ნანახია: 710
დანაშაულის პრევენცია თუ ხალხის ჯიბიდან ბიუჯეტის შევსების მორიგი გეგმა
რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ამნისტია, რომელიც იმ გადაუხდელ ადმინისტრაციულ ჯარიმებს შეეხო, რაც 2009 წლის 15 ივნისამდე დაგროვდა, 1 აგვისტოდან უკვე ჯარიმების გაზრდით შეიცვალა. მაშინ სახელმწიფომ უარი დაახლოებით 12 მილიონზე თქვა. სამაგიეროდ, ახალი საჯარიმო სისტემა ბიუჯეტს მოკლე ხანში უფრო მეტი თანხით შეავსებს. კანონპროექტით იზრდება ჯარიმების ოდენობა სატრანსპორტო საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვისთვის, ღვედის გამოუყენებლობისთვის, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული შემოწმების თავის არიდებისთვის, შუქნიშნის დაუმორჩილებლობისთვის და ა.შ. გადამეტებული სიჩქარე კანონპროექტში ნახსენები არ არის. ასევე მკაცრდება კანონი ესკორტის მოძრაობის ხელის შეშლილისთვის. აქამდე მოქმედი ნორმით ეს იწვევდა მართვის უფლების ჩამორთმევას 6 თვის ვადით. ხოლო უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს 300 ლარით აჯარიმებენ. 1 აგვისტოდან კი აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი, 300 ლარის ნაცვლად, 500-ით დააჯარიმებენ. ეს არ ეხება იმ უცხოელს, რომელიც საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, იმუნიტეტით სარგებლობს. მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ისეთ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გამოიწვევს მძღოლის 40 ლარით დაჯარიმებას (აქამდე ჯარიმა 20 ლარი იყო). მანქანის მართვისას მთვრალ მდგომარეობაში მძღოლი, 150 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდება. ხოლო ტრანსპორტის სამართავად გადაცემა მთვრალი პირისათვის, 170 ლარის ნაცვლად, 250 ლარით დაისჯება. თანხის გადახდის შემთხვევაში, ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება შესაძლებელია. მიღებული ცვლილების თანახმად, "ჯარიმის და/ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება შეიძლება გაუქმდეს და სამართალდამრღვევს მართვის მოწმობა დაუბრუნდეს". ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირი მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 1000-ლარიან ჯარიმას. კანონპროექტის მომხრეა არასამთავრობო ორგანიზაცია "დაცული მოძრაობა", მისი ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის აზრით, მაშინ როდესაც საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლით მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა, მსგავსი კანონპროექტი მხოლოდ დადებითის მომტანია. ამ ცვლილებების არგუმენტად მთავრობა დანაშაულის პრევენციას ასახელებს. თუმცა რის მიხედვით გაზარდეს და დააწესეს ეს ნორმა - უცნობია. "ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა. მიზანი არის ადამიანის სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ამ ინიციატივით გვინდა, რომ შევამციროთ ის მსხვერპლი, რაც სიმთვრალის და სხვა წესების დარღვევების გამო გზებზე ხდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ჯარიმების ამნისტია ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, ახლა კი მისი გაორმაგებით, ამ თანხების ამოღებას და ბიუჯეტის შევსებას ცდილობენ. მათი თქმით, ჯარიმების გამკაცრება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მხოლოდ იმაზე საუბრობს, თუ როგორ შეამციროს გადასახადები, წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის 2009 წლის პირველ 5 თვეში 1421, 2010 წლის 5 თვეში კი 1166 პირი დაარეგისტრირეს. რამდენად იმოქმედებს გაზრდილი ჯარიმის ოდენობა მძღოლებზე და რამდენად მოხდება დანაშაულის პრევენცია, უახლოესი თვეების სტატისტიკა გვიჩვენებს. ასევე, ნათლად გამოჩნდება, რა თანხა შევა ბიუჯეტში ამ დამსჯელი ღონისძიებების გატარების შედეგად. ერთი კი უდავოა - აგვისტოში ტემპერატურის მატებასთან ერთად, ლუდით გაგრილების ცდუნებაც იმატებს და თუ აქამდე ამისთვის 150 ლარით დაგაჯარიმებდნენ, ამის შემდეგ ამ თანხაზე კიდევ 50 ლარის დამატება დაგჭირდებათ.
ნინო თამაზაშვილი
|