ნანახია: 896
უმსხვილესი ინვესტიციების განხორციელების მიუხედავად, რეგიონებში ყველაზე მაღალი უმუშევრობა აჭარაში ფიქსირდება
საქართველოში წინა წლების მსგავსად უმუშევართა ზრდის ტენდენცია 2009 წელსაც შენარჩუნდა. `საქსტატის~ ცნობით, 2009 წელს გასულ წელთან შედარებით უმუშევრობა თითქმის ნახევარი პროცენტით გაიზარდა და 17%-ს მიაღწია. პრინციპში, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მძიმე ვითარების და სამსახურიდან დაქირავებულთა მასიური დათხოვნის ფონზე, უმუშევართა რაოდენობის ზრდა ნამდვილად არ უნდა იყოს გასაკვირი. ბოლო წლებში უმუშევრობის მაჩვენებელში განსაკუთრებით დიდი ნახტომი 2007-2008 წლებში დაფიქსირდა. 2007 წლის შემდეგ უმუშევართა რაოდენობა 3,6%-ით, ხოლო 2004 წლის შემდეგ 4,3%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი თვითდასაქმებულებებზე მოდის. "საქსტატის" ინფორმაციით, 2009 წელს უმუშევრობა მამაკაცებში 18%, ქალებში კი 17,4%-ია. ამასთან, უმუშევრობა ქალაქში გაცილებით მაღალია, ვიდრე სოფლად. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ეთანხმებიან პროფკავშირებში და აცხადებენ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი გასულ წელს ნახევარ პროცენტზე მეტად გაიზარდა. მათი განცხადებით, 2009 წელს სამსახურიდან დათხოვნა მთელი წლის განმავლობაში მასშტაბურად ხდებოდა. ამიტომ შეუძლებელია ეს მონაცემი ნახევარ პროცენტს არ აჭარბებდეს, რაც სტატისტიკური გათვლებით 10 ათას ადამიანს შეადგენს. რეალურად, უმუშევრობის მხრივ ქვეყანაში რომ უარესი მდგომარეობაა, ამაზე ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ `საქსტატი~ იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და საკუთარ ნაკვეთს ამუშავებენ ან შინამეურნეობებში არიან დასაქმებული, `საქსტატი~ დასაქმებულად სოფლად მცხოვრებთა 82,5%-ს, ხოლო ქალაქში მცხოვრებთა 32%-ს მიიჩნევს. რაც შეეხება რეგიონებში არსებულ უმუშევრობის მაჩვენებლებს, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქვეყანაში ყველაზე მაღალი უმუშევრობა აჭარის რეგიონში ფიქსირდება. ეს იმის ფონზე, როცა ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ ამ რეგიონზე მოდის. კერძოდ, აჭარაში 2009 წელს უმუშევრობის მაჩვენებელმა 22%-ს მიაღწია, სხვა რეგიონებში კი იგი უმუშევრობა 10%-იან ზღვარზეა. აჭარაში მოსახლეობის 18% სამშენებლო, 16% სამედიცინო სფეროში და 15% ვაჭრობაშია დასაქმებული. ტურიზმზე კი დასაქმების მხოლოდ 5% მოდის. "საქსტატი" გარდა უმუშევრობისა, ქვეყანაში სიღარიბის ახალ მაჩვენებლებსაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოში სიღარიბე შემცირდა. ეს კი იმის ფონზე, რომ გასულ წელს უმუშევრობა ისევ გაიზარდა, ცოტა უცნაურად ჩანს. გამოდის, რომ უმუშევარი ადამიანების სოციალური მდგომარეობა უმჯობესდება. რაც ნაკლებად სავარაუდოა. შეგახსენებთ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის უმუშევრობის მაჩვენებლით საქართველო მეოთხე ადგილზეა. "უკეთესი" მაჩვენებელი აქვს უკრაინასა და უზბეკეთს, სადაც უმუშევრობა 20%-ს გადასცდა. მეზობელ სომხეთში 17%-ის ფარგლებშია, აზერბაიჯანში 12-13% ფიქსირდება.
ნათია შენგელია
|