ნანახია: 906
გმირთა მოედანზე აღმართული მემორიალი გმირთა სახელებს გვავიწყებს
მაგისტრალი და მემორიალი ბიძინა ივანიშვილის ფულით კეთდება?!
დედაქალაქში შუშის ბუმი გრძელდება. ბოლო დროს აშენებული ყველა შენობა თუ კონსტრუქცია შუშისაა. `შუშის~ გემოვნებას პირდაპირ პრეზიდენტი ნერგავს, ბოლო დროს, სწორედ, სააკაშვილის მითითებით აშენდა შუშის ხიდი რიყეზე და შუშის მემორიალი გმირთა მოედანზე. გმირთა მოედანს არქიტექტურით გატაცებული პრეზიდენტის ინიციატივით სახე მრავალჯერ შეეცვალა. ერთ დღესაც კარგ ხასიათზე გაღვიძებულმა სააკაშვილმა გმირთა მოედანზე მემორიალის აგება ბრძანა, მისი მითითებით ეს კონსტრუქცია 30 მეტრიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც იქვე მდგომ ცნობილ თერთმეტსართულიანზე მაღალი იქნებოდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოგვიანებით დაადგინა, რომ 30 მეტრიანი მემორიალი 35 მეტრიან თერთმეტსართულიანზე მაღალი ვერ იქნებოდა და გადაწყდა, რომ მემორიალი 50 მეტრზე მაღალი ყოფილიყო. ერთი სიტყვით, მემორიალი აშენდა, თბილისი დამშვენდა და გიგის დაუფასეს. გიგისაც დაუფასეს და სრულიად ნაციონალურ მოძრაობას, დაუფასეს გადაფასება. სწორედ გადაფასება უნდა ერქვას ამ მემორიალს. თავდაპირველად გმირთა მოედანს სახელი საბჭოთა კავშირის პირველი გმირების, ჩელუსკინის ეკიპაჟის გადამრჩენი მფრინავების პატივსაცემად დაერქვა. დღეს ამ მოედანზე ასევე ომში დაღუპული გმირების მემორიალი აღიმართა. იგი 3 300-ზე მეტი მინის, ლითონისა და მეტაკრილატის დეტალისაგან შედგება. მემორიალი ქვეყნის ერთიანობის დასაცავად ბრძოლაში 1921 წელს დაღუპული იუნკერების, 1924 წელის აჯანყების მეთაურების, აფხაზეთისა და 2008 წელის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას ეძღვნება. მემორიალზე ამ გმირების სახელებია ამოკვეთილი. მემორიალზე იმ გმირების სახელები, რომელთაც საბჭოთა კავშირის სახელით მოუწიათ ბრძოლა, არ არის აღნიშნული. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ვერ გაიხსენა 1832 წლის აჯანყების მონაწილეების სახელები, თორემ ეს მემორიალი მათი ხსოვნის გასახსენებელიც იქნებოდა. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მემორიალების აშენების და მათთვის სახელების დარქმევის განსაზღვრისასაც იყენებს თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდებს, რომელიც სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტისას დაწვრილებით სტრუქტურირებისა და კლასიფიკაციის მეთოდებს იყენებს. ამჯერად დედაქალაქში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი აშენდა, უახლოეს მომავალში, ჩვენ, ალბათ, ვიხილავთ სომხების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალს, შემდეგი კი, სავარაუდოდ, თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულების გასახსენებელი იქნება. ირონიული ტონი არ ეხება იმ გმირების ხსოვნას, რომელთა სახელები ახლა მემორიალზეა ამოკვეთილი. რაც შეეხება პოლიტიკას, რომელითაც ხელისუფლება ქვეყნის ისტორიის ყველაზე ფაქიზ ნაწილს ეხება, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. საინტერესოა გმირთა მოედნის მემორიალის დიზაინი და არქიტექტურული სახე. მემორიალის სატრანსპორტო კვანძის ცენტრში აგება, ერთის მხრივ, არქიტექტურულ სიბეცეზე მიანიშნებს, მეორეს მხრივ, კარგავს იმ გმირების სახელებს, რომელთა ხსოვნისთვისაც ის აშენდა. `მემორიალთან ადამიანი გმირებისთვის პატივის მისაგებად ვერ მივა, ვერ შეძლებს მუხლი მოიდრიკოს, ცრემლი დაღვაროს, თუნდაც ყვავილები დადოს, ეს მემორიალი ვერ იმუშავებს, როგორც მემორიალი. ეს ადგილი გადახლართული საგზაო მაგისტრალების კვანძში იქნება, სადაც არავის ეცლება მემორიალზე აღბეჭდილი დაღუპული გმირების პატივის მისაგებად~, - აცხადებს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი. თბილისის მაცხოვრებლების აზრი ექსპერტების შეხედულებებს ემთხვევა. