ნანახია: 868
"ბათუმი ხდება ხელოვნების ცენტრი. აქ ჩამოდიან საუკეთესო შემსრულებლები, იდგმება ქანდაკებები იმ ხალხის მიერ, ვინც დგამს მსოფლიოს საუკეთესო ადგილებში ამ ქანდაკებებს. თვითონ ეს ბულვარი ევროპაში არის ერთ-ერთ საუკეთესო და ლევან ვარშალომიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 8 კილომეტრიანი ბულვარი კვარიათამდე გავაგრძელოთ და ეს ბულვარი 20 კილომეტრიანი გახდება. “ - განაცხადა პრეზიდენტმა. "ხელოვნების ცენტრში“ მალე კიდევ ორი, "სიყვარულის ქანდაკება“ და ქართული ანბანის მონუმენტი დაიდგმება. ბათუმის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის, ეკატერინე თარგამაძის თქმით, “სიყვარულის ქანდაკება“ 2 მილიონ 703 600 ლარი დაჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, II კვარტალში უნდა განხორციელებულიყო. "ქალი და მამაკაცის" დადგმისთვის საჭირო წინა საინჟინრო კვლევაში კი დამატებით 71 700 ლარია გადახდილი. “ამ ქანდაკებასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპანიებთან 3 ხელშეკრულებაა გაფორმებული; ერთი შეეხებოდა წინასწარ კვლევას, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაფორმდა; წინასწარი საინჟინრო კვლევა გერმანელემა გააკეთეს; მეორე ხელშეკრულება კომპანია “კრეატ ინტერნეიშენალ კავკასუსთან“ გაფორმდა და შემდეგ მოხდა ქანდაკების შეძენა–დამონტაჟება. ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივად მოდის. განკარგულებაში შეიძლება ეს მითითებული არ იყო, მაგრამ ტურისტული უბნების განვითარებისა და რეაბილიტაციის მიზნით ხდება ამ თანხების ხარჯვა. ბათუმის ბიუჯეტში არის პროგრამა – ისტორიული უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ. ეს პროგრამა, ძირითადად ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით და ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა ამ ქანდაკების შეძენა. გეთანხმეით, რომ ეს არის სოლიდური თანხა – 2 703 600 ლარზეა გაფორმებული ქანდაკებასთან დაკავშირებული სამივე ხელშეკრულება“, - განმარტა ეკატერინე თარგამაძემ. მერიის პროგრამაში ხაზგასმულია, რომ "ქალ-ვაჟის მობილური ქანდაკება, რომელიც ბათუმში დაიდგმება, მუდმივი განვითარება-განახლების, ერთობისა და სიყვარულის სიმბოლოა”. ქანდაკებამ 2007 წელს ვენეციის ბიენალეზე მოწონება დაიმსახურა. ”ქალი და მამაკაცის” ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორი და სკულპტორი თამარ კვესიტაძეა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ”ქალი და მამაკაცი” (ანალოგიური სახელწოდებით, რომელსაც ბათუმში დგამენ) კულტურის სამინისტროს ცნობით, იტალიელმა მილიონერმა შეიძინა. შვიდმეტრიანი სკულპტურა, იახტკლუბსა და შუქურას შორის მშენებარე ”ციხესიმაგრის” (პორტის) წინ, ნავსაყუდელთან (პირსთან) დაიდგმება. სკულპტურას გერმანული კომპანია ART Engineering GmbH-ი ამზადებს, რომელმაც თავისი წინადადება მერიას მიმდინარე წლის თებერვალში შესთავაზა. თუ სკულპტურა ნახშირბადოვანი ფოლადისგან დამზადდებოდა, იგი 477 500 ევრო ეღირებოდა, ხოლო უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული - 771 000 ევრო. ამას ტრანსპორტირებისა და მონტაჟის თანხაც (50 ათას ევრომდე) ემატებოდა. მერია კი გადაწყვიტა, რომ სკულპტურა უჟანგავი ლითონისგან დაემზადებინა. 5 თვეში კი ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკი აშენდება. სიმბოლური კაფსულა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, ბათუმის მერთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთად ერთად, მონუმენტის აგების ადგილას ჩადო. 130 მეტრის სიმაღლის კოშკი ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა. მასზე ანბანის ასოები თანმიმდევრულად განლაგდება, კოშკის თავზე რესტორანი, კაფეები, ობსერვატორია და ტელესტუდია მოეწყობა. მონუმენტი ანძის ფუნქციასაც შეასრულებს. ერთი საათის განმავლობაში მონუმენტი ერთ სრულ ბრუნს გააკეთებს და ბათუმის ხედების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კოშკი, სფეროს ფორმის კონსტრუქციით ბოლოვდება, სადაც 4 სართული იქნება განთავსებული. აქ ტელესტუდიები, ობსერვატორია და მბრუნავი რესტორანი გაკეთდება, რომელიც ერთი წრის გაკეთებას ერთი საათი მოანდომებს. ანბანის თითო ასობგერის სიმაღლე 7 მეტრი იქნება. რა უჯდება ბათუმის მერიას ანბანის კოშკი, ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. რესპუბლიკური პარტიის ბათუმის წარმომადგენელის მურმან დუმბაძის თქმით, ძეგლები ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მასზე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს: „მედეას ძეგლი, რომელიც 2,5 მილიონი ლარი დაჯდა, ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა დააპროექტა. ძეგლის დადგმისას მას ბათუმში შევხვდი და ვკითხე, ასე ძვირი რატომ დაჯდა-მეთქი. მიპასუხა, ქაღალდზე რას წერენ, ჩემი საქმე არ არის, მისი ღირებულება იმის ნახევარიც არ დაჯდა, რაც საბუთებში წერიაო. ახლაც ე.წ. სიყვარულის ძეგლს, სინამდვილეში - სექსძეგლს, ამერიკაში მცხოვრები ქართველი დგამს. დარწმუნებული ვარ, თანხა აქაც შეგნებულად არის გაბერილი. ფული მიზნობრივი ტრანსფერით გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან. ბათუმის საკრებულოს არავინ ეკითხება, რისთვის და რამდენი უნდა დაიხარჯოს. გადაწყვეტილება მიღებულია სააკაშვილის მიერ, ისევე როგორც ბათუმში ოპერის თეატრის აშენების შესახებ. მისი პროექტი კი მოამზადებინა ესპანელ სპეციალისტებს. გამოყოფილი იყო მილიონი ევრო. შენობა არ აშენებულა და არც აშენდება. მშენებლობის გაუქმების გადაწყვეტილებაც, ცხადია, სააკაშვილმა მიიღო. საკითხავია, სად არის მილიონი ევრო?“
ნინო თამაზაშვილი
|