ნანახია: 879
20 მაისს "თიბისი ბანკის" საგამოფენო დარბაზში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა და მას ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი; სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი; ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ესწრებოდნენ. ღონისძიებას ასევე დაესწრო სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი. სავაჭრო-სამრეწველო პალატის 50 წლის იუბილეზე მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები და ინდ.მეწარმეები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო მცირე ბიზნესკომპანია ან ინდ.მეწარმე - "ჯი ჯი ჯი კომპან", საუკეთესო საშუალო ბიზნესკომპანია - "ავერსი რაციონალი"; საუკეთესო ექსპორტიორი მცირე და საშუალო ბიზნესიდან გახდა - `შ.პ.ს. ძმები ბერიძეები", ხოლო საუკეთესო ფერმერი - "შ.პ.ს. ქვენატოცკა". კონკურსის შედეგები შეაჯამა და გამარჯვებულები გამოავლინა პალატასთან შექმნილმა საკონკურსო კომისიამ. ძირითადი კრიტერიუმები ჯემალ ინაიშვილის თქმით, უცხო ენის ფლობა იყო, - "მთავარი კრიტერიუმი იყო უცხო ენის ცოდნა, ვინაიდან უცხოელი ბიზნესმენები აქ ჩამოდიან, ჩვენი წარმომადგენლები კი იქ მიდიან. ასე მათ მუდმივი კონტაქტი აქვთ, ჩვენ ამასაც ვადევნებთ თვალს. ამ პროგრამის ფარგლებში ევროპის ბაზარი იყო პრიორიტეტი, თუმცა, აზიის მიმართულებაც ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის სავაჭრო-სამრეწველო პალატა იყოს აქტიური მონაწილე პროცესებისა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან, მათი მეშვეობით ვახორციელებთ ჩვენს საქმიანობას. თვის ბოლოს ველოდებით წარმომადგენლობით დელეგაციას აზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან და მის პრეზიდენტს. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გასვლით ღონისძიებას აზიის რეგიონში". პალატის საქმიანობა დადებითად შეაფასა პოლოლიკაშვილმა და განაცხადა, რომ მათთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო ექსპერტების ნაწილმა გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვა. დავით ნარმანიამ მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა: `სავაჭრო-სამრეწველო პალატა უფრო ქმედითი ორგანო უნდა იყოს, ისევე, როგორც ძალიან ბევრი მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო-სამრეწველო პალატები არიან. ანუ მან მეტად უნდა შეძლოს თავისი ფუნქციური დატვირთის შესრულება. არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს-ფორუმების ორგანიზებით, არამედ მან სხვა ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების მსგავსად, საქონლის წარმოშობის დადასტურება და ექსპორტის სტიმულირებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელება უნდა მოახდინოს. იქ პალატის წევრები ძალიან დიდი სიამოვნებით საქმიანობენ და, შესაბამისად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე იხდიან გადასახადებს. საქართველოს შემთხვევაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში სავაჭრო პალატის ფუნქციების შემცირება მოხდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ფუნქციების გაზრდის ხარჯზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი, პირიქით სავაჭრო პალატა უნდა გაძლიერდეს და ის რეალურად უფრო მეტად ქმედითი ორგანო უნდა გახდეს". - განმარტა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიებს, მათთვის ეს დიდი სტიმულია და მათ ეს გამარჯვება უფრო დიდი გეგმების განხორციელებაში შეუწყობს ხელს". ?ადლობა ყველას ვინც ჩვენი შრომა დააფასა. ეს მოგვცემს სტიმულს, რომ უფრო მეტად გავფართოვდეთ და მეტი ხარისხიანი ვაშლი მოვიყვანოთ. ჩვენი კომპანია 8 ფერმერს აერთიანებს. ჯერჯერობით მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში მოგვყავს ვაშლი. ასევე ვაწარმოებთ ამ ვაშლის საჯიშეებს. მუშაობა დავიწყეთ 2007 წლიდან. 7000 ძირი უკვე გაშენებული გვაქვს ამ წელს კიდევ გავაშენებთ 3000 ძირს და 2011 წლისთვის ველოდებით უკვე 100 ტონაზე მეტ ვაშლს", - განუცხადა ჟურნალისტებს საუკეთესო ფერმერის ნომინაციაში გამარჯვებულმა კოოპერატივ "ქვენატოცკას" დირექტორმა გურამ გელაშვილმა. დაკო შონია
|