ნანახია: 772
სათემო კავშირმა "სტეფანწმინდა" თემაზე "დარიალის კარიბჭე და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები" კონფერენცია გამართა
18 მაისს სათემო კავშირმა "სტეფანწმინდა" თბილისში, კინოს სახლში კონფერენცია გამართა, სახელწოდებით "დარიალის კარიბჭე და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები”. კონფერენცია მიეძღვნა 2010 წლის 1 მარტს ლარსის სასაზღრო-გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მოსალოდნელ რუსულ-ოსურ საფრთხეებს, დარიალის ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიას, საზღვრის გახსნის მიზანშეწონილობას, 1918 წელს დარიალის დაცვის ფაქტს და ლარსის გახსნის ეკონომიკური ასპექტებს. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები, ისტორიკოსები, ხელისუფლების და ოპოზიციის წევრები და საკითხით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიებამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა და დამსწრეებმა, რომელთა შორის მოხევეები სჭარბობდნენ, მომავალში საკითხში კიდევ უფრო მეტად გარკვევის და პრობლემის გადაჭრაში აქტიური მონაწილეობის დიდი სურვილი გამოთქვეს. კონფერენციაზე დამსწრეთა წინაშე ოთხი მომხსენებლი წარსდგა, რომლებმაც ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები მიაწოდეს შეკრებილ საზოგადოებას. კონფერენცია ყაზბეგის რაიონის მკვიდრმა ზაზა წიკლაურმა გახსნა, რომელმაც ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის წინმსრებ მოვლენებთან და მოსალოდნელ ოსურ-რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამონარიდებს როგორც მისი, ისე სხვა მომხსენებლების გამოსვლებიდან. "ბოლო წლებში რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებული მოვლენების ფონზე, 2009 წლის 5 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ საზეიმოდ გახსნა დარიალის ხეობაში მდებარე ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი. სწორედ მაშინ დაიწყო ის პროპაგანდა, (როგორც დეფაქტო სამხრეთ, ისე ჩრდილო ოსეთის და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლთა მხრიდან) რომლის მიხედვითაც თრუსოს ხეობა და მთლიანად ყაზბეგის რაიონი თითქოს ისტორიულად ოსური ტერიტორიაა და ოსებმა ეს ტერიტორიები ადრე თუ გვიან უნდა დაიბრუნონ. ამის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის სომხეთის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, რასაც საბოლოოს 2010 წლის 1 მარტს საზღვრის გახსნა მოჰყვა. ამან მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია ყაზბეგის რაიონის მოსახლეობაში, მათ საპროტესო აქციაც გამართეს და ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს, თუ რატომ იხსნებოდა გზა, თუმცა, დღემდე მათთვის არგუმენტირებული პასუხი არავის გაუცია და მათ აქამდე არ აქვთ რაიმე გარანტიები ჩვენი ხელისუფლებისგან, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ყაზბეგის რაიონის მცხოვრებთ, მოგეხსენებათ, ახლო ნათესაური კონტაქტები აქვთ ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თვისტომებთან და მათგან კარგად იციან ის არაკეთილმოსურნე განწყობა, რომელსაც მოსკოვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული მონდომებით ქმნის ოსურ მოსახლეობაში. ამასთან, მოხევეებისთვის ყველაზე დიდ სატკივარს ის წარმოადგენს, რომ გადაწყვეტილება საზღვრის გახსნის შესახებ ისე მიიღეს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი ჰკითხეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისინი საკუთარმა ხელისუფლებამ მოატყუა კიდეც. 2009 წლის შემოდგომაზე გამართული უშიშროების სხდომის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საზღვარი მხოლოდ სომხური ტვირთებისთვის გაიხსნებოდა და იგი ჩაკეტილი იქნებოდა მოსახლეობისთვის. მათივე განცხადებით, უკვე მიიღეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები და მოსახლეობას არაფრის აღარ უნდა ეშინოდეს. თუმცა, როგორც საზღვრის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, გარდა სომხური ტვირთებისა, ამ გამშვები პუნქტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც, მოსახლეობას, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. რაც შეეხება მოსახლეობისთვის პასუხს, ხელისუფლება დღემდე მოხევეებს უსაფუძვლო