ნანახია: 1718
ცოტა ხნის წინ, რედაქციაში წერილი მოვიდა, სადაც სტუდენტი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გრანტების გადანაწილებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობდა. წერილის შინაარსი ასეთია: "როგორც მოგეხსენებათ, აბიტურიენტებმა, რომელთაც გაიარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა 2009 წელს უფლება მიეცათ შეენახათ თავიანთი ქულები და ამ ქულებით მონაწილეობა მიეღოთ 2010 წლის საგრანტო კონკურსში. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ შარშანდელი ტესტები წლევანდელთან შედარებით გაცილებით ადვილი აღმოჩნდა და საგრანტო ქულების შენახვის წესმა ვერ უზრუნველყო შარშანდელი აბიტურიენტების რეიტინგულ სიაში სამართლიანად მოხვედრა. სირთულეებს შორის სხვაობა განსაკუთრებით შეიმჩნევა ლოგიკური მსჯელობის შედეგებში: შარშან მაქსიმალური ქულა 16 აიღო 625-მა აბიტურიენტმა, ხოლო წელს მაქსიმალური ქულა 17 აიღო 21-მა. ყველა იმ აბიტურიენტს, რომელთაც 16 ქულა აიღეს 2009 წელს და შეინახეს ქულები, 2010 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის 17 ქულა მიენიჭათ. შედეგად, აბიტურიენტს, რომელიც 625-ე იყო შარშანდელი ლოგიკური მსჯელობის შედეგის მიხედვით, წლევანდელ რეიტინგულ სიაში 22-ე აბიტურიენტზე მაღალი ქულა აქვს. დაახლოებით იგივე სიტუაციაა მათემატიკურ ნაწილშიც. შეგახსენებთ, რომ სწორედ რეიტინგულ სიაზეა დამოკიდებული თანხების გადანაწილება. ჩემი აზრით, შარშანდელი აბიტურიენტების ჩასმა წლევანდელ რეიტინგულ სიაში უნდა მოხდეს შარშანდელი ჯამური სკალირებული ქულის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, ტესტების სირთულეებს შორის სხვაობა არ გამოიწვევს თანხების უსამართლო გადანაწილებას. გარდა ამისა, არათანაბარ კონკურენტულ პირობებში არიან ერთმანეთის მიმართ ის მაგისტრანტებიც, რომელთაც შარშან წერეს სამაგისტრო გამოცდა და წელს იღებენ მონაწილეობას საგრანტო კონკურსში, მაგალითად: შარშანდელი რეიტინგული სიის 593-ე წევრი მოხვდა წლევანდელ რეიტინგულ სიაში 455 ხოლო, 600-ე მოხვდა 205-ე ადგილზე”. ამ თემასთან დაკავშირებით, გაზეთი "ბანკები და ფინანსები" გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სოსო გოგილიძე აცხადებს: "სტუდენტის მიერ მოთხრობილი ეს ფაქტები რეალობას არ შეესაბამება, ვინც იცნობს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურას, ეგრეთწოდებულ სკალირებას მიხვდება, რომ ყველა მიღებული შეფასება საბოლოოდ ერთ უნივერსალურ სკალაზე გადაიტანება. ანალოგიური პროცედურა ხდებოდა ასევე მისაღები გამოცდების დროს, როცა აბიტურიენტებს წინა წლის გამოცდებში დაგროვილი ქულები ენახებოდათ. იგივე მეთოდი, ახლა სამაგისტრო გამოცდებზე დაინერგა. სიმართლეს არ შეესაბამება, ის ფაქტი, რომ ვინმე ქულების შენახვით კონკურენციას უწევს სხვას ან თავად იჩაგრება. ვთქვათ, შარშან რეიტინგში ვიღაცა იყო მეხუთე ადგილზე და ადვილი ტესტი ჩააბარა, წელს უკვე მათ უჩნდებათ მოთხოვნა, რომ ისევ მეხუთე ადგილზე იყვნენ, მაშინ როცა სხვამ წელს უფრო რთული ტესტი ჩააბარა. ეს უსამართლო იქნება, ამიტომ სკალირება სირთულის გამო ქულების ერთ უნივერსალურ სკალაზე გადაყვანას ითვალისწინებს. თუ როგორ ხდება სკალირების მათემატიკური დათვლები ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებ გვერდზე დევს. პრეტენზიები აქვთ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლების თავისთვის საუკეთესო ვარიანტს ეძებენ რეიტინგში მოსახვედრად. სტუდენტი, რომელიც წერილს გწერთ ჩვენც დაგვიკავშირდა და ვეცადეთ აგვეხსნა ქულების გადანაწილების პროცესი, მაგრამ მან არ მოგვისმინა”. როგორც განათლების სამინისტროს საიტზეა განმარტებული, საერთო სამაგისტრო გამოცდაში ქულების შენახვის წესი ასეთია: მაგისტრანტობის ყოველ კანდიდატს უფლება აქვს სამაგისტრო გამოცდის თითოეულ ნაწილში მის მიერ მიღებული ქულები გამოიყენოს სამი წლის განმავლობაში. თუმცა, იმის გამო, რომ ტესტის სირთულეებს შორის სხვაობამ, შესაძლოა, არათანაბარ პირობებში ჩააყენოს სხვადასხვა წელს გამოცდაზე გასული მაგისტრანტობის კანდიდატები, აუცილებელი ხდება შენახული ქულების მიმდინარე წლის გამოცდასთან შესაბამისობაში მოყვანა. ქულების გადაყვანა ხდება ტესტის თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე მხოლოდ იმ კონკურსანტებისთვის, რომელთაც სურთ წინა წლებში მიღებული ქულებით მიმდინარე კონკურსში მონაწილეობა. ქულების შენახვა დასაშვებია მხოლოდ ტესტის ოთხივე ნაწილში ერთად და მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ტესტის ოთხი ნაწილიდან სამ ნაწილში მაინც. ზოგადი პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა ქულების გადაყვანის მექანიზმი არის ის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატს ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიმდინარე წლის რეიტინგულ სიაში მიენიჭოს პროპორციულად იგივე ადგილი, რომელიც მას ჰქონდა იმ წლის კონკურსში, როდესაც მან შენახული ქულები მიიღო.
|