მეცნიერების ნგრევა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მეცნიერების ნგრევა
ნანახია: 449

არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტს რომელიმე უმაღლეს უნივერსიტეტს შეუერთებენ, შემდეგ გააუქმებენ და გაყიდიან


ინტერვიუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან თამაზ მარსაგიშვილთან

- ბატონო თამაზ, ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია თქვენი ინსტიტუტის სხვადასხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან შესაძლო მიერთებაზე. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას და კონკრეტულად რაზეა საუბარი? თუკი მართლაც მოხდა ინსტიტუტის მიერთება, რა ელის მას?
- ჩვენ მართლაც მივიღეთ შემოთავაზება ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, რომ მომხდარიყო ჩვენი მიერთება უნივერსიტეტთან. ასეთივე შემოთავაზება გვქონდა ტექნიკური უნივერსიტეტიდანაც, თუმცა მის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ დავადგინეთ, რომ საუბარი იყო არა მიერთებაზე, არამედ ჩვენი ინსტიტუტის ლიკვიდაციაზე. რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავეხმაროთ უნივერსიტეტს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით იმას, რომ მოხდეს ჩვენი ინსტიტუტის ლიკვიდაცია. ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, არა ჯავახიშვილის ან ტექნიკური უნივერსიტეტის გაძლიერებას, არამედ ჩვენი, როგორც ინსტიტუტეს, გაუქმებას და იმ შენობების გაყიდვას ისახავს მიზნად, რომლებიც ჩვენს განკარგულებაშია.
ჩვენ ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ როგორც ტექნიკურ, ისე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში არ არის ჩვენი ლაბორატორიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი უსაფრთხოების სისტემა. გარდა ამისა, ჩვენ შენობაში არსებული დანადგარების ღირებულება 2,5 მლნ-ს აღწევს და მათი მცირედი ვიბრაციაც კი ტექნიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ჩვენ შევთავაზეთ ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომ მასთან გაგვეფორმებინა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უფასოდ მოვამზადებდით კადრებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გაერთიანება. იგივე შევთავაზეთ ბატონ გიორგი ხუბუასაც, მაგრამ იგი ამაზე არ დაგვთანხმდა და, როგორც ჩანს, საკმაოდ მტკივნეულადაც მიიღო ეს უარი.
უმაღლეს სასწავლებლებში საკმაოდ რთული მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ იგივე ქიმიის ფაკულტეტზე, პრაქტიკულად, არ გვყავს სტუდენტები. მაგალითად, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე სულ 17 სტუდენტი სწავლობს. ეს კატასტროფაა. შარშან ამ ფაკულტეტზე სულ 5 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში 350. ჩვენ ბატონ ხუბუას შევთავაზეთ, რომ გადმოეცა ჩვენთვის ეს 17 სტუდენტი და პირობას ვაძლევდით, რომ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს მოვუმზადებდით, მაგრამ მან რატომღაც ეს არ ისურვა. ილიას უნივერსიტეტში კი საერთოდ საგანი ქიმია სწავლებიდანაა ამოღებული, ალბათ, მიაჩნიათ, რომ ეს საგანი არ არის საჭირო. თუ გადავხედავთ მსოფლიო ტენდენციას, ვნახავთ, რომ დღეს იგი ყველაზე საჭირო საგანია. იგივე ოქსფორდის უნივერსიტეტში ყველაზე დიდი დეპარტამენტი სწორედ ქიმიისაა. დღეს მსოფლიოში ქიმია ყველაზე საჭირო საგანია.
თუკი არსებული ტენდენცია გაგრძელდა, ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ ორი სპეციალობის ადამიანები გვეყოლება - იურისტები და ეკონომისტები. ქიმიკოსი, რომლის გარეშეც პოლიკლინიკა არ ფუნქციონირებს, საავადმყოფო ვერ ფუნქციონირებს, პროდუქტის წარმოება შეუძლებელია, ცოტა ხნის შემდეგ აღარ გვეყოლება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ სისხლის ანალიზს ვერავინ გააკეთებს. იგივე მდგომარეობაა ფიზიკაში, მათემატიკაში და ა.შ.
