"დამსახურებანი, ტალანტები, ღირსება!
გახდით მხოლოდ რომელიმე წრის დამქაშები".
სტენდალი
ის იყო, რომ ახალი წლის შეხვედრის სამზადისმა ოდნავ დააცხრო კონტრრევოლუციის მხილების ჟინით შეპყრობილი რექტორის ინტერვიუზე ოპოზიციური პრესის მიერ ატეხილი აურზაური, რომ სამთავრობო აზრის გამომხატველ (ერთადერთ) ყოველდღიურ გამოცემაში, პრესომბუდსმენის ფხიზელი თვალის ქვეშ ცხელი აგვისტოს პერიოდიდან მომდინარე მსჯელობებმა, მიმავალი - ურთულესი წლის ბოლო დღის ნომერში აპოგეას მიაღწია. თვითონ განსაჯეთ: "2009 წელი ნამდვილად მოგვიტანს არსებით სიახლეს, რადგან ეს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წელი იქნება" (!); "2008 წლის ზაფხულში ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ერთბაშად და მოულოდნელად შემოაბიჯა საგარეო პოლიტიკამ" (გურულებისთვის პრიორიტეტი წაურთმევიათ, სანამ ჩვენ ცალ ყურზე გვეძინა); "ქვეყნის სიძლიერე-სისუსტე უკვე აღარ არის მხოლოდ ჩვენი შინაგანი პრობლება (ქართული სახელმწიფოებრივი განვითარების ახალი პარადიგმა), დღეიდან მასზე ბევრად უფრო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვათა მდგომარეობა . . . დღეს თვითონ დიდი ბიჭები დგანან სასიცოცხლო არჩევანის წინაშე, რადგან მარტო ჩვენ კი არა, მათაც გაუტანეს გოლი"; "სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ერთმნიშვნელოვანი წარმატებებია..."; "დღეს ახლისა და ძველის თანაარსებობის პერიოდია (გუშინ რა იყო? ხვალ რა იქნება?), რამაც, მაგალითად, უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროში, შემდეგნაირი ასახვა ჰპოვა: ძველი ინტელიგენცია - ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი ინტელექტუალები - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში" . . . და ა.შ.
გამოცემის საახალწლო ნომრის ერთი გვერდიდან ამოღებულ, აქ მოყვანილი ციტატების ავტორებს შეგნებულად არ ვასახელებთ იმ რწმენიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ქართული ბეჭდური მედიისგან არა ზურგშექცევით მდგომი, ყოველდღიური (ხარისხიანი თუ ყოვლად აუტანელი) ინფორმაციის მკითხველისთვის (კითხვა შრომაა), უმთავრესია სახელმწიფო მშენებლობის კონცეპტუალურ საკითხებზე ჩვენი - რიგით მოქალაქეთა ინფორმირების სამთავრობო სტრატეგია და არა ქვეყნის მასმედიაში "ცნობად სახეებად" მიჩნეულ, უმცირეს გამონაკლის პერსონათა გარდა, უკვე აუტანელი გნიასი. მოყვანილ ციტატებში ჩადებული შინაარსის ავტორებს, რომლებიც თავიანთ თავს "ახალ ინტელექტუალებად" წარმოგვიდგენენ და რომელთა იდეოლოგიური მრწამსი, ეჭვგარეშეა, გუშინ დაფუძნებული უნივერსიტეტის (ღმერთმა ხელი მოუმართოს კეთილმსახურებს კეთილგანზრახვაში) "შესავალი თანამედროვე აზროვნებაში" კურსის (ვინ მოიგონა, ვინ იცის? განა სრულად ვწვდებით დღემდე ანტიკური ეპოქის მოაზროვნეთა სიღრმეებს?) საპროფესორო კათედრა აერთიანებთ, უკვე დროა შევახსენოთ ცოდნითა და ღირსებით შემკული ქ-ნის - პროფესორ მარინა მუსხელიშვილის (დღემდე არ გვქონია მასთან შეხვედრის პატივი) მსჯელობანი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში (CIPDD) ჯერ კიდევ 1999-2003წწ. გამართულ დისკუსიათა (ამით დამთავრდა) მსვლელობისას: `მაგრამ თუ ჩვენი დემოკრატია თავიდან ბოლომდე ვირტუალური არ არის, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ სახეზეა პროცესი, როდესაც ძველ მოსულელო ელიტას ემატება (ან ნაწილობრივ ენაცვლება) ახალი მოინტელიგენტო ინტელექტუალები . . . მე არ ვეთანხმები ძველი ინტელიგენტებისა და ახალი ინტელექტუალების დაპირისპირებას ღირებულებათა მიხედვით~.
