ნანახია: 430
ბაგრატის ტაძარს იუნესკოს, მსოფლიო კულტურული საგანძურის სიიდან ამოშლა ემუქრება
მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე, ბრაზილიის დედაქალაქში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესია გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობა განიხილეს. სესიაზე ქართველებისთვის საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადება გაკეთდა. "იუნესკომ” ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და მიმდინარე სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება მოითხოვა, რადგან ორგანიზაციის შეფასებით, იგი ეწინააღმდეგება როგორც ტაძრისთვის მინიჭებულ სტატუსს, ასევე ვნებს ძეგლის ავთენტურობას. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, "საფრთხის წინაშე მდგომი მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში" შეიტანა. "კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები”, - ნათქვამია "იუნესკოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. სპეციალისტთა უმრავლესობა კი არ გამორიცხავს, რომ სარესტავრაციოი სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ძეგლი შეიძლება "იუნესკოს” სიიდან ამოიღონ. ამ მოსაზრებას უფრო მეტად მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში ჩამოსული იუნესკოს მისიის მიერ ბაგრატის ტაძრის ე.წ. წითელ სიაში შეყვანა ამძაფრებს, რაც მის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს სათუოს ხდის, ამის შემდგომი ეტაპი კი, შესაძლოა მემკვიდრეობის სიიდან საერთოდ ამოშლა იყოს. თუ ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯები არ გადაიდგა, ეს ასეც მოხდება, რადგან "იუნესკომ” ცალსახად უარყოფითად შეაფასა ის პროექტი და ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ბაგრატის ტაძარზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით გაერთიანებული საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდა. ძეგლის რესტავრაცია საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წლიდან დაიწყო, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს. რესტავრაციისთვის 2010 წლის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი გამოიყო. პროექტმა, რომლის ავტორი ივანე გრემელაშვილია, საზოგადოებაში იმთავითვე მძაფრი რეაქცია გამოიწვია. განგაში კი მას შემდეგ ატყდა, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალიმ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა. მისი ინფორმაციით, ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებამ იუნესკოსთან პროექტის შეუთანხმებლად დაიწყო. გარდა ამისა, ამ სამუშაოებს არც ფართომასშტაბიანი კვლევა არ უძღვოდა წინ. ადრე გავრცელებული ინფორმაციითაც, ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობდა და იგი ტაძრისთვის გარკვეული საფრთხის შემცველი იყო, კონკრეტულად კი საუბარი დრელეების გამოყენებაზე იყო. მაშინ, ბაგრატის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა და ძეგლის რესტავრაციის დროებით შეჩერების წინადადებით გამოვიდა. ამასთან დაკავშირებით, 2009 წლის სექტემბერში საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. "რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც. აღნიშნულმა კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არსებული სიტუაცია და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაოების შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით”. ეს განცხადება ყურად არავინ იღო, ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები იმ დროისთვის კი შეაჩერეს, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა, რადგან მიმდინარე წლის 17 ივნისს სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ გაგრძელდა. რაც შეეხება საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ კომისიას იგი დღემდე არ შექმნილა. მიზეზი კი უცნობია. აღნიშნული საკითხი საზოგადოებაში იმთავითვე იმდენად დიდ ვნებათაღელვას და წინააღმდეგობას იწვევდა, რომ ამ საკითხს გასულ წელს მიხეილ სააკაშვილიც კი გამოეხმაურა - "ვიცი, რომ ბაგრატზე დიდი დავა მიდის, მაგრამ ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ტაძარი ორ წელიწადში არ აღდგება. ამ საკითხზე აზრს საერთოდ არ შევიცვლი. ბაგრატი უნდა აღდგეს, ბოლომდე დამშვენდეს და მთელი თავისი ბრწყინვალებით ისევ წარმოუდგეს საქართველოს”. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლებისთვის მთავარი ფასადური ეფექტია და არა იმ დიდი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, რომლის გამოც ბაგრატის ტაძარი წლების წინ მსოფლიო კულტურული საგანძურის სიაში მოხვდა. მართალია, სახელისუფლო მხარე, მედია-საშუალებებთან გაკეთებულ განცხადებებში, "იუნესკოსთან” თანამშრომლობაზე საუბრობს, მაგრამ ამ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით სხვათა აზრს იშვიათად თუ ითვალისწინებს. ამ დროისათვის უცნობია თუU რას გეგმავს ჩვენი ხელისუფლება პროექტის მომავალთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოპოვება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ვცადეთ, თუმცა როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა განგვიცხადა, სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელბი სრული შემადგენლობით შვებულებაში არიან, რის გამოც ვერ დაგვეხმარებიან. ხოლო ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელიც ბრაზილიაში გამართულ სესიას ესწრებოდა, პრესსამსახურის ცნობით საქართველოში არ იმყოფება. როგორც ჩანს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ყველანი ერთად გავიდნენ შვებულებაში. (მსგავს ფაქტს იშვიათად შეხვდება ადამიანი) კულუარული ინფორმაციით კი, საქართველოს მთავრობა ბაგრატის ტაძარზე რესტავრაციის შეჩერებას არ აპირებს და მიუხედავად "იუნესკოს” მოთხოვნისა, მშენებლობის აღებული გეზის გაგრძელებას აპირებს.
თეონა ჭიტაძე
|