ამ ყველაფრის ფონზე კი საუბარია ჩვენი ინსტიტუტის უმაღლეს სასწავლებელთან მიერთებაზე და ამით, პრაქტიკულად, ინსტიტუტის ლიკვიდაციაზე. მართალია, დღეს საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს იმ მხრივ, რომ ინსტიტუტში სულ 17 ახალგაზრდა გვყავს, შემდეგ გვაქვს ერთგვარი ასაკობრივი ვარდნა, ხოლო დანარჩენი ადამიანები არიან 60 წელს მიღწეული ან უფრო ხნიერი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ წარუმატებელი ორგანიზაცია, რომ ლიკვიდაციას დავექვემდებაროთ. ჩვენი ინსტიტუტი საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინსტიტუტი საერთაშორისო გრანტების ხარჯზე გადარჩა. ყველაზე რთულ დროს სწორედ საერთაშორისო გრანტებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ გადაგვერჩინა სამეცნიერო კონტიგენტი. მას შემდეგ, რაც ჩვენთან ეროვნული ფონდის გრანტებიც შემოვიდა, შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა და ამის ფონზე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობთ.
- ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერების დაფინანსება საკმაოდ მცირე თანხებით ხდება. ამ პირობებში როგორია სახელმწიფოს მხრიდან თქვენი ინსტიტუტის და საერთოდ მეცნიერების მიმართ არსებული დამოკიდებულება და გაქვთ თუ არა რაიმე კერძო დაფინანსება? ამ მხრივ როგორია მსოფლიოში არსებული გამოცდილება?
- ჩვენი დღევანდელი მეცნიერება, საბჭოთა პერიოდში, გერმანულ ტექნოლოგიებზე ჩამოყალიბდა. ჩვენ სკოლის პროგრამაც გერმანული გვქონდა. იგი ორიენტირებული იყო სწრაფ განვითარებაზე. საბჭოთა კავშირი, ძალიან სწრაფად დაეწია ევროპას და დაეწია ამერიკას. დაეწია და გაუსწრო იმ მასიურობით და სკოლით, რომელიც გადმოიღეს გერმანიიდან.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე მომგებიანი არის ამერიკული მოდელი, მაგრამ ისტორიულად ამერიკული მოდელი გულისხმობდა სხვა ტიპის განვითარებას. მათთან განვითარებულია საუნივერსიტეტო მეცნიერება. იქ ინსტიტუტები ძალიან ფართომასშტაბიან კვლევებს ეწევიან, როგორც კერძო დაფინანსებით, მიუხედავად იმისა, უნივერსიტეტი არის კერძო თუ არა, ისე სახელმწიფო დაფინანსებით. ნებისმიერ კვლევის ჩატარების მსურველ პირს შეუძლია მოიპოვოს საჭირო რესურსები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო. იგივე ამერიკაში არის სახელმწიფო კვლევითი სისტემა შექმნილი. ერთ ლაბორატორიაში 10 000 და მეტი ადამიანია დასაქმებული. ამას ლაბორატორია ჰქვია, მაგრამ რეალურად არის ინსტიტუტების სისტემა. ხშირად მსხვილ კომპანიებთან არსებულ მეცნიერულ განყოფილებებშიც კი იდება სახელმწიფო ფული. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ლიბერალური ქვეყანაა და ყველგან კერძო ფული მუშაობს, ეს ასე არ არის. სახელმწიფო საკმაოდ აქტიურად დებს ფულს მეცნიერებაში და მის განვითარებაში. ამ მხრივ ევროპა უფრო მრავალფეროვანია. მაგალითად გერმანიაში არის ძალიან საინტერესო სისტემა. დაახლოებით 2 წლის წინ გერმანიამ მხოლოდ მეცნიერებაზე და ინოვაციებზე 61 მლრდ. ევრო დახარჯა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ გერმანია ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. ევროპაში წარმოებული სასაქონლო პროდუქტის და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების 40% სწორედ გერმანიაში იქმნება.
