქნება არაგულწრფელი, ჩვენთან კი, ნახევარმაც რომ გასცეს ალალი პასუხი, აფერუმ მათ ვაჟკაცობას.
სწორედ ამ გარემოების "დამსახურება" მგონია, რომ ტერიტორიის 20%-ის სამ დღეში დამკარგავი მთავარსარდლის იმედი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში 49%-მა "გულწრფელად დააფიქსირა", ისევე, როგორც სხვა კითხვებზე პასუხებისას.
ასე რომ, ბატონებო, "იქითაც" და "აქითაც", დიდად ნუ გექნებათ "2-3%-იანი ცდომილების" იმედი და საქმეს მიხედეთ, საქმეს

P.S. სულაც რომ ყველაფერი "აჟურში იყოს" - არც ვიდეოკამერით გადაიღონ და არც რესპონდენტების მონაცემები დააფიქსირონ ინტერვიუერებმა, მონაცემთა დასმის უამრავი "პროფესიული ხერხი არსებობს", ძირითადად, "ვეილს" შერჩევის საშუალებით. მაგალითად, ქვემო ქართლის გამოკითხვისას, სამი ან ოთხი სოფლის შემთხვევითი შერჩევისას შეიძლება, "შემთხვევით" ოთხივე სოფელი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული "აღმოჩნდეს". პასუხები კი ქვემო ქართლის მოსახლეობის სოციოლოგიური კვლევის შედეგად "შეასაღონ" იგივე IRI-ს, რომელსაც აზრადაც არ მოუვა, ასეთი ნიუანსის გადამოწმება. უფრო მეტიც, თბილისის ბევრ უბანში კონკრეტული კორპუსების სოციალური ფენების შემადგენლობაც იციან "სპეციალისტებმა" და ამიტაც შეიძლება შედეგებით წინასწარ მანიპულირება..
ასე რომ, ვიდრე საქართველოში სოციოლოგიური კვლევის შედეგები დასავლურ 2-3 %-იან ცდომილებას მიუახლოვდება, მანმადე იქნებ მათი საჭიროებაც აღარ იყოს...
www.interpressnews.ge ლუკა დოლიძე