ნანახია: 648
ფონდი ,"ღია საზოგადოება – საქართველო" ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდთა ქსელის წევრი ორგანიზაციაა. ფონდი პრიორიტეტულ მიმართულებათა მიხედვით გასცემს გრანტებს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე. ფონდის მთავარი პრიორიტეტებია: ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; მედიის მხარდაჭერა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; აკადემიური მხარდაჭერა; კულტურა და ხელოვნება; პარტნიორობა აღმოსავლეთ ევროპასთან. 2005 წლიდან "ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო" მუშაობს პროგრამაზე "ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება", როგორც ფონდში აცხადებენ, ამ პროგრამის შედეგად დაფინანსდა უამრავი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება დღეისათვის დაახლოებით 175 000 დოლარს შეადგენს. "პროგრამა "ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება" არის ყველაფერი, რაც ეხება ბიუჯეტის გამჭვირვალობას, იქნება ეს მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი, ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტების მონიტორინგი და სხვადასხვა კუთხით ბიუჯეტის მონიტორინგი. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს. შერჩევა ხდება შემდეგნაირად: ცხადდება კონკურსები, იმარჯვებენ პროექტებში, არის, ასევე, ბევრი მიმდინარე პროექტიც. ყველა პროექტში ვერ მიიღწევა 100%-იან შედეგი. შეიძლება ზოგი პროექტი უფრო წარმატებული იყოს, ზოგი არა. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება უნდა ეცადოს ხელი შეუწყოს ბიუჯეტის გამჭვირვალობას", - ამბობს "ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს" საბიუჯეტო გამჭვირვალეობის პროგრამის კოორდინატორი ირინა ლაშხი. ექსპერტთა უმრავლესობა ამ პროექტებს წყალში ფულის გადაყრად აფასებენ და თვლიან, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა და ბიუჯეტის პროექტის მზადების პროცესში საზოგადოების ჩართულობა თითქმის ნულის ტოლია. ამ საკითხთან დაკავშირებით ირინა ლაშხი აცხადებს, რომ მართალია ხარვეზები არის, თუმცა, ბიუჯეტის გამჭვირვალეობა მაინც თვალში საცემია, - "2005 წლიდან ვმუშაობთ ამ პროგრამაზე და ბევრი რაღაც გაუმჯობესდა, მაგალითად პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადავიდა სახელმწიფო, თუმცა, რა თქმა უნდა, ხარვეზებიც ბევრია". ექსპერტები განმარტავენ, რომ ბიუჯეტის მთავარი პრობლემა გამჭვირვალობის საკითხია. სპეციალისტების განცხადებით, ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც დაგეგმვისა და ანალიზის პროცესში გამჭვირვალე უნდა იყოს, საზოგადოება კი ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს. ექსპერტების ინფორმაციით, დღეს საქართველოში ბიუჯეტის შესახებ საჯარო განხილვები ფაქტიურად არ ეწყობა. "ბიუჯეტის არსებული ფორმატით ძნელია გაარკვიო, თუ რაში ხარჯავენ ფულს მხარჯავი დაწესებულებები. როცა ცდილობ ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოიპოვო, შესაბამისი უწყებები ძალიან მწირ ინფორმაციას გაწვდიან. პრობლემა ხდება ასევე ბიუჯეტის პროგრამული დამუშავებაც", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია. ნინო თამაზაშვილი
|