ნანახია: 548
სომეხი დიდვაჭრის – თამამშეvის ქონებას "სმორნოვების მუზეუმი" "კავკასიურ სახლს" ართმევს
ხელისუფლება "კავკასიური სახლის" შენობას საპრივატიზაციოდ ამზადებს, რომლის მფლობელიც, სავარაუდოდ, ის დაინტერესებული ჯგუფი იქნება, რომელსაც ორგანიზაციის შენობის დასაკუთრების სურვილი წლების მანძილზე არ ასვენებს. საუბარია "რუსული კლუბის" ინტერესებზე, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არსებობს. როგორც ჩანს, "კავკასიური სახლის" ირგვლივ დაწყებული მანევრები ბოლომდე მივა, ეს კამპანია პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ხელისუფლება ცდილობს "რუსული კლუბის" ინტერესების დაცვით, რომელიც ამჟამად გრიბოედოვის თეატრის შენობაშია განთავსებული, რუსეთს კეთილგანწყობის ჟესტი გაუკეთოს. "კავკასიური სახლის" დონორ ორგანიზაციას, გერმანულ ფონდ "ჰორიზონტსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, "კავკასიურ სახლს" ფონდის მიერ აღდგენილ შენობაში შეავიწროებენ და აიძულებენ იგი დატოვოს, საქმეს ჰააგის სასამართლო განიხილავს. სწორედ "ჰორიზონტმა" უზურნველყო 1998-99 წლებში "კავკასიური სახლის" გალაკტიონის #20-ში მდებარე შენობის სრული რესტავრაცია მხოლოდ იმ პირობით, რომ მასში "კავკასიური სახლი" იქნებოდა განთავსებული, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპული ფონდის წარმომადგენლობა, ჯერ-ჯერობით, საკითხის გადაწყვეტას სასამართლო გზით არ აპირებს და თბილისში "კავკასიური სახლის" გადარჩენის მოთხოვნით გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტის შედეგს ელოდება. "ჰორიზონტმა" ხელისუფლებას უკვე შესთავაზა ალტერნატიული წინადადება და მიუთითა, რომ მთელი შენობა "კავკასიურ სახლს" უნდა დაუმტკიცდეს, გარდა იმ ფართისა, სადაც ამჟამად განთავსებულია "სმირნოვების მუზეუმი". წინააღმდეგ შემთხვევაში, ფონდი საქართველოს მთავრობისგან "კავკასიური სახლის" შენობის რესტავრირებისთვის დახარჯული ნახევარ მილიონზე მეტი დოლარის დაბრუნებას მოითხოვს, როგორც ჩანს, უკვე სასამართლო წესით. "კავკასიური სახლის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ნაირა გელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება "ვარდების რევოლუციიდან" მოყოლებული მიზანმიმართულად ცდილობს დისკრედიტაცია გაუკეთოს "კავკასიური სახლის" საქმიანობას, რომლის ბოლო გამოხატულებაცაა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 25 ივლისის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, არსდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სმირნოვების მუზეუმი" და იგი ცხადდება "კავკასიური სახლის" უფლებამონაცვლედ ისე, რომ ამის შესახებ დღემდე არც ერთი ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა. ისტორია ასეთია: სადაო შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს ცნობილმა მეწარმემ, პიველი გილდიის ვაჭარმა, თბილისელმა სომეხმა თამამშევმა ააშენა და თავის ქალიშვილს მზითევში გაატანა, რომელიც ცოლად გაჰყვა საქართველოში პეტერბურგიდან ჩამოსახლებულ მიხეილ სმირნოვს. მიხეილ სმირნოვმა თბილისში თან ჩამოიტანა თავისი ოჯახის, კერძოდ, თავისი დედის, ალექსანდრე სმირნოვა - როსეტის ლიტერატურული სალონის ავეჯი, ხელოვნების საგნები, უძვირფასესი ბიბლიოთეკა, თუმცა ცხოვრების ძნელბედობიდან გამომდინარე, სმირნოვ-თამამშევების თანდათან კარგავენ ქონებას, აგირავებენ და ნაწილს ყიდიან, კომუნისტური ხელისუფლების დროს მთავრობამ შენობაში "მშრომელებიც" შეასახლა. 1985 წელს უკანასკნელი სმირნოვი გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება ანდერძით დაუტოვა საქართველოს, კერძოდ, "მთარგმნელობით კოლეგიას", რომლის ბაზაზეც 1993 წელს საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - "კავკასიური სახლი" შეიქმნა. ნაირა გელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და რუსული ორიენტაციის ჯგუფების ურთიერთკავშირს შენობის წართმევასთან დაკავშირებით, თავიდანვე ტენდენციის სახე მიეცა. ჯერ იყო და რუსულენოვანი მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა სახლის საკუთრებაზე პრეტენზია იმ მოტივით გამოთქვა, რომ შენობა თავიდანვე რუსული წარმომავლობის პირს ეკუთვნოდა. ნაირა გელაშვილის თქმით, მაშინ მოთხოვნას საქართველოს კულტურის სამინისტროში ქომაგებიც გამოუჩდნენ, მაგრამ ანტისამართლებრივი მოთხოვნის გამო თემა დროებით დაიხურა. მოგვიანებით, რუსი დიპლომატი სერგეი მირონოვი გამოდის ინიციატივით, "კავკასიური სახლი" "რუსულ სახლად" გადაკეთდეს, დაფინანსდეს რუსული ფულით, მაგრამ იდეა გაუზიარებელი დარჩა. კამპანია გრძელდება რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებშიც, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული "კავკასიური სახლი" ანტირუსული ორგანიზაციაა, ეს განცხადებები კი ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ორგანიზაციამ ჩეჩნეთიდან დევნილები შეიფარა. 