ნანახია: 611
"გმირთა მოედნის" 1968 წელს დამუშავებული პროექტი დღევანდელზე პრაქტიკული და ლამაზია
დედაქალაქის გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია არაერთხელ განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს, თუმცა, პროფესიონალი და დამსახურებული არქიტექტორები ამ პროექტს უვარგისად აფასებენ, გარდა ვერეს ხეობაში გაყვანილი საავტომობილო გზისა, რომლის გაკეთებამაც ნაგავსაყრელის კერა აღმოფხვრა შუა დედაქალაქში. ხშირად ჩვენ ქართველები ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში საკუთარ სპეციალისტებს არ ვენდობით და თავს უცხოელებს უფრო ვანდობთ ხოლმე, მაშინ როცა ჩვენი არქიტექტორები საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწეობენ. ლოგიკურია უცხოეთიდან მოწვეული არქიტექტორის დაინტერესება მხოლოდ გადახდილ ფულშია და ის, თუნდაც საკუთარი საქმის პროფესიონალი იყოს, ქართველ არქიტექტორზე გულიანად საქმეს ვერ გააკეთებს. დღესაც ასე ხდება და გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია გერმანელებს მივანდეთ, მაშინ როცა ჯერ კიდევ 1968 წელს არქიტექტორ ვაჟა ჩაგუნავას ნამუშევარი დღევანდელ პროექტს ბევრად სჯობს, რადგან უფრო პრაქტიკული და ორიგინალურია. თუ რატომ არ განხორციელდა ეს პროექტი, ამასთან დაკავშირებით ვაჟა ჩაგუნავამ "ბანკები და ფინანსებთან" საუბრისას შემდეგი განაცხადა: "მაშინ ეს პროექტი იმიტომ არ განხორციელდა, რომ გმირთა მოედნის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი თანხა მაშინდელ სახელისუფლებო პირებს უკვე ათვისებულ-შეჭმული ჰქონდათ. ამასთანავე იყო შურიც, დამნაშავეა არქიტექტორთა კავშირიც, სამინისტროსაც მივმართე, მაგრამ ამაოდ. `თბილქალაქპროექტის~ დირექტორი მაშინ არჩილ ლომინაძე იყო, მაგრამ მე მას არაფერში ვადანაშაულებ, სხვაგან წყდებოდა ეს ამბები. ჩემი პროექტის მიხედვით, რომელიც 1968 წელს შევქმენი, უზრუნველყოფდა ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას. გამტარუნარიანობა ექნებოდა საათში 20 ათასი მანქანა. ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტი მოიწონეს, მაგრამ მეორე დღეს მოიპარეს პროექტიც და მაკეტიც და სად წაიღეს, არ ვიცი, მაგრამ 1971 წელს ახალი გავაკეთე. პროექტი ფირზეც აღვბეჭდე, სადაც ნაჩვენები იყო ავტომანქანების მოძრაობა. ამასწინათ "კავკასიის სახლშიც" ვაჩვენე ეს პროექტი, მოეწონათ, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო. დღევანდელი გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის შესახებ რომ გავიგე, ჩემი პროექტი მერიაში მივიტანე, მაგრამ სულ ტყუილად, ყურადღება არავინ მომაქცია. დღეს რაც შენდება გმირთა მოედანზე, ასეთ ავტობანებს მსოფლიოში უკვე ანგრევენ, ჩვენ კი ახლა ვაკეთებთ. ესტაკადაზე იმდენად ვიწროა შესასვლელიც და გამოსაცვლელიც, რომ საცობი აუცილებლად წარმოიქმნება. ჯერ არ დასრულებულა მუშაობა, კიდევ უნდა გაკეთდეს შემაერთებელი ავტობანები და, ალბათ, წარმოგიდგენიათ რა ქაოსი იქნება, მტვერი, გამონაბოლქვი და უჰაერობა. საშინელებაა ამ ქაოსში დადგმული გმირთა მემორიალი, როგორ უნდა მიიტანო იქ ყვავილი, ან როგორ უნდა წაიკითხო იქ დაწერილი გმირთა სახელები, მე არ ვიცი. რა ვქნათ, უცხოელები ჩამოიყვანეს, ჩვენ კი "ჩარეცხილებად" გამოგვაცხადეს. მაშინ, როცა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩვენ დროს გავუსწარით, მაგრამ არც მაშინ უნდოდათ ამის აღიარება და არც ახლა უნდათ, რადგან თვითონ არიან