ნანახია: 844
ქართველების 12 საათიანი სამუშაო დღის ანაზღაურება 350 ლარს არ აღემატება, ხოლო ინდოელების ხელფასი 800 დოლარიდან იწყება
მეტალურგიურ ქარხანა "ჯეოსთილში", რომლის მფლობელებიც ინდოელები არიან, საპროტესტო აქციები დროებით შეწყვეტილია. საწარმოს მუშაობა სრულად აღდგენილია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გაგრძელდება ეს მოჩვენებითი სიმშვიდე. 17 მაისს გამოცხადებული გაფიცვა, რომელიც იქ დასაქმებულებმა წამოიწყეს, ქარხანაში არსებულმა გაუსაძლისმა პირობებმა გამოიწვია. მუშები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ქარხანაში სამუშაო პირობების კუთხით საშინელი ვითარებაა, არ არსებობს საპირფარეშო, საშხაპე, სასადილო ოთახი და მუშებს პირდაპირ დაზგებთან უწევთ საკვების მიღება, რომელიც თითოეულ მათგანს სახლიდან მიაქვს. მუშებს არც სასმელი წყალი აქვთ. უსაფრთხოების დაცვის ზომებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. იყო შემთხვევა, როდესაც ქარხნის ერთ-ერთ მუშას საჭრელმა დაზგამ თითები მოაჭრა, თუმცა კომპენსაციაზე მას საწარმოს მფლობელთაგან არავინ დალაპარაკებია. "ჯეოსთილი" ინდურ-ქართული საწარმოა და ერთ-ერთი უდიდესი უცხოური ინვესტიციაა საქართველოში, რაც ინდუსტრიულ სფეროში ჩაიდო. ქარხანა სამთო-სამრეწველო, ენერგეტიკული, ცემენტის წარმოების, სამშენებლო და ლოგისტიკის საქმიანობითაა დაკავებული. საწარმოო ინფრასტრუქტურა მასშტაბურია და 12 ჰექტარზეა განთავსებული. აქ წელიწადში 175 000 ტონა არმატურას აწარმოებენ. ქარხანაში დასაქმებული 550 (დაახლოებით) ადამიანიდან 100 თანამშრომელი ინდოელია, ხოლო დანარჩენი ქართველი. ამ უკანასკნელთა დიდი ნაწილი შავ მუშად მუშაობს და მათი ხელფასის ოდენობა 350 ლარს არ აღემატება, ინდოელები კი ძირითადად მენეჯერის უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ და მათი ხელფასები 800 ამერიკული დოლარიდან იწყება. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიბება დააპირა. ეს ადამიანი მაშინვე სამსახურიდან გაანთავისუფლეს. სასამართლომ კი მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და "ჯეოსთილის" სასარგებლო განაჩენი გამოიტანა. ამის შემდეგ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, მუშებმა პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით პერმანენტული აქციები დაიწყეს, თუმცა, მათი მოთხოვნა ქარხნის ადმინისტრაციის მხრიდან არცერთხელ არ დაკმაყოფილებულა. "ბოლო გამოსვლა კი ყველაზე მასშტაბური გამოდგა, მათ, პრაქტიკულად, მთელი ქარხანა გააჩერეს და გარეთ გამოვიდნენ. მეორე საღამოს ქარხნის ინდოელმა ხელმძღვანელმა თავის მიერ ხელმოწერილი დაპირება გამოაგზავნა, სადაც ეწერა, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა ეტაპობრივად, ექვსი თვის განმავლობაში მოაგვარებს გასახდელების, საპირფარეშოების პრობლემას, ხოლო ანაზღაურების მომატება მხოლოდ იმ მუშებს შეეხება, ვისაც ქარხანაში ერთ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. ცვლის უფროსებს დაევალათ, რომ ინდივიდუალურად განიხილონ ყველა ადამიანის შესაძლებლობა და მონაცემები, ის, თუUრამდენად კვალიფიციური და ხარისხიანია მის მიერ შესრულებული სამუშაო და ა.შ. ანუ მუშებს ხელფასები ცვლის უფროსების შეხედულებისამებრ მოემატებათ", _ განაცხადა ჩვენთან საუბარში თამაზ დოლაბერიძემ. როგორც "ბანკები და ფინანსებმა" გაარკვია, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქარხანაში ერთ წელზე მეტია მუშაობს, დასაქმებულთა 20 პროცენტს არ აღემატება. ამის მიზეზი კი, ისევდაისევ, აქ არსებული გაუსაძლისი პირობებია. ქარხანაში არსებული ურთულესი სამუშაო პირობების გამო ადამიანები თავს ვერ იმკვიდრებენ და კოლექტივი მუდმივად იცვლება. თამაზ დოლაბერიძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს აქცია უკანონოდ იყო წამოწყებული და ხელმძღვანელობის მხრიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ის ზარალი, რაც ქარხანამ გაფიცვის შედეგად განიცადა, მუშებისთვის დაეკისრებინათ. ამიტომაც მათ ურჩიეს სამუშაო ადგილებს დაბრუნებოდნენ. ამ ეტაპზე დასაქმებულები საწარმოს პრეზიდენტის ბიპინ შარმას მიერ წერილობით დადასტურებული დანაპირების შესრულებას ელიან და პროფკავშირების მხარდაჭერით სამომავლო გეგმებსაც სახავენ: "ჩვენ ვურჩიეთ გაფიცულებს, დასჯერდნენ იმ დაპირებებს, რომელიც ხელმძღვანელობისგან მიიღეს, განაახლონ მუშაობა, ხოლო პარალელურად დამსაქმებელთან დიალოგში პროფკავშირი ჩაერთვება. თუ დამსაქმებელი დიალოგზე არ წამოვა, შემდეგი გაფიცვა სრულიად კანონიერი იქნება. ეს ადამიანები არ იქნებიან მარტო, ჩვენ მათ მხარში დავუდგებით და არ აღმოვჩნდებით ისეთი ფაქტის წინაშე, როგორც ახლა მოხდა. კერძოდ, ჩვენ დაგვირეკეს მუშებმა მას შემდეგ, რაც უკვე ფაქტიურად გაჩერებული ჰქონდათ ფაბრიკა. ამიტომაც ვერ ჩავერიეთ და ვერ ვურჩიეთ, როგორ უნდა განეხორციელებინათ კანონიერად გაფიცვა", _ ამბობს თამაზ დოლაბერიძე. თუმცა, დოლაბერიძემ ისიც დასძინა, რომ მოსალოდენელია ხელმძღვანელობამ მათთან მოლაპარაკებებზე უარი თქვას და დიალოგის იდეა ჩაიშალოს. ასე რომ, მომდევნო პროტესტი, შესაძლოა, დოკუმენტში დასახელებულ ექვს თვეზე ადრე ვიხილოთ.
დაკო შონია
|