ნანახია: 482
საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ეტაპობრივად უფასურდება, თუმცა 30 მაისის არჩევნების მეორე დღეს დაფიქსირებულმა ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში მოსახლეობასა და ექსპერტებში შეშფოთება გამოიწვია. ამჟამად, ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1.84 ლარია, რომელიც პარასკევს განისაზღვრა, შაბათ-კვირას კი ბაზარმა ეროვნული ვალუტის კურსი ეროვნული ბანკის გარეშე დაადგინა და ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა. "ყველაზე ცუდი ისაა, რომ ლარის კურსის ახალი წონასწორობის წერტილზე გადასვლა ყოველთვის პარასკევს ხდება, ხოლო შემდეგ შაბათსა და კვირას სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობის პერიოდია. ასეა ახლაც - სავალუტო ჯიხურებში ლარის დოლარზე გაცვლის კურსი 1.87-1.95 ნიშნულზეა. როგორც ჩანს, 2-ისკენ მივისწრაფვით", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური და მართლაც, უქმე დღეებში კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულებამ 1.95 ლარს მიაღწია. მაგალითად, "თიბისი ბანკის" კურსით დოლარის გაყიდვა 1.87 ლარად, ყიდვა კი 1.93 ლარადაა შესაძლებელი. "საქართველოს ბანკში" მომხმარებელს დოლარის ყიდვა 1.9350 ლარად შეუძლია. დანარჩენი ბანკების სავალუტო კურსი მიახლოებულია 1.94 ლარს, ხოლო სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 1.90-1.95 ლარის ფარგლებში მერყეობს. ქვეყანაში ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურების განმაპირობებელ მიზეზებზე მრავალი კითხვა დაიბადა. ეკონომიკის ექსპერტთა ძირითადი ნაწილი ამ პრობლემის წარმომქმნელ ერთ-ერთ მიზეზად სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსსა და ქვეყნის ეკონომიკის იმპორტზე დამოკიდებულებას მიიჩნევს. ეკონომიკის ექსპერტის, ლევან კალანდაძის, აზრით, ლარის გაუფასურებას ერთჯერადი ოპერაციები არ იწვევს. "ეს არის ზოგადად ის პოლიტიკა, რაც ხორციელდება ქვეყანაში და ის ეკონომიკური კრიზისული სიტუაცია, რაც განაპირობებს ლარის დევალვაციას. ლარი უფასურდება პერიოდულად, მთელი წლის განმავლობაში. უბრალოდ, ხანდახან არის გამოკვეთილი ფასები, როცა ლარი მნიშვნელოვნად ავარდება ან გარკვეული დროის განმავლობაში იყინება. თავად ლარის კურსის პერმანენტულ დაცემას, პრაქტიკულად, ქართული ეკონომიკის 80%-ის იმპორტზე დამოკიდებულება განსაზღვრავს, ანუ ქვეყანაში რეალურად არსებობს მოთხოვნა მყარ ვალუტაზე, ამ შემთხვევაში დოლარზე, ეს კი განაპირობებს ლარის გაუფასურებას. შესაბამისად, ეს მუდმივი პროცესია, სანამ ეკონომიკა არ გაჯანსაღდება და სავაჭრო სალდო ქვეყანაში არ დარეგულირდება, მანამდე ყოველთვის ასე იქნება", _ განმარტავს კალანდაძე. საბანკო ექსპერტის, ირაკლი კოვზანაძის, მოსაზრებით, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება მოსალოდნელი იყო. "ხდება ლარის კურსის კორექტირება. პროცესი დაიწყო აპრილის თვიდან, მას შემდეგ, რაც კომერციული ბანკების ანგარიშებზე უცხოური ვალუტის ნაშთებმა შემცირება დაიწყო. ასევე, საგადასახადო ბალანსში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვაქვს, იმპორტი ექსპორტს თითქმის 4-ჯერ აღემატება, რაც ლარის კურსზე ზეწოლას ახდენს. ვფიქრობ, რომ აქ არ არის საგანგაშო სიტუაცია. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, რომ კურსი შეინარჩუნოს", _ მიიჩნევს კოვზანაძე. სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსისა და ქვეყნის ეკონომიკის 80%-ის იმპორტზე დამოკიდებულების გარდა, ლარის გაუფასურება ხელისუფლებას შესაძლოა აწყობს იმ მოსაზრებით, რომ ბიუჯეტში შემოსავლები გაიზრდება. წინა წელთან შედარებით, ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ამიტომ ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ხელისუფლებისა, კვლავ ბიუჯეტის შევსება რჩება. თუ გასულ წელს ეს ბიზნესის დატერორებით მოახერხეს, წელს იგივე ნაბიჯის გადადგმა არაეფექტური იქნება, რადგან ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი ან გაკოტრებულია ან ხელისუფლებისგან დაკისრებულ ჯარიმებს იხდის. ამიტომ ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ლარის დევალვაციაა. "ე.