შიშს აბრალებს და აცხადებს, რომ `შლაგ-ბაუმის” აწევა-დაწევით არაფერი შეიცვლება და ასეთი საფრთხე საქართველოს ნებისმიერ ნაწილს ემუქრება და მათ შორის თბილისსაც. თუკი რუსეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შემოჭრის სურვილი აქვს, იგი ამას მაინც განახორციელებს. როგორც ცნობილია, რუსული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს არა მთლიანად, ერთანად დაპყრობას, არამედ მის დაშლას. ჩვენი ხელისუფლების ზემოაღნიშნული პასუხი ვერანაირად ვერ პასუხობს ამ პრობლემას", _ განაცხადა ზაზა წიკლაურმა. კონფერენციაზე მეორე გამომსვლელი ეკონომისტი, შოთა ბუჩუკური იყო, რომელმაც ლარსის გახსნის ეკონომიკურ ასპექტებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მიზეზი, რომელიც, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ხელისუფლების მხრიდან გზის გახსნისას სახელდებოდა, შეიძლება ითქვას, რომ არ უნდა განვიხილოთ რეალურ მიზეზად, რადგან გზის გახსნით მიღებული ეკონომიკური სარგებელი სომხეთისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველო კი ამით საერთოდ არანაირ სარგებელს არ იღებს. "როგორც სომხეთის სახელისუფლო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები მთელი ამ პროცესის განმავლობაში აცხადებდნენ, მათთვის ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს გზა მკვეთრად ამცირებდა მათთვის ტვირთების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ხარჯებსა და დროს. რეალური გათვლებით კი დასტურდება, რომ განსხვავება, სომხური თუ რუსული ტვირთების ტრანსპორტირებისას სამხედრო გზასა და ფოთს შორის, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ არსებობს. ანუ, სომხეთის ეკონომიკისთვის ამ გზის გახსნას ნამდვილად არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მითუმეტეს, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ უმთავრესი სომხური საექსპორტო პროდუქცია კონიაკი ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ვერც 2006 წლამდე და ვერც ახლა ვერ გადის. ხოლო ექსპორტირებული პროდუქციის დარჩენილ მოცულობაში დიდი წილი გარგარს და ატამს უკავია. შეგახსენებთ, რომ გარგარი და ატამი სეზონური პროდუქტებია და მათი ტრანსპორტირებისთვის საჭირო 2 თვის გამო წელიწადში ლარსის საზღვრის თითქმის 9 თვით გახსნა, რუსეთიდან მოსალოდენლი უდიდესი საფრთხის ფონზე ნამდვილად ვერ ჯდება ლოგიკაში. ამასთან, როგორც ტრანსპორტიორები აცხადებენ, მათთვის სამხედრო გზის სირთულიდან, მისი არაპროგნოზირებადობიდან და ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა არაოფიციალური გადასახადებიდან გამომდინარე, როგორც ფინანსურად, ასევე უსაფრთხოების მხრივ ფოთის და ბათუმის პორტების გავლით ტვირთების ტრანსპორტირება უფრო სასურველია, ვიდრე ლარსის გავლით. ამ მოსაზრებას თავად სომხეთში ადასტურებენ, და აცხადებენ, რომ მათთვის და მათი ეკონომიკისთვის ლარსის გახსნა ნამდვილად არაა დიდი შეღავათი. ეს კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინიციატივა საზღვრის გახსნის შესახებ ეკუთვნის არა სომხეთს, არამედ რუსეთს და მის ხელისუფლებას, რომელმაც გახსნილი საზღვარი, შესაძლოა, კიდევ ერთი პროვოკაციის საფუძვლად გამოიყენოს. ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ ვლადიკავკაზში საკმაო ხანია ფუნქციონირებს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც თრუსოს ხეობის და მთლიანად ყაზბეგის რაიონის კუთვნილების საკითხს `არკვევენ” და ადგილობრივ ეთნიკურად ოსურ მოსახლეობას თრუსოს ხეობაში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ალბათ ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორგანიზაციები რუსული სპეცსამსახურების მიერ იმართება და მიზნად საზოგადოებაში მათთვის სასურველი აზრის ჩამოყალიბებას ისახავს. ჩვენი ხელისუფლება კი აცხადებდა და დღესაც იგივეს იმეორებს, რომ საზღვრის გახსნით საქართველო და კონკრეტულად კი სამხედრო გზაზე მცხოვრები მოსახლეობა დამატებით შემოსავლებს მიიღებს და ამით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნით საქართველო, ქართული ბიუჯეტი ვერცერთ თეთრს ვერ მიიღებს. ჩვენთან ჯერ კიდევ 2006 წელს გაუქმდა ტრანზიტის გადასახადი, აქედან გამომდინარე, სომხური და რუსული ტვირთები, რომელიც 1 მარტიდან სამხედრო გზის გავლით მოძრაობს ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტულად კი ქართული ბიუჯეტისთვის და გზის განაპირას მცხოვრები მოსახლეობისთვის არანაირი შემოსავალი არ მოაქვს," _ განაცხადა შოთა ბუჩუკურმა. დარიალის ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიის საკითხზე საინტერესოდ ისაუბრა ისტორიკოსმა შალვა ელოშვილმა. იგი შეეხო კავკასიონის, როგორც ქვეყნის ბუნებრივი საზღვრის უდიდეს სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოების საკითხში. მან მოიყვანა სხვადასხვა ისტორიული ფაქტები იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დარიალის კარიბჭეს საქართველოსთვის და რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართველი მეფეები მას. მომხსენებელმა დამსწრეთ გააცნო ქართველ თუ უცხოელ ისტორიკოსთა, მათ შორის, ლეონტი მროველის, პავლე ინგოროყვას, ივანე ჯავახიშვილის და სხვათა შეხედულებები დარიალის ხეობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. "ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრებაში" აღნიშნულია, რომ კავკასიონის გადმოსასვლელებიდან ქართლის სამეფოსთვის უპირატესობა ენიჭებოდა დარიალის კლდეკარს, როგორც ქართლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში პირდაპირ გასასვლელ უმოკლეს ჭიშკარს. ცნობები მიგვანიშნებს კარნი კავკასიანის მრავალმხრივ მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოსთვის: პირველი ჩრდილოეთიდან მოწოლილი ტომების შესაჩერებელ ფაქტორს, მეორე ჩრდილო კავკასიაზე თავისი პოლიტიკური გავლენის განვითარების შესაძლებლობას და მესამე სამხრეთიდან მოწოლილი მტრის შემაჩერებელ საშუალებას, რაც გამოხატული იყო ჩრდილო კავკასიიდან მეომარი ტომების გადმოყვანით. დარიალის კარიბჭის მნიშვნელობაზე საუბრობს "საეკელსიო მემატიანე" და "ჯუანშერი", ვახტანგ გორგასლის ეპოქის აღწერისას, რომელიც ცხადყოფს იმ ღონისძიებების განხორციელებას, რაც ჩრდილოეთის კარის დაცვას და გამაგრებას კარნახობდა ქართლის საჭეთმყრობელთ. `ხოლო დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და აღაშენა მას ზედა გოდოლი, დააყენა მცველად მახლებელნი იგი მთეულნი, არა ხელეწიფების გამოსვლად დითა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაღთა თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფეთა". ეს მოკლე ისტორიული მიმოხილვა ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ღონისძიებას ჩრდილოეთი საზღვრის გამაგრება წარმოადგენდა, რომელსაც თვით ივანე ჯავახიშვილიც ასე რომ ისტორიულად: "პოლიტიკურსა და სამხედრო წინდახედულებას იბერიის ჩრდილოეთ საზღვრის გამაგრება უნდა ეკარნახა". ამ ყველაფრის ფონზე, სულ უფრო გაუგებარია, თუ რატომ დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ საზღვრის გახსნა და დარიალის როგორც კარიბჭის ფუნქციის დაკარგვა", _ აღნიშნა გამომსვლელმა. კონფერენციის ბოლო გამომსვლელმა ჯიმშერ წიკლაურმა კი შეკრებილ საზოგადოებას 1918 წელს ყაზბეგის რაიონში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა, რაც ძალიან ბევრი დამსწრისთვის სიახლე აღმოჩნდა. "უნდა სიმართლე ითქვას, რომ საზოგადოდ საკვირველი მხნეობით და გმირულად ებრძოდნენ მტერს სტეფანწმინდელები დაწყებული 27 მაისიდან 15 მკათათვემდის." ეს არის ამონარიდი დარიალის დამცველთა ერთ-ერთი მეთაურის _ სიმონ შადურის წერილიდან, რომელიც დაიბეჭდა 1918 წელს გაზეთ "ერთობაში”. რა ხდებოდა 1918 წელს 27 მაისიდან 15 ივლისამდე დარიალში და საერთოდ დუშეთის მაზრაში? როგორ შეძლეს მოხევებმა დარიალის დაცვა? რატომ ვერ მიეხმარა მათ საქართველოს სამხედრო ძალები დროულად? რა გეგმები ჩაუშალეს მოხევებმა ბოლშევიკებს? ამ საკითხზე დღემდე არაფერი უთქვამთ ისტორიკოსებს. ამიტომაც გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ისტორიის ამ წინააღმდეგობით სავსე მონაკვეთის შესახებ. მართლაც დიდი სიმამაცით იბრძოლეს მოხევეებმა ბოლშევიკების წინაარმდეგ და არ მისცეს ნება საქართველოში დარიალიდან შემოსულიყვნენ. უდიდეს სიამაყეს იწვევს, იმ უბრალო მოხევების თავგანწირვა და ერთგულება თავისი ქვეყნისადმი, რომელთაც მოახერხეს დარიალის დაცვა ორივე მხრიდან თავდასხმების მიუხედავად. მათში მტკიცე აღმოჩნდა მამა-პაპისგან ტრადიციით მიღებული მოვალეობა საქართველოს კარის _ დარიალის დაცვისა", _ აღნიშნა ჯიმშერ წიკლაურმა.
ლევან გომიაშვილი
|