ნანახია: 372
ზაფხულია და ხელისუფლება ყველა "შავი საქმის" მოსწრებას ცდილობს
10 აგვისტოს გარემოვაჭრეებს "შავი დღე" გაუთენდათ. პაპანაქება სიცხისაგან გათანგულები ხელისუფლებამ თვალს მოაფარა მათზე მზრუნველი ქალაქის მერია ურჩევს გარემოვაჭრეებს მტვერსა და ნაგავში ჯდომას, შევიდნენ სუფთა და კოხტა აგრარულ ბაზრებში და იქ ივაჭრონ. მერე რა, რომ იქ დღეში 5-7 ლარი უნდა გადაუხადონ ადმინისტრაციას და მოცემული ბაზრების მეპატრონეებს, ძირითადად ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. მერე რა, რომ ხშირად მათ ნავაჭრიდან სათავისოდ 7 ლარი არც კი რჩებათ. ნამდვილი მერისა და ლიდერის უნიკალური თვისებები და ალღო გამოამჟღავნა გიგი უგულავამ. მან რკინის არგუმენტები მოიმარჯვა და დასცხო ცხოვრებისგან გაპამპულებულ მოვაჭრეებს. თქვენაო, ენამზეობდა მიკროფონებთან უგულავა, მიმართავდა რა გარემოვაჭრეებს, 4000 ხართო, ბაზრობებში კი 15 000 ადამიანი ვაჭრობსო და იქ კიდევ 6000 ადგილი თავისუფალიაო. იქაურებმა მითხრეს, გარეულები აქ შემოიყვანე, თორემ ჩვენც გარეთ გავალთო. ეგენიო, ჩვენაო, კლიენტებს გვართმევენო. სამოქალაქო ომი გააჩაღა, რაღა! ჰოდა, გარეკეს. ღირსები არიან. განა აქამდე რატომ არ მოიფიქრეს, რომ ამ მტვერში და სიბინძურეში ჯდომას, სულაც ქარვასლაში ევაჭრათ. ეგ უტვინოები, ეგენი! ჰოდა, გიგიმ დააკვალიანა... ამიერიდან გიგი და სხვა "ნაცმოელი გრანდები" აღარ შეწუხდებიან თავიანთი ფეშენებელური მერსედესების ფანჯრებიდან ქუჩაში ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამჯდარი საწყალი ხალხის დანახვით. "არაფერი არ გვინდა, უგულავა მერია”. ჰოდა, რომ გეუბნებათ, წადით ახლა სახლში!
ლევან ლიქოკელი
|