ჩამორჩენილები". გმირთა მოედნის პროექტი, რომელიც 1968 წელს შეიქმნა ვაჟა ჩაგუნავას მიერ, გმირთა მოედნის დონის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, რაც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო სატრანსპორტო ნაკადებსა და მოედნის გარშემო არსებული შენობების კონფიგურაციასთან. სატრანსპორტო გზის შემაერთებელი კვანძი მხოლოდ სამ ადგილას იქნებოდა, ახლა კი ხუთ ადგილზეა, რაც ქაოსს გამოიწვევს. სამუშაოები არა მიწის ზემოთ, არამედ ქვემოთ ჩატარდებოდა და სხვადასხვა მაგისტრალური გზების შეუფერხებელ მოძრაობას ითვალისწინებდა. ავტომანქანების ნაკადის ჩართვა-გადართვა მოედნის ზედა დონეზე სამ ნაწილში მოხდებოდა: თამარ მეფის ქუჩიდან საბურთალოს მაგისტრალზე; მეორე- საბურთალოდან ვარაზისხევის მიმართულებით; მესამე- ვარაზისხევიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. მოედნის ქვედა დონეზე გათვალისწინებული იყო ინდივიდუალური ტრანსპორტის ავტოსადგომი 300 მანქანაზე, რომელიც მოემსახურებოდა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ რაიონს. ავტოსადგომთან კავშირი ხდებოდა პანდუსების საშუალებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მოწყობილი უნდა ყოფილიყო არსებულ დონეზე ცირკის ასასვლელთან, ვარაზისხევის დასაწყისში, ზოოპარკის შესასვლელთან, მოედნის ორივე დონეზე. სატრანსპორტო ნაკადების გადაკვეთა ფეხით მოსიარულეთათვის მოხდებოდა მიწისქვეშა გასასვლელით. სატრანსპორტო კვანძების ამგვარად მოწყობა გმირთა მოედანს უნარჩუნებდა არქიტექტურულ სახეს და მასშტაბურობას. დღეს კი მოედანი აღარ არსებობს. თავის დროზე ეს პროექტი, ავტორის თქმით, დაახლოებით 3 მილიონი დაჯდებოდა. ვაჟა ჩაგუნავას განცხადებით სასტუმრო "აჭარასთანაც" მოედანი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო მოწყობილი, მაგრამ მაშინ მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თინა ქუთათელაძემ არ მოინდომა, რადგან იქვე ახლოს გზების მინისტრი დავითაშვილი ცხოვრობდა და ვერაფერს შეცვლიდა. ვაჟა ჩაგუნავას პროექტის მიხედვით დღევანდელი, ეგრეთწოდებული, "სამკუთხედის" შექმნის საჭიროება აღარ იქნებოდა საჭირო, მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილების სქემა ისე იყო დაპროექტებული. ვაჟა გუნავა დღევანდელი სამკუთხედის არსებობას არასწორს უწოდებს, რადგან შუქნიშნებით შეიძლებოდა აქ საცობების განტვირთვა. "ძირფესვიანად მაქვს შესწავლილი თბილისის ძირითადი მოედნების სატრანსპორტო გზებისა და კვანძების როგორც ფუნქციონალური, ისე ესთეტიკური გადაწყვეტილება. მაქვს პროექტი მდინარე მტკვარზე კატარღების მოძრაობის შესახებ, რომელსაც ექნება თავისი ნავმისადგომი და ელინგი. სამწუხაროდ, დღეს იმ ადგილას ბენზინგასამართი სადგურია აშენებული. მივმართე იმათ, ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ ესენი ხომ არავის იღებენ, არც მოსაცდელი აქვთ და არც მიღების საათები", - ამბობს არქიტექტორი ვაჟა ჩაგუნავა. დასანანია, როცა წლების განმავლობაში ნაწვალები სამუშაო, იმის გამო, რომ შენს ქვეყანას გამოადგე და შთამომავლობას რამე დაუტოვო, წყალში ჩაგეყრება. მართლაც, ვაჟა ჩაგუნავასთან სტუმრობისას უამრავი მისი უნიკალური პროექტი დავათვალიერეთ და გაოცებულები დავრჩით, რადგან ეს ყველაფერი განუხორციელებელი მის სამუშაო მაგიდაზე დევს და ძველდება. სამწუხარო და პარადოქსია, როცა ჩვენი ხელისუფლება პროფესიონალების სიმცირეზე ხშირად წუწუნებს.
ადა ექიზაშვილი
|