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უმჯობესია მემორიალი სხვა ადგილას გადავიდეს და გმირთა სახელები ესტაკადის ჩრდილ ქვეშ აღარ მოექცეს. მემორიალი გარდა იმისა, რომ მისასვლელად უხერხულ ადგილას დგას, ასევე რთულია ამოიკითხო იმ გმირების გვარები, რომელიც 51 მეტრიან მონუმენტზე იწერება. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გმირთა მოედანზე გრანდიოზული მემორიალის აშენება, ესპანელ დიზაინერს ალბერტო დომინგო კაბოს დაევალა. `მონუმენტში სამი მასალაა გამოყენებული, რკინა, შუშა და ქვა. მას თავისი დატვირთვა აქვს. როდესაც გავიგე, რომ ქართველი გმირების მონუმენტი უნდა გამეკეთებინა ქართული ხასიათი გავითვალისწინე. შუშა იმიტომ, რომ აქ ძალიან გულახდილი ხალხი ცხოვრობს, ქვა კი იმ სიძლიერეს გამოხატავს, რაც ქართველ ერს აქვს. მინდა გულწრფელი ვიყო ქართველი ხალხის წინაშე. მონუმენტის შექმნის იდეა მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდა, ის საკმაოდ ჭკვიანია ამ საკითხში~, - აცხადებს ესპანელი დიზაინერი. საინტერესოა, რატომ აშენებენ საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს უცხოელი დიზაინერები და არა ქართველი არქიტექტორები, ალბათ, ესეც ჩვენი პრეზიდენტის ერთ-ერთი აკვიატებაა. თუ მემორიალის დიზაინერი და არქიტექტორი ცნობილია და ქართველმა ხალხმა მას დამსახურებული ჯილდო უკვე გადასცა. პროექტის ფინანსური მხარე ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია. მემორიალის ასაშენებლად არც ტენდერი გამოცხადებულა და არც დახარჯული თანხის რაოდენობაა ცნობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამუშაოები ტექნიკურად "კაუკასუს როუდ პროჯეკტ ენეჯერი"-მ შეასრულა. ამ კომპანიის წარმომედგენელი პაატა ტრაპაიძე სიამაყით აცხადებს, - "მშენებლობა უმოკლეს ვადებში ხარისხიანად ჩატარდა და ეს ჩემი პერსონალის უდიდესი დამსახურებაა. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით და ისე მოვაწყვეთ სამუშაო, რომ ასე ნაადრევად დავამთავრეთ". ბატონი პაატა აღარ საუბრობს იმაზე, თუ რამდენი მიიღო მისმა კომპანიამ ამ პროექტის განხორციელებაში, არც ის დაუკონკრეტებია, საიდან დაფინანსდა ეს პროექტი და რატომ მაინცდამაინც მისმა კომპანიამ შეასრულა ეს სამუშაო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამუშაოები, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სხვა პროექტებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ არც მაგისტრალის მშენებლობის და არც ხსენებული მემორიალის ხარჯები დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საკმაოდ ხშირად გვევლინება მსგავსი პროექტების დამფინანსებლად. ივანიშვილის მიერ დახარჯული ფულით გაკეთებულ საქმეს, ხშირ შემთხვევაში, სახელისუფლებო ძალები იწერენ. კარგია, რომ საქმე კეთდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ფული პოლიტიკურ წონას იძენს და არა მხოლოდ ჩვეულებრივი ხალხის სამსახურში, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერადაც იხარჯება.
ლევან მარტაძე
|