ნანახია: 516
კომუნიკაციების კომისიისა და ტელეკომპანია "ობიექტივის" მრავალწლიანი საგა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ან ელემენტარული კანონი არ იცის, ან წლების განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდა
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შავბნელ საქმეებზე საზოგადოების ნაწილმა საკმაოდ ბევრი რამ იცის. ის, რომ კომისიის წევრები და მისი თავმჯდომარე ხელისუფლების ნების გამტარებლები არიან, ამაში, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი. ბოლო წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკმაოდ დიდი წვლილი სწორედ მარეგულირებელმა კომისიამ შეიტანა. მათ შორის უამრავი ტელევიზიისთვის თუ რადიოსთვის ლიცენზიების ჩამორთმევა და მის გაცემაზე უარის თქმა. ერთი სიტყვით, ხელისუფლების ხელში არსებული იარაღით, რომელსაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ჰქვია, არაერთი არასასურველი მფლობელისთვის მოხდა ლიცენზიის ჩამორთმევა. პრინციპში ხელისუფლებამ მედიასთან დაკავშირებული ყველა "პრობლემა" ვარდების რევოლუციის შემდეგ მოკლე ხანში გადაჭრა. ერთადერთი `იმედი~ იყო დარჩენილი, რომელიც ქვეყნის მაღალჩინოსანთ ყელში ეჩხირებოდა და მასაც მალე მალე "მიუჩინეს" ადგილი. ასევე მარეგულირებლის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკურ და საინფორმაციო გადაცემებზე ლიცენზიის მიღება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. რის მიზეზადაც თავად მარეგულირებელი იმას ასახელებს, რომ, თურმე, მის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საზოგადოებისთვის პოლიტიკა ნაკლებაქტუალურია. სამაგიეროდ, მსურველი თავისუფლად იღებს გასართობი თუ სპორტული გადაცემის ლიცენზიას. ტელეკომპანია "ობიექტივისთვის" ჩამორთმეული სიხშირე მოგვიანებით სახელისუფლო ტელევიზია "ალანიას" გადაეცა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია "ალანია" 2008 წლამდე, სანამ მას `ობიექტივისთვის~ ჩამორთმეულ სიხშირეს გადასცემდნენ, ულიცენზიოდ საქმიანობდა, რაც, ბუნებრივია, სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა, დღემდე ამით არავინ დაინტერესებულა. ის, რომ ტელეკომპანია "ალანია", რომელიც ძირითადად არალიცენზირებული, უხარისხო ფილმების ჩვენებით შემოიფარგლებოდა, 2008 წლის მაისამდე მართლაც ულიცენზიოდ საქმიანობდა, ეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მიერ "ობიექტივისთვის" გაგზავნილ წერილითაც დასტურდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ფაქტის გამო გარკვეული პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მთელ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კომუნიკაციების კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკიც. სწორედ ამ ქალბატონის მეუღლეზე მოხდა ჩამორთმეული ტელევიზიის - `ობიექტივის~ წილების გადაფორმება. ეს მაშინ, როცა ბრიტანჩუკი მარეგულირებელ კომისიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება ჟურნალისტთა კავშირისთვის ტელევიზიის ჩამორთმევის შესახებ, ცოლმა მიიღო, ხოლო ქმარმა ეს ტელევიზია გადაიფორმა. კანონით მაუწყებლობის შესახებ, აკრძალულია მარეგულირებელი კომისიის ოჯახის წევრს ჰქონდეს ინტერესი ტელესფეროში. ნუთუ ქალბატონმა ბრიტანჩუკმა ის ვერ შენიშნა, რომ მის მეუღლეზე გაფორმებულ ტელევიზიას საქმიანობის ლიცენზია არ ჰქონდა და მთელი 2 წლის განმავლობაში ისე საქმიანობდა, რომ მას ამის კანონიერი უფლება არ გააჩნდა. მოგვიანებით, სწორედ ამ საქმის რეზონანსულობას მოჰყვა ის, რომ ხელისუფლებამ ტელეკომპანია "ალანიას" გაქრობა და მის ბაზაზე ახალი ტელევიზიის - "რეგიონ TV"-ის შექმნა გადაწყვიტა. ამ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩაატარა ჟურნალისტთა კავშირმა "ობიექტივი", რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გარდა იმისა, რომ ჩამორთმეული ტელეკომპანია კომუნიკაციების კომისიის წევრის ქმარზე იყო გაფორმებული, ტელეკომპანია "საქართველოს" მესაკუთრე გიგა ბოკერიას ცოლის დის, რუსუდან ჩერგოლეიშვილის ქმარი კახა ნინუა იყო, რომელმაც 33-ე სიხშირე, ანუ ტელეკომპანია "საქართველო" მოგვიანებით ვინმე ბექა პაატაშვილს გადაუფორმა. ბექა პაატაშვილი კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრის სოფიო ბრიტანჩუკის დის, ნინო ბრიტანჩუკის მეუღლეა. ასე რომ, კვალი ისევ კომისიის წევრ ბრიტანჩუკტან მიდის, რომელიც დღესაც კომისიის წევრია და თავის დროზე მისი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხიც განიხილებოდა, თუმცა, მაშინ ბრძოლაში უგულავას ფავორიტმა გიორგი ჩიქოვანმა გაიმარჯვა. ასევე კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სოფიო ბრიტანჩუკი და მისი და ნინო გოგა ბოკერიას მეუღლის და მეუღლის დის რუსუდან ჩერგოლეიშვილის უახლოესი მეგობრები არიან. სოფიო და ნინო ბრიტანჩუკები, ასევე, უახლოესი მეგობრები არიან თავდაცვის ექს-მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლის, სოფო ჩიქოვანის. მეგობრობენ არა მარტო ცოლები, არამედ ქმრები. აქვთ საერთო ინტერესები და რაც მთავარია, ბიზნესი. აი, ასე. ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრები და მათი ოჯახის წევრები ერთ გუნდს ქმნიან, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული სხვადასხვა ტელევიზიების `გაპრავება~-გადაფორმებითაა დაკავებული.
გიორგი შუბლაძე
|