- როგორც ახსენეთ, განვითარებულ ქვეყნებში მეცნიერებას საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა და მისი განვითარებისთვის ბიუჯეტიდანაც დიდი თანხები გამოიყოფა. რამდენად ამართლებს მეცნიერებაში ჩადებული ფული, ანუ რამდენად რენტაბელურია ეს პოლიტიკა და რა როლს ასრულებს მეცნიერება ქვეყნის განვითარებაში?
_ 1993 წლიდან ევროკავშირმა დაიწყო პოლიტიკის გატარება, რომელიც მიზნად ისახავდა არსებული ცოდნის უკეთესად გამოყენებას. 2000 წლის მარტში ლისაბონში გადაწყდა, რომ ევროპამ უნდა ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ეს საკმაოდ ინოვაციური წინადადება, რომლის თანახმადაც, ეკონომიკა განვითარებისთვის კი არ უნდა განვითარდეს, არამედ ეკონომიკა უნდა განვითარდეს ისე, რომ მაქსიმალურად ითვალისწინებდეს მეცნიერულ მიღწევებს. ლისაბონის სამიტის მიხედვით, პრიორიტეტული გახდა კონკურენტუნარიანი სისტემების შექმნა, რომელიც ღირსეულ სამუშაო ადგილებს შექმნის. ენერგეტიკა იქნება, წარმოება, ტრანსპორტი თუ ბირთვული კვლევები, ყველაფერი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე.
და მაინც, რის ხარჯზე ვითარდება ევროპა და რატომ ჩამოვრჩებით ჩვენ? ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც კი ევროკავშირი ჩამოყალიბდა, მათ დაიწყეს მეცნიერების განსაკუთრებით ისეთი დარგების მუდმივად მზარდი დაფინანსება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ევროკავშირს ბევრ ქვეყანაში. ამასთან, ევროპა განიცდის სამეცნიერო კადრების დეფიციტს. ეს დეფიციტი ჯერ კიდევ 2001 წლის კვლევებმა აჩვენა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ყოველ 1000 დასაქმებულზე მოდიოდა 5 მეცნიერი, ამერიკაში იყო 7, ხოლო იაპონიაში 9. სწორედ ამის პროპორციულია განვითარების ტემპებიც. ევროპა მუდმივად ცდილობს მოიზიდოს განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. ამ დროს კი ჩვენთან მეცნიერების დაფინანსების მხრივ ძალიან სავალალო ვითარებაა. ამის თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად გეტყვით, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ ეს არ ასახულა მეცნიერების დაფინანსებაზე. ქართველი მეცნიერებისგან ითხოვენ, რომ მათ წარმოადგინონ იგივე პარამეტრები, რაც გააჩნიათ წამყვან ქვეყნებში, მაგრამ ეს როგორ უნდა მოახერხონ არსებული დაფინანსებით, გაუგებარია. დოლარების შკალაში თუ გადავიყვანთ ჩვენს და მათ შედეგებს, ჩვენი საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ თუკი აბსოლუტურ შკალაში გადავიყვანთ მაჩვენებელს, თუ ერთ მეცნიერზე რამდენი სამეცნიერო ნაშრომი მოდის, ნამდვილად სავალალო მდგომარეობა გვაქვს. ასე რომ, დღეს საკმაოდ მძიმე ვითარებაა. კერძო თანხები კი ქართულ მეცნიერებაში საერთოდ არ შემოდის. შეიძლება შემოდის, მაგრამ ეს პროცესი იატაკქვეშაა გადასული. თუ კერძო ბიზნესმენს რაიმე სჭირდება საკუთარი წარმოებისთვის, მას ურჩევნია, რომ აიყვანოს ცალკეული მეცნიერი, ისე რომ ინსტიტუტთან არ გააფორმოს კონტრაქტი.
