ნანახია: 695
მთავრობამ მცირე მეწარმეობა აღიარა, თუმცა, მიდგომა ისევ სწორხაზოვანია
ახალი საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა და კომენტარები
რამდენიმე კვირაში საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი ექნება. კოდექსი თითქმის მთლიანად იცვლება და ახალი მუხლები ემატება. საგადასახადო კოდექსის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებენ როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე ბიზნესის წარმომადგენლები. კოდექსზე მუშაობისას, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო წინადადებები და შენიშვნები ბიზნესსაზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან. როგორც პრემიერ-მინისტრმა გილაურმა განაცხადა, საგადასახადო კოდექსის შექმნის მიზანია სანდოობის გაზრდა, რათა კერძო სექტორმა თავი უფრო დაცულად და კომფორტულად იგრძნოს; ასევე, ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნის მიზანი, ბიზნესის ლეგალიზაციის ხელშეწყობა და წახალისებაა. როგორც გილაურმა განმარტა, ახალ საგადასახადო კოდექსში ჩნდება მიკრომეწარმისა და მცირე მეწარმის ცნებები. მიკრომეწარმედ ჩაითვლება პირი, რომლის წლიური ბრუნვა არის 30 000 ლარი. ეს მეწარმე ვალდებულია, დარეგისტრირდეს საგადასახადოში, თუმცა მას არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევს. ხოლო მცირე ბიზნესად ჩაითვლება ის კომპანია, რომლის სავაჭრო ბრუნვაც 100 ათასიდან 200 ათას ლარამდეა. აღსანიშნავია, რომ მცირე მეწარმეს დღგ-ის გადასახადი არ მოუწევს. იგი მხოლოდ ბრუნვაზე მიბმულ გადასახადს გადაიხდის. როგორც გილაურმა განაცხადა, ბრუნვაზე მიბმული გადასახადი მთლიანი ბრუნვის 3-5 %-ს შეადგენს. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენი ბუღალტერიას გამართულად აწარმოებს, მას 3 პროცენტის გადახდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 5-პროცენტიანი გადასახადი დაეკისრება. ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ჩამოყალიბდება აუდიტორთა უმაღლესი საბჭო, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს. თუ რომელიმე კომპანიას დღემდე არ ჰქონია რაიმე საგადასახადო შეცდომა და გადაცდომა, საგადასახადო კი მას რაიმე დანაშაულს უპოვის და მის დაჯარიმებას მოინდომებს, საგადასახადო ვალდებულია, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც გადაწყვეტს, დაჯარიმდეს თუ არა კომპანია. როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, საბჭოს შემოღება მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე არსებობდა ისეთი კომპანიები, რომლებიც თეთრად და სუფთად მუშაობდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ბუღალტრული გადაცდომებისთვის საგადასახადო ინსპექტორები აჯარიმებდნენ. ამით კი კომპანიას სახელი უტყდებოდა. როგორც პრემიერმა განმარტა, ყოველთვიური დღგ-ის გადასახადი უქმდება და მეწარმეს მისი გადახდა კვარტალურად მოუწევს. ეს კი ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციაა, რადგან მეწარმეს ყოველთვიურად აღარ მოუწევს გადასახადის გადახდა და თავის წარმოებაში თანხის ჩადებას შეძლებს. ახალ საგადასახადო კოდექსში ჩნდება ახალი მუხლი. ესაა საგადასახადო ომბუდსმენის მუხლი. გარდა ამისა, გაჩნდება "პატიოსანი ბიზნესმენის~ ცნებაც. ასეთი ბიზნესმენი გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებს. ახალი საგადასახადო კოდექსით, მეწარმეს ეძლევა საშუალება, უვარგისი საქონელი ჩამოწეროს. როგორც გილაური განმარტავს, დღემდე მეწარმეებს არ ჰქონდათ უვარგისი საქონლის ჩამოწერის უფლება, რის გამოც პრობლემებს აწყდებოდნენ. ამიტომ ეს ადრე დაკავშირებული იყო კორუფციულ გარიგებებთან და ახლა მთავრობა მიდის გარკვეულ რისკზე: შეხედავს, უვარგის საქონელს როგორ მოიშორებს და როგორ მოიქცევა ბიზნესმენი. ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო მეწარმეებს სთავაზობს GSM-სისტემასთან მიბმას, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველგვარი საბუღალტრო მონაცემები მიბმული იქნება GSM-სისტემაზე, მთავრობა შეხედავს, როგორ მუშაობს კომპანია და თუ მოხდება რაიმე გადაცდომა, ამ სისტემით მოხდება მისი გაკონტროლება. სიახლეებია კაფე-რესტორნების მეპატრონეებისთვის: თუ საგადასახადო ინსპექტორი შევა რესტორანში და აღმოაჩენს, რომ მისი ბრუნვა 10 %-ით მეტია ან ნაკლებია იმ ბრუნვაზე, რომელსაც ის ადრე უჩვენებდა, მაშინ საგადასახადო მას აჯარიმებს და ახდევინებს თანხას, რაც მას უნდა გადაეხადა 20 თვის განმავლობაში (ანუ განვლილი 20 თვის, რაც დამალულად ითვლება). გილაურის განცხადებით, მთავრობის სურვილია ეკონომიკაზე საგადასახადო ზეწოლა გაძლიერდეს. `გვინდა გავზარდოთ მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესზე და გავზარდოთ წნეხი სპირტიან სასმელზე. ჩვენ ვცდილობთ სამართლიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. გვინდა გავუმარტივოთ საგადასახადო ცხოვრება ბიზნესს და მეორეს მხრივ, გვინდა თანაბრად გადანაწილდეს საგადასახადო წნეხი ბიზნესის ყველა სფეროზე", - განაცხადა გილაურმა. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ ახალ კოდექსში მნიშვნელოვნად არის გათვალისწინებული მცირე ბიზნესის უფლებები, მცირე მეწარმეებისთვის გათვალისწინებულია განსხვავებული დაბეგვრა, შემოდის ახალი ცნება - მიკრობიზნესი, რომელსაც არანაირი საგადასახადო ტვირთი არ დაეკისრება. ახალი კოდექსის თემაზე ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს როგორც ბიზნესმენებთან და ბიზნესასოციაციის წევრებთან, ისე მცირე მეწარმეებთან და გარემოვაჭრეებთან. კოდექსში შესული იქნება ბრუნვასთან დაკავშირებული გადასახადი, ძალიან მცირე და მარტივი, რაც ბიზნესმენებს თავიდან აარიდებს საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტების წარმოებას და შეუმსუბუქებს ხარჯებს. ვაპირებთ სპეციალური სავაჭრო ზონის შექმნას, რომელშიც შევა ბაზრობები. საგადასახადო ვალდებულება მოეხსნებათ მოვაჭრეებს და გადავა ადმინისტრაციაზე". დიდი მოლოდინის მიუხედავად, მცირე ბიზნესი ახალი საგადასახადო კოდექსით კმაყოფილი არ არის. `მცირე ბიზნესის ასოციაციის" პრეზიდენტი კახა კოხრეიძე ამბობს, რომ მცირე ბიზნესი მხოლოდ ინდივიდუალური მეწარმეებით არ შემოიფარგლება, როგორც ეს კოდექსითაა განმარტებული. ერთი დადებითი მომენტი ის არის, რომ ხდება სერიოზული გამარტივება ანგარიშგების სისტემის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ასევე ხდება დამატებული ღირებულების ზღვრის გაზრდა 200 000 ლარამდე ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, მაგრამ ინდმეწარმეებით მცირე ბიზნესი არ შემოიფარგლება, ის ცოტა ფართო ცნებაა და მას ცოტა სხვა მიდგომები სჭირდება, რომ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ღირებულება ყველასთვის თანაბრად შემცირდეს. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი პერტაიას განცხადებით, ახალ საგადასახადო კოდექსში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი თანამედროვე საგადასახადო რეგულაციის დანერგვაა, როგორიცაა წინასწარი გადაწყვეტილება. "ბიზნესკომპანიისა თუ ბიზნესმენის შეკითხვაზე ფინანსთა სამინისტროსგან მიღებულ პასუხს იურიდიული ძალა ექნება და ბიზნესმენს მის საფუძველზე კანონიერად მოქმედება შეეძლება. აქამდე მოქმედი რეგულაციით კი ფინანსთა სამინისტროსაგან მიღებულ პასუხს, რომელიც გადასახადის გადახდას და სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა, იურიდიული ძალა არ ჰქონდა. შესაბამისად, კონკრეტული პასუხის საფუძველზე მოქმედება შესაძლოა უკანონობად მიჩნეულიყო და ბიზნესმენი დაჯარიმებულიყო”, – ამბობს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა. მისივე განცხადებით, ახალ საგადასახადო კოდექსი უკვე მეორე ეტაპზეა გადასული. "შეკრებილია ოცკაციანი ბიზნესგაერთაინება, რომელიც ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობს, ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი და ვებ-გვერდი, რომელიც ხელმისაწვმდომია და ნებისმიერი შეკითხვა და შესწორება კოდექსის საბოლოო სახის ჩამოყალიბებამდე შესაძლებელია", – განაცხადა პერტაიამ ფინანსთა მინისტრის და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც გილაური განმარტავს, ახალი საგადასახადო კოდექსის შესწორებული ვარიანტი 2-3 კვირაში იქნება. მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კი პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად. გილაურის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსი სრულად 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა ცალკეული მუხლები აგვისტოდან შევა ძალაში.
გოგა აბრამიშვილი
|