"ახალი ინტელექტუალები" ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა და ღირებულებათა ცოდნის სიღრმეთა ფლობაზე აპელირებენ. ამგვარის არსებობის ვითარებაშიც კი, ჩვენი აზრით, უმთავრესია შემდეგი: სათანადო სიღრმით გაუაზრებელი, ერის ფსიქიკასთან არათავსებადი (არაადაპტირებული) ახალი ცოდნის ძალადობრივი გზით დანერგვა/დამკვიდრება არამარტო მცირერიცხოვანი ერებისთვისაა მიუღებელი, იგი მიუღებელია ეთიკის ყველა კანონით, ისევე, როგორც მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სექსუალური და ა.შ. აქსელერაცია. "ძველი" და "ახლის" შეჯახების დრამატიზირებას, არსად და არასოდეს არ ჰქონია ადგილი ცივილიზებულ ერთა მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში. უფრო მეტიც: რვაასწლიანი ისტორიის მქონე, აღიარებული საუნივერსიტეტო ცენტრების დაფუძნების საწყისებში ამგვარ დაპირისპირებათა ცოდნა-განათლებით შერბილების ამოცანები მოიაზრებოდა. ანტიკური საბერძნეთის მემკვიდრეობის შემმეცნებელ-სრულმყოფნი, ამიტომაც დგანან დღემდე მსოფლიო ცივილიზაციის ბურჯებად, განსხვავებით ნახევრადგენიოსი და ნახევრადჯიბგირი ჩვენი თანამემამულის მიერ აშენებულ-გამაგრებული იმპერიისა. თანამედროვე მამულიშვილები დიახაც აცნობიერებენ მოწინავე ერებში გენერირებული, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა პოტენციის მქონე, ახალი (საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალური, ტექნოლოგიური და ა.შ.) ზედაპირული ცოდნის ძალადობრივი დამკვიდრების დამანგრეველ შედეგებს, რომლის თაობაზე ჯერ კიდევ 1920წ. დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე დეპუტატმა შალვა ნუცუბიძემ ცნობილი სიღრმით ისაუბრა - ბოლშევიზმის, როგორც "თავის თავში გამოურკვეველი ძალის" ასპექტზე რომ მიგვითითა. ცნობილია იმ სასულიერო და საერო მოღვაწეთა ფასდაუდებელი ღვაწლი, ვინც თავისი ეპოქის ზოგადსაკაცობრიო პოტენციის მქონე ახალ ცოდნას ალღო აუღო - შეიმეცნა, გაითავისა, დაიუნჯა და შემდგომ ამისა დიდი სიფრთხილითა და რუდუნებით ემსახურა სამშობლო ქვეყნის ყოფაში მისი (ცოდნის) დამკვიდრების საქმეს. ქართველ სასულიერო მოღვაწეთა, არჩილ ჯორჯაძის "საერთო ნიადაგის თეორია", ან დიდი ივანე ჯავახიშვილის, შალვა ნუცუბიძის, მერაბ მამარდაშვილის, დავით სარაჯიშვილის, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მემკვიდრეობა რამდენად სრულადაა ასახული "თანამედროვე აზროვნების" კურსის სახელმძღვანელოში? რომელმა საერო-სასულიერო სოლიდური დონის თავყრილობამ იმსჯელა ამგვარი კურსის საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის აუცილებლობაზე? ახლადშექმნილი სსიპ - "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებათა ცენტრის" კომპეტენცია აქ საკმარისია? "დიდი ბიჭების" დამოკიდებულებათა და განწყობა-ინტერესების თუნდაც კარდინალური ცვლის