ნანახია: 628
"მივდიოდით ევროპისკენ და აღმოვჩნდით აზერბაიჯანში - კონფედერაციის ნეტარი ზღაპარი"
3.5 მილიონი ქართველი 9.5 მილიონ აზერბაიჯანელთან ერთად, ერთ სახელმწიფოში
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტ ალიევს კონფედერაციის შექმნა შესთავაზა. ამ ფაქტზე კომენტარი ვთხოვეთ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს.
"საკმაოდ მოულოდნელი და არაორდინალური წინადადება წამოაყენა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს იდეა ახალი არ არის. ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პირობებში შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, რომელმაც არ გაამართლა და შემდეგ ბოლშევიკებმა დაშალეს. როცა, 90-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ კავკასიაში სისხლიანი ეთნოკონფლიქტები გაჩაღდა, ხოლო შემდეგ სუპერსახელმწიფოებმა ისინი "გაყინეს", ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული მაღალხელფასიანი მრჩევლები და ემისრები სხვადასხვა გზას სთავაზობდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და ხალხებს კონფლიქტების დასარეგულირებლად. მახსოვს, ერთ-ერთი იყო კონფლიქტების მოგვარება "ხაჭაპურის პრინციპით". მისი ავტორები ხატოვნად ამტკიცებდნენ, რომ რახან ხაჭაპური უყვართ როგორც აფხაზებს, ისე "სამხრეთელ ოსებს", ხოლო ქაბაბი უყვართ როგორც ერევანში, ისე ბაქოსა და თბილისში, რა თქმა უნდა, უყვართ ყარაბაღშიც, რა პრობლემაა ამ ეთნოკონფლიქტების მოგვარება - შევქმნათ ერთიანი "სამხრეთ კავკასია" და ამის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ხალხებს ერთმანეთთან აღარ ექნებათ ტერიტორიული დავები, ხოლო მთელ რეგიონში გამეფდება ძმობა, მეგობრობა და სიყვარული. განა მართლაც არ იყო დრო, როცა შესანიშნავი ქართველი პოეტი ამბობდა: "თბილისი, ბაქო და ერევანი, რა კარგი თქმაა, რა დიდებული, ეს ერთი ვაზის სამი მტევანი, ერთ მარანშია ჩაკიდებული!" იყო, ასეც იყო, მაგრამ ვიდრე ეს კარგი პოეტი ამ კარგ სტრიქონებს დაწერდა НКВД-მ სამგზის გადახნა ეს სამი ქვეყანა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირიქით. ამიტომ, ჩემო ბატონებო, ვიდრე ასეთ მაჟორულ წინადადებებს გავაჟღერებთ, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. მე თქვენს ყურადღებას მივაპყრობ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების ქვეტექსტს. კოლეგას მან მიმართა - ჩვენ იმდენად ახლო ურთიერთობები გვაქვს, ორ ქვეყანას, რომ დროა კონფედერაციულ კავშირზეც ვიფიქროთო. ასეა, მაგრამ ასეც არ არის. ჩვენ კი გვაწვდის ენერგომატარებლებს აზებაიჯანი და იაფადაც გვაწვდის, მაგრამ უჩვენოდ, ყოველ შემთხვევაში, სადღეისოდ, საქართველოს გარეშე მსოფლიო ბაზარზე ვერ გაიტანს. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით და 180-გრადუსიანი გეოპოლიტიკური ბრუნი გავაკეთეთ რუსეთიდან დასავლეთისკენ. ეს, სხვათა შორის, ორი ძველი გრანდის - ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარდნაძის დამსახურებაა. ახლა, როცა ამაზე საუბრობენ, ჰეიდარ ალიევს ახსენებენ, ედუარდ შევარდნაძეს არა... ერთია სტრატეგიული პარტნიორობა და მეორეა ერთ სახელმწიფოში ცხოვრება. ერთია ევროკავშირში გაერთიანებისკენ სწრაფვა, რომელიც, ფაქტობრივად, კონფედერაციად ყალიბდება, ერთ სახლემწიფოდ, ერთი მთავრობით, ერთიანი საგარეო პოლიტიკით, ერთი ვალუტით, ერთიანი ეკონომიკური სივრცით, ერთი ღირებულებათა სისტემით, ერთიანი საკანონმდებლო ნორმებით და მეორე, აზერბაიჯანთან ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ეს აშკარად ნაადრევია. არ ვაპირებ ამ თემის საფუძვლიან განხილვას, ერთ, მოკლე კომენტარში ამის გაკეთება შეუძლებელია. მე, უბრალოდ, "ბანკები და ფინანსების" მკითხველისთვის რამდენიმე მინიშნებას გავაკეთებ. აზერბაიჯანში, ახლახანს მეცხრე მემილიონე ბავშვი, მოქალაქე დაიბადა. ღმერთმა ამრავლოთ. საქართველოში ნახევარ მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ეროვნებით აზერბაიჯანელი, ჩვენი ძმები და თანამოქალაქეები. ემიგრაციის ძლიერი ტალღის შედეგად, რომელიც დღესაც გრძელდება, საქართველოში დღეს დაახლოებით 3.5 მილიონი ქართველი ცხოვრობს. კონფედერაციაში, როემლსაც აზერბაიჯანი და საქართველო შექმნიან, ყველა თანასწორი იქნება, მაგრამ 9.5 მილიონ აზერბაიჯანელთან ერთად იცხოვრებს 3.5 მილიონი ქართველი. ეროვნული ინტერესები აღარ არსებობს? საზოგადოებას აღარაფერს ვეკითხებით? სომხურ ფაქტორს საერთოდ აღარ ვითვალისწინებთ? თუ ყველაფერ ამაზე ჩვენს მაგივრად ამერიკელები და რუსები მოილაპარაკებენ? სხვათაშორის, რუსული ელექტრონული და ბეჭდვითი მედია ჩემთვის ბოლო დროს ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. ინტერნეტის მეშვეობით უნდა გაეცნო მასალებს და ასეც ვაკეთებ, მაგრამ დრო ცოტა მაქვს. ადრე გადავაწყდი ერთ-ორჯერ ასეთ რუსულ რჩევას და ესეც ნიშანდობლივია: სამხრეთ კავკასიაში უნდა შეიქმნას ერთიანი სახელმწიფო და რახან ამ ქვეყნებს აქვთ სეპარატისტული რეგიონების პრობლემა, ამ ერთიან, სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში უნდა გაერთიანდნენ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი, "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი. ცალ-ცალკე. ესეც დაახლოებით, "ხაჭაპურის პრინციპის" ვარიაციაა. სტალინი გამახსენდა, რატომღაც, არა გორში ახლახანს მისი ზეგლის დამხობის გამო. ომის შემდეგ მასთან სტუმრად ჩასული მაო ძე-დუნი ორი კვირა ალოდინა თავის აგარაკზე, მიდიოდა, იძინებდა იქ, მაგრამ მაოს არ ხვდებოდა. გადაირია დიდი ჩინელი და ერთხელაც შეხვდა სტალინს. ბევრი ისაუბრეს თუ ცოტა, მაომ უთხრა სტალინს - ჩინეთი და თქვენი ქვეყანა უნდა გაერთიანდესო. შეიქმნებოდა მილიარდ ორასმილიონიანი ქვეყანა, მილიარდი ჩინელით და ორასი მილიონი საბჭოთა ადამიანით. თავისი ეს მოსაზრება მაომ დიდი კონფუცის სიტყვებით დაასაბუთა, რომელიც დაახლოებით ამბობდა, რომ ერთიანობა მტრის დამარცხების საწინდარიაო. ამ ერთიანი ქვეყნის მმართველი ვინ იქნებაო, ჰკითხა სტალინმა. ვიდრე ცოცხალი ხართ, თქვენო, - მიუგო მაომ. დედაქალაქი სად იქნებაო, სტალინმა. დედაქალაქი სჯობს პეკინი იყოსო, მაომ. დიდი პაუზა გააკეთა გორელი მეჩექმის შვილმა, ჩიბუხი გააბოლა და თქვა: თქვენო, ამხანაგო მაო, ყველა დროისა და ხალხის უჭკვიანესი კაცი ბრძანდებით... კონფუცის შემდეგ, რასაკვირველიაო. თქვა სტალინმა, დაუმშვიდობებლად გავიდა საძინებელში და მერე აღარც შეხვედრია მაო ძე-დუნს... ქართულ დემოკრატიულ მედიაში არ ჩანს და არც არავინ გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, შეუშვეს თუ არა `ჰაიდელბერგ-ცემენტის~ პროდუქცია აზერბაიჯანში. არც იმას ამბობს ვინმე, გაუქარწყლდათ თუ არა აზერბაიჯანელებს ეჭვები, რომლებიც მოარულ ხმებს ეყრდნობა, თითქოს სომხური ცემენტი `ჰაიდელბერგის~ ტომრებში იყრება და აზერბაიჯანში შედის, ხოლო აზერბაიჯანული ნავთობი, რაღაც მანქანებით, სომხეთში ხვდება. იქეთ აზერბაიჯანი სუფსაში ახალი, გრანდიოზული ნავთობქიმიური კომბინატის აშენებას გეგმავს, რომელმაც ყაზახური ნავთობი და გაზიც უნდა გადაამუშაოს. არადა, ახლახანს ნურსულტან ნაზარბაევმა ბაქო-თბილისი_ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის გატარებაზე უარი თქვა... "ნაბუქოც" შეჩერებულია... სომხეთ-თურქეთის დაახლოების პროცესიც გაიყინა. ვიდრე კონფედერაციაზე სერიოზულად ვიფიქრებდეთ, ყველაფერ ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის 80% აზერბაიჯანიდან ხდება, "სოკარის" მეშვეობით. ესეც გვარიანი ბიზნესი და ფაქტორია. საქართველოს გაზიფიკაცია აზერბაიჯანული გაზის იმედით ხორციელდება. ესეც დიდი ბიზნესი და მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასე რომ, როგორც ერთი ბრძენი ამბობდა, "რომ გავერთანდეთ, მანამდე, აუცილებელია, გავიმიჯნოთ". ურთიერთობები ყველა სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოსა და ხალხს შორის უნდა გაღრმავდეს, ეთნოკონფლიქტები სამართლიანად გადაწყდეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში უნდა აღდგეს. მერე ჩვენ სამხრეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციაშიც შევალთ და ევროკავშირშიც. ოღონდ, არამც და არამც მანამდე და ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ჩვენმა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუციის მიღება, ამა თუ იმ საერთაშორისო გაერთიანებში შესვლა, მითუმეტეს, ერთ სახელმწიფოდ ვინმესთან გაერთიანება, არ არის ხელისუფლების და მთავრობის გადასაწყვეტი საკითხი. თვით ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მთავრობებისთვისაც კი. გაიხსენეთ ფრანგების, ირლანდიელების, და ჰოლანდიელების მიერ ჩაგდებული საერთოევროპული კონსტიტუცია. ასეთი საკითხები საზოგადოებასთან მოთათბირების, და, საბოლოო ჯამში, რეფერენდუმის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა წყდებოდეს. ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვცხოვრობთ?"
|