2008 წლის გაზაფხულზე რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია "სმირნოვების მუზეუმის" განადგურების შესახებ და "კავკასიურ სახლს" ბრალი დაედო "სმირნოვების მუზეუმში" შეჭრა. ნაირა გელაშვილის თქმითვე, აგვისტოს ომამდე ხელისუფლებიდან გამოჟონა ინფორმაციამ "კავკასიური სახლის" მთელი შენობის ან მისი ნაწილის მთავრობის მიერ რუსეთისთვის გადაცემის და იქ "რუსული კულტურის ცენტრის" მოწყობის შესახებ, სადაც "რუსული კლუბი" განთავსდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა პროცესი შეაჩერა, თუმცა ნაირა გელაშვილი ამბობს, რომ ვერც საქართველოს ოკუპაციამ შეაფერხა შენობასთან დაკავშირებული რუსული ინტერესების ლობირება. ახლახანს "რუსულმა კლუბმა" და საქართველოს კულტურის სამინისტრომ ერთობლივად გამოსცეს ალბომი "სმირნოვების მუზეუმი", სადაც არაფერია ნათქვამი "კავკასიური სახლისა" და ევროპული ფონდების როლზე მუზეუმისა და მთელი შენობის გადარჩენის საქმეში. ნაირა გელაშვილის შეფასებით, "ამას მართლა შეიძლება ეწოდოს "იმპერიული თავხედობა და უმადურობა", რომელიც დაწყვილებულია ქართულ ინსტინქტთან: შეეკრას ნებისმიერ ძალას პირადი მიზნის მისაღწევად, იმის გასანადგურებლად, რაც მას ხელს თუ ნერვებს უშლის, რისი შექმნაც თავად არ შეუძლია".
ნაირა გელაშვილი ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას "რუსული კლუბის" თანამშრომელი და ჟურნალ "რუსკი კლუბის" რედაქტორი ბატონი ალექსანდრე სვატიკოვი ლამის კულტურის სამინისტროს თანამშრომლად იქცეს. ის იქ არის, იქ მოღვაწეობს, მას უსმენენ, რჩევას ეკითხებიან და ეს კარგა ხანია უკვე ასეა. ეს პიროვნება დიდი ხანია იბრძვის "კავკასიური სახლის" წინააღმდეგ და წლების მანძილზე მისი მთავარი მოკავშირე კულტურის სამინისტროა, კერძოდ, სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანელი ინგა ქარაია, რომელიც "კავკასიური სახლის" მიმართ სიძულვილითაა ცნობილი. სამინისტროში იქმნება ერთგვარი მოიერიშე ჯგუფი, მისი მიზანი "კავკასიური სახლის" განადგურებაა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ორჯერ შემოიჭრა ჩვენს შენობაში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ხდება ღამით, როცა სამსახურში, დაცვის გარდა, არავინაა. 2005 წელს ორგანიზაციას სრულიად გაუფრთხილებლად უწყვეტენ ე.წ. "პროგრამულ დაფინანსებასაც". ამასთან, 26 ივლისამდე, სამინისტროს დალუქული ჰქონდა "სმირნოვების მუზეუმი", რასაც ახლა პასუხად მოსდევს "კავკასიური სახლის" ფაქტობრივი გაუქმების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება. როგორც წესი, ახლაც საქმეში "რუსული კლუბი" ჩაერთო, რომელმაც ჩვენი დაცვა გააფრთხილა, რომ "კავკასიური სახლის" შენობა უკვე გაყიდულია და თანამშრომლებს არცერთი ნივთი აღარ გაატანონ აღუნუსხავად. კულტურის სამინისტროდან მოდის ცნობა, რომ აპირებენ შენობიდან იძულების წესით გაიყვანონ თანამშრომლები და ყველაფერი დალუქონ. ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების ტექსტი კულტურის სამინისტროში შეადგინეს და ისიც, რომ პრეზიდენტი, თითქოსდა, ახლა შეცდომაშია შეყვანილი, რადგან მას დაუმალეს, რომ "კავკასიური სახლისთვის" შენობის წართმევით, საქართველო მორიგ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა", – აცხადებს ნაირა გელაშვილი. ძნელია იმის თქმა, როგორ გადაწყდება პრობლემა და რა მიზნებს ემსახურება "კავკასიური სახლის" დისკრედიტაცია. ექსპერტულ წრეებში გავრცელდა აზრიც, რომ "კავკასიური სახლის" შენობიდან გასახლება ორგანიზაციის მხრიდან ამ შენობის საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიისთვის დათმობის გამო გადაწყდა, რომელმაც ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტის ალტერნატიული დოკუმენტი მოამზადა.
არჩილ კაიკაციშვილი
|