ნანახია: 8339
მოსალოდნელია თუ არა ქართული ელექტროტექნიკის ბაზარზე ფასების შემცირება როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ტექნიკის ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია "ტექნო ბუმი" გამოვიდა., რომლის დამფუძნებელიც კომპანია "ელიტ ელექტრონიკსის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეა. თუმცა, გახმაურებული მოვლენების შემდეგ, მას ეს უკანასკნელი კომპანია ჩამოერთვა და ახლა იგი ელექტრო-ტექნიკის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ახალი კომპანიით ცდილობს. ახლადშექმნილი კომპანიის მენეჯმენტის დაპირება, რომელიც მომხმარებელს ტექნიკაზე დაბალ ფასებს ჰპირდება, შესრულებადია. მართლაც, მაღაზიათა ქსელ "ტექნო ბუმ"-ში ფასები ელექტროტექნიკაზე მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასებისგან. მენეჯმენტში დაბალი ფასების მიზეზად შემდეგს ასახელებენ: "ამის შესაძლებლობას ის გვაძლევს, რომ მომწოდებლებმა ჩვენი სიტუაცია გაითვალისწინეს და განსაკუთრებული პირობები შემოგვთავაზეს. ისინი პროდუქციას ადრინდელზე ნაკლებ ფასად გვაწვდიან, შესაბამისად, თვითღირებულება ნაკლები გვიჯდება. მაღაზიის გახსნის პირველი სამი საათის განმავლობაში 30 000 ლარის ნავაჭრი გვქონდა, რაც საკმაოდ კარგი დასაწყისია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ "ტექნო ბუმი" უკვე წარმატებული კომპანიაა", - აცხადებს ეთერ ქოქოლაძე. ჯერ-ჯერობით უცნობია, ასეთივე წარმატებით გააგრძელებს თუ არა კომპანია საქმიანობს მომავალში, თუმცა, ფაქტია, რომ ბაზარზე "ტექნო ბუმის" დაბალი ფასებით გამოჩენამ კონკურენტები უკვე შეაშფოთა. ბოლო ერთი თვეა კომპანია "ელიტ ელექტრონიქსში" საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე არნახული ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს. კერძოდ, აქცია სხვადასხვა დასახელების ტექნიკაზე 5-დან 50%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს და გარკვეული ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, დამატებით საჩუქარსაც მოიცავს. დაახლოებით 10 დღეა რაც "ელიტ ელექტრონიქსის", "ელიტელისა" და "მობის" ერთობლივი აქცია დაიწყო, რაც, სავარაუდოდ, ბაზარზე ახალი კონკურენტის გამოჩენას და ბაზრის წილის დაკარგვის საფრთხეს უნდა უკავშირდებოდეს. ახალი ქსელის გახსნის დღეს, "ელიტ ელექტრონიქსის" უკვე მოქმედმა მენეჯმენტმა ქსელიდან 1 მილიონი ლარის პროდუქცია ამოიღო, რის მიზეზადაც ყოფილი მენეჯმენტის მიერ უხარისხო და გაურკვეველი პროდუქციის შეძენა დაასახელა. უცნაურია, რომ ქსელიდან უხარისხო პროდუქციის ამოღება მაინცდამაინც ახალი კომპანიის პრეზენტაციის დღეს დაემთხვა. ალბათ, ეს უფრო იმას უნდა მივაწეროთ, რომ "ელიტ ელექტრონქსში" პერსპექტივაში "ტექნო ბუმს" რეალურ კონკურენტად განიხილავენ. თუმცა, "ელიტ ელექტრონიქსის" ამჟამინდელი მენეჯმენტის განცხადებით, ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ახალი კომპანიის გამოჩენა ამ ვითარებას ვერ შეცვლის. "თანაც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ელიტ ელექტრონიქსი" უდავო ლიდერია მაღაზიების ქსელითა და პროდუქციის სიმრავლით", - აცხადებენ კომპანიაში. ამ ეტაპზე არ არსებობს ზუსტი მარკეტინგული კვლევა, თუ ვინაა ბაზრის ლიდერი. თუმცა, კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" ბაზრის ლიდერობას არ ადასტურებს ვებ-გვერდ ცომმერსანტ.გე-ზე მიმდინარე თვის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი უპირატესობას ყველაზე მეტად კომპანია "მეგატექნიკას" ანიჭებს, მეორე ადგილზე "არია თუმოროუ", ხოლო მესამეზე "ელიტ ელექტრონიქსი" გავიდა. კომპანია "მეგატექნიკის" დირექტორის მოადგილის ლაშა ხუციშვილის თქმით, ბაზარზე ახალი კომპანიის დაბალი ფასებით გამოჩენა ტექნიკის ბაზარზე კონკურენციას გაზრდის, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ უცნობია ახალი კომპანიის ფინანსური ბერკეტები, კონკურენციის მასშტაბებზე საუბარი უჭირს.
|