- მიმდინარე წლის ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ დაბალი იყო აბიტურიენტთა ცოდნის დონე. როგორ ფიქრობთ რით იყო ეს გამოწვეული?
- ეს სავალალო შედეგი არის ბუნებრივი, რომელიც გამოწვეულია ლომაიას რეფორმით. ეს არის იმის შედეგი, რაც ჩაიდო სკოლის რეფორმაში. ახლა გვყავს აბიტურიენტების ის კონტიგენტი, რომელიც მომზადდა ახალი სისტემით. იმ ბავშვებს, რომლებიც ძველი სისტემით მზადდებოდნენ, ინერციით ჯერ კიდევ ჰქონდათ გარკვეული ცოდნა, ახლა კი მოდის ლომაიას რეფორმის შედეგად მომზადებული კონტიგენტი, რომელმაც არაფერი იცის. სკოლის რეფორმა უნდა გაეკეთებინათ სპეციალისტებს და არა იმ ხალხს ვისაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ სკოლასთან. შეიძლება ითქვას, რომ სკოლამ დაკარგა საკუთარი ფუნქცია.
- თქვენ ახსენეთ, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ მეცნიერებაზე ტექნოლოგიურ სიახლეებზე და ამის ისინი საკმაოდ სწრაფად ვითარდებიან. ჩვენი ხელისუფლება კი ბოლო წლებში აქცენტს ტურიზმზე და სოფლის მეურნეობაზე აკეთებს და მიაჩნია, რომ ეს ის დარგებია, რომლებმაც საქართველო განვითარებულ ქვეყანად უნდა აქციოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ეს პოლიტიკა და გეზი?
- დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია. კრიზისამდე კი შედარებით რთული იყო. ვიცით, რომ საბერძნეთს აქვს 300 მლრდ. ევროს დავალიანება. ეს იყო ქვეყანა, რომელიც ორიენტირებული იყო ტურიზმზე და სოფლის მეურნეობაზე. შედეგად კი მიიღო ის, რომ პირველივე ეკონომიკური რყევების შედეგად ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ეკონომიკური კრიზისის დროს ფულის მასა იკუმშება და მოსახლეობა გართობაზე, ტურისტულ მოგზაურობაზე და ა.შ. ნაკლებ ფულს ხარჯავს. საბერძნეთის ეს დავალიანება პრობლემებს უქმნის არამარტო ამ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს და აშშ-საც.
ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, ესპანეთის 5 წამყვანი კომერციული ბანკი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა. ჩვენ თუ ამ გზით მივდივართ, ჯობია რიგი ახლავე დავიკავოთ, რომ თუ ოდესმე მიგვიღებენ ევროკავშირში, ავტომატურად აღმოვჩნდებით იგივე მდგომარეობაში. იმ ქვეყნებში, რომლებიც ორიენტირებული არიან სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სახელმწიფო საკმაოდ დიდ ფულს დებს კერძო სექტორში. ჩვენთან კი სახელმწიფო ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს სოფლის მეურნეობის გადარჩენაზეც კი, საუბარი აღარაა მის განვითარებაზე.
რაც შეეხება ტურიზმს და ტურისტების შემოსვლას, ამ საკითხთან დაკავშირებით მახსენდება ხოლმე, თუ როგორ სთხოვს ვენეციის ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ არ გაუგზავნონ ბევრი ტურისტი და შეამცირონ მათი რაოდენობა, რადგან ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი არის ნაკლები, ვიდრე მათგან განცდილი ზარალი. უნდა შეფასდეს რამდენი ტურისტი უნდა მივიღოთ, რომ ამან ქვეყანას ზიანი არ მიაყენოს, როგორ შეიძლება ეკონომიკა განავითარო ისე, რომ ტურიზმის გაქრობის შემთხვევაშიც კი ამან ქვეყანას საგრძნობი ზიანი არ მიაყენოს. თუ გვინდა, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, ტურიზმიდან შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შემოსავლის 10%-ს.

ესაუბრა შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48