ნანახია: 654
გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებით იყო დატვირთული. არჩევნები, აგვისტოს ომი და ეკონომიური კრიზისი ქვეყნის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა, გაჩნდა უამრავი გადაუჭრელი პრობლემა. ექსპერტების აზრით, გაზრდილი პოლიტიკური რისკების გამო, ქართული ეკონომიკა კიდევ კარგა ხანს ვერ გამოვა კრიზისიდან. 2008 წლის ძირითად პოლიტიკურ-ეკონომიურ მოვლენების შესახებ გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი: - ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ძირითადი და ყველაზე ცუდი მოვლენა ქვეყნის მასშტაბით აგვისტოს ომი გახლდათ, გლობალური მასშტაბით კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. პრობლემები წლის დასაწყისიდან, 5 იანვრის საეჭვო რეპუტაციის არჩევნებიდან მოყოლებული, დაიწყო და ვარდნის პროცესი წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ხელისუფლების მხრიდან არადემოკრატიულ ნაბიჯებს თან აგვისტოს მოვლენები დაერთო, რამაც პოლიტიკური რისკები საკმაოდ გაზარდა. ამას შემდგომ გლობალური კრიზისი მოჰყვა, რამაც განსაკუთრებით გაართულა მდგომარეობა და წლის ბოლოსთვის პრობლემების მთელი ბუკეტი მივიღეთ, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური. ქვეყანა სოციალური და ჰუმანიტარული კატასტროფის პირას დადგა. - ოკეანესიქეთა და აქეთა მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, რთული მდგომარეობაა წამყვან, წარმატებულ ბრენდკომპანიებში, ათასობით ადამიანი უმუშევარი რჩება, როგორ აისახა და აისახება კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზე? - რაც შეეხება ეკონომიკას, ჯერ კიდევ გაზაფხულზე სავსებით ცხადი იყო, რომ სერიოზული დაძაბულობა იყო საბანკო და სამშენებლო სექტორში, ზოგადად რეალური სექტორი არ ვითარდებოდა. ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი 36%-მდე აწიეს და პრაქტიკულად კრედიტების გაცემა შეაჩერეს, სამშენებლო სექტორში მიწოდება უკვე ბევრად აჭარბებდა მოთხოვნებს, რადგან აქაც გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნეოდა. ეს ყველაფერი ძალიან გაამძაფრა აგვისტოს ომმა. რაც შეეხება ზოგადად საინვესტიციო გარემოს, ვთვლი, რომ არც მანამდე იყო განსაკუთრებულად სახარბიელო მდგომარეობა და ამის შედეგი იყო ის, რაც ხდება საინვესტიციო რუქაზე, ანუ ცივილიზებული კაპიტალი ამ ქვეყანაში არ შემოდის, მხოლოდ პოლიტიკურად სუბსიდირებული ან გაუმჭვირვალე, ოფშორული, კორუფციული კაპიტალი - ეს არის ჩვენი საინვესტიციო რუქა. აგვისტოს ომის შემდეგ, ის პროექტებიც კი, რაც მანამდე იყო დაგეგმილი, სამწუხაროდ, მინიმუმ შეჩერდა და მაქსიმუმ, ალბათ, უნდა გამოვემშვიდობოთ მაღალი პოლიტიკური რისკების გამო. ზოგადად ეკონომიკაში შემოსულია საკმაოდ მაღალი პოლიტიკური რისკები, რაც ფაქტიურად არ აძლევს მას განვითარების საშუალებას. ქართული ეკონომიკა, თუ ამას შეიძლება ეკონომიკა ეწოდოს, იმყოფება თავისუფალი ვარდნის რეჟიმში და ჯერჯერობით, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ფაქტორებს, რამაც შეიძლება ეს ვარდნა შეაჩეროს. ეს პრაქტიკულად ყველა სეგმენტს შეეხო, მათ შორის ვაჭრობის სფეროსაც, რადგანაც ბრუნვები სერიოზულად შემცირდა. მართალია, ეს პროცესი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოში არსებული მდგომარეობა გლობალური კრიზისის მიზეზი არ არის, ცოტა უფრო სხვა მიზეზებია. ასე რომ, ჩვენს ეკონომიკას ცოცხალი, პერსპექტიული ადგილი ჯერჯერობით არ აქვს. - მიუხედავად გასული წლის რთული მოვლენებისა, როგორ მიგაჩნიათ, რა პერსპექტივები აქვს საქართველოს 2009 წელს? - ძალიან რთულია, ამაზე საუბარი. პოლიტიკური რისკი მაღალია და მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური სიტუაცია დიდწილადაა დამოკიდებული პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე. ამ მხრივ, იმდენად დაძაბულია მდგომარეობა, რომ სისტემური ცვლილებების მიუხედავად, ეკონომიკაში შედეგის მიღებაზე საუბარი ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება რამე დამაიმედებელი განცხადების გაკეთება. - ოპოზიციური სპექტრი აქტიურად საუბრობს ვადამდელ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე, ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის მოსაზრებით, დღევანდელი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარება გაუმართლებელია. როგორ ფიქრობთ, რეალურად მოუტონს თუ არა ეს დიდ ეკონომიურ ზარალს ქვეყანას? - არჩევნები, რა თქმა უნდა, არ არის პანაცეა. არჩევნების გზით რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ და რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს, ვიდრე დღეს არის, არ მგონია. თუმცა, თუ იქნება საზოგადოების მოთხოვნა სისტემური ცვლილებების შესახებ, ეს შეიძლება არსებულ ხელისუფლებასაც მოსთხოვო ან ხელისუფლების ცვლილებით მოახდინო ყველაფერი. საზოგადოებაში არსებობს ასეთი აზრი, რომ შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება ხელისუფლების ცვლილების გარეშე. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ობიექტური აუცილებლობა გახდება არჩევნების ჩატარება, რათა კიდევ ერთხელ არ მივიღოთ ვითარების რევოლუციური განვითარება.
ესაუბრა თამთა დადეშელი
|