წ. "შეთქმულების თეორიას", ბუნებრივია, არსებობის საფუძველი ნამდვილად აქვს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეალურად ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი კვლავ არის და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისი სერიოზულ სირთულეებს ქმნის საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში, კერძოდ, საგადასახადო შემოსავლების ნაწილში. რა თქმა უნდა, ეჭვი არსებობს, თუმცა, ამაზე კონკრეტული ხელმოსაჭიდი მამტკიცებელი საბუთი არ არსებობს", _ აღნიშნავს ლევან კალანდაძე. ყველასათვის ცნობილია, რომ ლარის გაუფასურება ექსპორტს ხელს უწყობს, იზრდება მისი მაჩვენებელი, თუმცა არა რაოდენობრივად, არამედ ექსპორტიორთა ფულადი შემოსავლების თვალსაზრისით. პარალელურად ამისა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის 80% იმპორტს უჭირავს, ხოლო რაც უფრო უფასურდება ლარი, მით უფრო მეტად ძვირდება იმპორტირებული პროდუქცია. ყოველივე ეს კი პირდაპირ კავშირშია ბიუჯეტის შევსებასთან, რადგან იმპორტიორს თუ ექსპორტიორს, რაც უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ბიუჯეტში მით უფრო მეტ გადასახადს იხდის. "დოლარის გაცვლითი კურსის ზრდა ფასების ზრდას იწვევს და, შესაბამისად, გაზრდილი ფასების პირობებში, ბიუჯეტში შემოსავლებიც გაიზრდება", _ აღნიშნავს ნოდარ ხადური. ცხადი ხდება, რომ ლარის გაუფასურება ინფლაციის პირდაპირი მასტიმულირებელია. გაზრდილი ინფლაციის პირობებში კი ბიუჯეტი დამატებით შემოსავლების მიღებას ახერხებს, იზრდება საბაჟო შემოსავლებიც. ასე რომ, მაღალი ინფლაცია მაღალ შემოსავლებთანაა დაკავშირებული. ამ მოსაზრებას საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ქმედებები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს, რადგან, როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე სიტუაციის დარეგულირება ეროვნულ ბანკს ეკისრება, ის კი ლარის კურსის ფორმირებას თითქმის მთლიანად ბაზარს ანდობს. "ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ დიდი სავალუტო რეზერვები, რაც 2 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი არ ცდილობს კურსის შენარჩუნებას. როგორც ჩანს, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გაცვლითი კურსის ახალი წონასწორობის წერტილი ჩამოაყალიბოს", _ განმარტავს ნოდარ ხადური. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემა, მხოლოდ ლარის კურსის ვარდნის საშუალებით შევსებული ბიუჯეტით ვერ აღმოიფხვრება, რადგან ლარის დევალვაციას მეტწილად უარყოფითი შედეგი მოჰყვება, ვიდრე დადებითი. თუნდაც შემდგომში ბიუჯეტის განაწილების თვალსაზრისით, რადგან გაზრდილი ინფლაცია მხოლოდ ქვეყნის სოციალურ ფონზე არ აისახება, იგი ასახვას ჰპოვებს თვით ბიუჯეტზეც. ქვეყანაში გაზრდილი ინფლაცია ხელისუფლებას ნაკლებად უნდა აწყობდეს საგარეო ვალების მომსახურებასთან მიმართებაში. რადგან ბუნებრივია, როდესაც ეროვნული ვალუტა ეცემა, ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებების მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხა იზრდება და საგარეო ვალის გადასახდელად ბიუჯეტს უფრო მეტი თანხის გაღება მოუწევს, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. გარდა ამისა, თუ გასულ წელს ხელისუფლება ბიუჯეტიდან გარკვეულ პროექტებს აფინანსებდა, წელს იმავე თანხით, გაზრდილი ინფლაციის პირობებში, იგივე პროექტების დაფინანსებას ნამდვილად ვეღარ შეძლებს, ამიტომ კვლავ დასჭირდება დამატებითი თანხების მოძიება.
თეონა ჭიტაძე
|