პირობებში, რამდენად გონივრულია ქვეყნის სამეურნეო მოწყობის დღევანდელ დონეზე გაყინვა? რა შეფასებას იმსახურებს ხელისუფალთა პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურაში, ბოლო ათწლეულის მანძილზე, შავი ლითონების ჯართი პირველობს? რა ვიღონეთ ექსპორტუნარიანი სასაქონლო პროდუქციის წარმოების რეალური განვითარებისთვის? სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის რანგში აყვანილ დაპირისპირებათა ხელოვნური (ბოლშევიკური) ტრაგიზმი, ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის მკაფიო - ყველასთვის ადვილად გასაგებ - ორიენტირთა არ არსებობის ვითარებაში ("ჭეშმარიტება ყოველთვის კონკრეტულია"), შინაარსობრივად სხვა არაფერია, თუ არა ქართული სახელმწიფოებრიობის ოდითგანვე დამაქცევარი მედროვეობა, ცივილიზებულ სამყაროში წარსულის რუდიმენტებად და ნეობოლშევიზმად რომ იხსენიება. გამაოგნებელია, რომ მსგავს რამეს სულმნათი ილია მართალის სახელდებული უნივერსიტეტის (ენა როგორ მოგვიბრუნდება პროფესორი ვუწოდოთ) თანამშრომლებისაგან ვისმენთ: "აწმყო, შობილი წარსულისაგან . . .", ან კიდევ - "ვინც წარსულს დამბაჩას ესვრის . . ." ვინ დაგავიწყათ? ინჟინრები რომ იყოთ გეტყოდით: სად ან როდის გსმენიათ/გინახავთ არათუ ურთულესი მანქანა-მექანიზმი (იგივე სახელმწიფო), არამედ თუნდაც უმარტივესი შრომის ან საბრძოლო იარაღი შექმნილიყო ანალოგ-წინამორბედის (პროტოტიპის) გარეშე.
ქვეყანაში, სადაც სამეცნიერო-ტექნოლოგიურ კონცეპტუალურ-სამართლებრივ, საორგანიზაციო და სხვ. საკითხებში აღიარებული პროფესიონალი, ბ-ნი ოლეგ შატბერაშვილი, იმავე გამოცემის საგაზეთო წერილში (ფაქტიურად ნაშრომში) - "მეცნიერების განვითარება საქართველოში: ბოლო წლების გაკვეთილები" (22.08.2006 "24 საათი") ასკვნის, რომ: "შემაშფოთებელია საერთო განწყობა, რომელსაც კანონი ბადებს: უსაფუძვლო აჩქარების, უნდობლობისა და მანიპულირების პერსპექტივის . . . არც მთავრობა, არც ოპოზიცია, არც მეცნიერები არ მსჯელობენ იმ კატეგორიებით, რომლითაც მიღებულია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მსჯელობა" (
http://europeanchoice.ge./sciense/) - თქვენ ბედავთ და "სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ერთმნიშვნელოვან წარმატებების არსებობაზე" უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდიხართ საზოგადოებრივ ასპარეზზე და …... ისიც საგამომცემლო წლის შემაჯამებელ, საახალწლო ნომერში? თქვენს მიერ ნაგულისხმევ კითხვაზე - "სხვა საქართველო სად არის?" - პასუხი ნაპოვნია და ის ტრადიციული ქართული ზრდილობის ფორმით გვინდა წარმოგიდგინოთ:
ქართული საზოგადოების ტრანსფორმაციაში ბოლშევიკ-ფუნქციონერთათვის შესაშურმა თქვენმა ძალისხმევამ შეძლო ერის რეალურ პროგრესზე მომუშავე სპეციალისტთა უსახსროდ (უხელფასოდ) დატოვება.
მეტი ვერ შეძელით . . .
გიორგი ბერუჩაშვილი