ნანახია: 735
მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და აგვისტოში გადატანილი ომის შემდეგ, მთავრობა, ოპოზიცია და ქართველი ექსპერტები საქართველოში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას ერთხმად ადასტურებენ. საქართველოს ხელისუფლებაში მოვლენების უფრო პოზიტიურ განვითარებას ელიან და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კერძო სექტორში შემცირებების პროცესი უკვე დაიწყო, 2009 წლის ბიუჯეტში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინფრასტრუქტურული პროექტები დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ალტერნატივად განიხილება. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მომავალ წელს მთავრობის პრიორიტეტი "სამუშაო ადგილების გადარჩენა და შენარჩუნებაა". 2008 წლის ეკონომიკური შეფასებებითა და მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტებზე "ბფ"-ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ მელიქიშვილი ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ განვლილ წელს საქართველოს ეკონომიკაში. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა?
- 2008 წელი, საქართველოს ეკონომიკაში ძალიან კარგი ტენდენციებით დაიწყო. თუმცა აგვისტოში, რუსული აგრესიის შემდეგ, პირველი დარტყმა ქართულ ეკონომიკას მიადგა. რუსული აგრესიის მიზანი არა მარტო მშვიდობიანი მოსახლეობა და საჯარისო შენაერთები გახლდათ, არამედ საქართველოს ეკონომიკური არტერიებიც. ამ ზიანს საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ანტიკრიზისული გეგმით უპასუხა, რათა აღგვედგინა და დავბრუნებოდით იმ ეკონომიკური განვითარების დონეს, რაც იყო აგვისტომდე. ამ ყველაფერს შემდგომში მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაერთო, რამაც ქართულ ეკონომიკაზე გარკვეული ზეგავლენა იქონია. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე მიმართულებით დაიწყო მუშაობა. პირველი ეკონომიკური პოტენციალის უფრო მეტი ამოქმედებისთვის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმტკიცება გახლავთ. კერძოდ, აგვისტოს შემდეგ, ეროვნული ბანკის მეშვეობით საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის, გარკვეული შეღავათები დაწესდა. სებმა კომერციულ ბანკებს მინიმალური სარეზერვო ფონდის მაჩვენებელი შეუმცირა. 2008 წლის მნიშვნელოვან მოვლენად, ბრიუსელის დონორთა კონფერენციას ვასახელებ, სადაც თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მხრიდან, საქართველომ 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარება მიიღო. გარდა ამისა, ამ წელს დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების საკითხებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და ის უახლოეს მომავალში ქართული ეკონომიკისთვის შედეგს უთუოდ მოიტანს.
- რა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები მომავალ წელს?
- ჩვენთვის პრიორიტეტი გახლდათ, რომ საქართველოს ბიუჯეტი ქართული ეკონომიკის შესატყვისად აგვეგო. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბიუჯეტის პირველი ვარიანტი მთავრობას უკან დაუბრუნა, რადგანაც ბიუჯეტის დაგეგმარებისას შენიშვნები, გარდა სოციალური საკითხებისა, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც გაგვაჩნდა. ამჟამად, ჩვენი შენიშვნები მათი მხრიდან გათვალისწინებულია. მომავალ წელს საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ცნობილი სიტყვები "გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ არსებული სამუშაო ადგილები" შევასრულოთ. ამასთან, მიმდინარეობს დამატებითი ინვესტიციების მოძიება. გარდა ამისა, უნდა ვეცადოთ, რომ ქართული ეკონომიკა ინვესტორებისთვის უფრო ლიბერალური და მიმზიდველი გახდეს.
- მაინც როგორ აპირებს მთავრობა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას?
- 2009 წლის ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან ბევრ ადამიანს დაასაქმებს. ბიუჯეტში გზების მშენებლობაზე 500 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ეს არის უამრავი ადამიანისთვის დასაქმების ერთ-ერთი წყარო. ასე რომ, ბიუჯეტში გარდა სოციალური პრობლემატიკისა, გარკვეულწილად უმუშევრობის პრობლემაც არის გადაწყვეტილი.
- ანუ მომავალ წელს საქართველოში უმუშევრობის ზრდას არ უნდა ველოდოთ? - იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ეკონომიკა ჩართულია გლობალურ სისტემაში, რა თქმა უნდა, უმუშევართა რიცხვის ზრდა მოსალოდნელია. კერძო სექტორში, ზოგან შემცირება გარდაუვალია. თუმცა, 2009 წლის ბიუჯეტში ჩადებული ინფრასტრუქტურული პროექტები ერთგვარი ალტერნატივაა იმისა, რომ ადამიანი უმუშევრად არ დარჩეს.
- ზოგჯერ ხუმრობენ ხოლმე, რომ საქართველოს ეკონომიკა არ გააჩნია და შესაბამისად, გლობალური ფინანსური კრიზისი ვერას დაგვაკლებსო...
- ეს ადამიანები ასევე ხუმრობდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ ფასადები იღებება, არანაირი ბინათმშენებლობა არ არსებობს და ქართული ეკონომიკა არ ვითარდება. უკვე აგვისტოს შემდეგ, იგივე ადამიანები პროგნოზირებენ, რომ სამშენებლო ბიზნესიდან 100 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩება. ვკითხულობ, თუ ეს სამშენებლო ბიზნესი არ არსებობდა, მაშინ საიდან რჩება ხალხი უმუშევარი? დღეს, სამშენებლო ბიზნესს პრობლემები აქვს, მაგრამ შეგიძლიათ, გახვიდეთ ქუჩაში და ნახავთ, რომ ზოგიერთი კომპანია მუშაობას აგრძელებს, ზოგიც გაჩერებულია. ზოგიერთმა ბანკმა თანამშრომლები 5% შეამცირა, ზოგიერთმა არა და არც აპირებს. აგვისტოს ომის შემდეგ, ბანკების ასოციაციასთან თითქმის ყოველ მეორე დღეს მქონდა შეხვედრა. ექსპერტები იმასაც ამბობდნენ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არ გააჩნია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი საბანკო სისტემა გვქონია. ყველა ეკონომისტს მოვუწოდებ, შეფასებების დროს დარჩნენ ეკონომისტებად და პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავი შეიკავონ.
- როგორ შეაფასებთ ეროვნული ბანკის მუშაობას 2008 წელს?
- ეროვნულმა ბანკმა მთავრობის ნდობა დაიმსახურა. აგვისტოს შემდეგ, საბანკო პრობლემებთან მიმართებაში ეროვნულ ბანკს მთავარი მაკოორდინირებელი როლი ჰქონდა. თუკი ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს სებთან, ან მის პოლიტიკასთან ლარის კურსთან მიმართებაში, ჩვენ პარლამენტში ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშის მოსმენა გვექნება, სადაც ღია განხილვებს ჩავატარებთ. სიმართლე გითხრათ, წინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დამოკიდებულება ეროვნულ ბანკთან მიმართებაში არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სების მიმართ აბსოლუტურ ნდობას ვაცხადებთ.
ესაუბრა მარიამ შონია
|