ნანახია: 1502
ხელშეკრულება საბოლოოდ შეჯერებული არ არის
თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი კულტურული ძეგლების სავალალო მდგომარეობა, რომელიც საზოგადოების ფართო განხილვის საგნად იქცა, უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს - იქ აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ყოფნა-არყოფნის საკითხი იმ ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული, რომელიც თურქეთსა და საქართველოს შორის უნდა გაფორმდეს. საუბარია თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ შემდეგ ძეგლებზე: ოშკი, ხანცთა და იშხანი. ეს გადაწყვეტილება თურქეთ-საქართველოს შორის გამართული მოლაპარაკებებისა და შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული. ხელშეკრულებაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შემდეგაც ის ძალაში შევა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, სანაცვლოდ აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამ ოსმალურ სიძველეს – ახალციხეში მეჩეთს, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში ჯამეს ჩაუტარდება რესტავრაცია და ბათუმში აშენდება აზიზიეს მეჩეთი. ეს უკანასკნელი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწვა და მერე იქ საცხოვრებელი კორპუსი აშენდა, ფოტოები გადარჩენილია, რის საფუძველზეც მოხდება მისი აღდგენა. სოფელ კვირიკეში არსებული ჯამე კირითხუროობის მნიშვნელოვანი ძეგლია. აქ მხოლოდ თურქულზე საუბარი არ შეიძლება. ეს არის ლაზურ-კოლხური ქართული კულტურის გამოხატულება, ისევე, როგორც ახალციხის მეჩეთი, რომელშიც ახლა ეროვნული მუზეუმის ლაპიდარიუმია განთავსებული – გამოფენილია ქვის ფონდი, სადაც არის ქართული ასომთავრული წარწერები, რელიეფები, ხატები, სომხური საფლავის ქვები, ესენი იქ დარჩება. აღსანიშნავია, რომ ეს სიძველეები აღდგება, როგორც კულტურის ძეგლები. მათი თავდაპირველი _ რელიგიური ფუნქციით აღდგენა ხელშეკრულებაში, ჯერჯერობით, არ არის გათვალისწინებული. თუ ეს საკითხი წამოიჭრა რომელიმე მხარის მიერ, იგი განხილული უნდა იყოს სხვა, არა ამ ხელშეკრულების ფარგლებში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის განმარტებით, ასეთი გაცვლითი ხელშეკრულება, რომლის პრინციპიც ნაცვალგებით მოქმედებაა, საკმაოდ გავრცელებული მოდელია თანამედროვე დიპლომატიაში. რელიგიური საკითხი ასეთი ხელშეკრულების საგანი არ არის, იგი მხოლოდ ძეგლთა გადარჩენას ემსახურება. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება სოლიდურ თანხებსა და გამოცდილ, კვალიფიციურ სპეციალისტებს მოითხოვს. ნიკა ვაჩეიშვილის განმარტებით, როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, თანხები დაუყონებლივ იქნება გამოყოფილი საქართველოს ბიუჯეტიდან, გარდა ამისა, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში ნიკა ვაჩეიშვილს კერძო სექტორის წარმომადგენლები და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდიც ეიმედება. თუმცა, წინასწარ იმის დადგენა, თუ რა თანხას მოიცავს ამ პროექტის განხორციელება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ჩატარებულია ამ ძეგლების წინასწარი კვლევითი სამუშაოები, რომლის საფუძველზეც მოხდება ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტის შედგენა და მთლიანად პროექტის განხორციელება. `მთავარია, საქმე დაიძრას. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ ამ ძეგლებზე უნდა შედგეს საპროექტო დოკუმენტაცია, რაც ზუსტად დაადგენს საჭირო თანხის რაოდენობას. მხოლოდ ამ ეტაპის გასვლის შემდეგ დაზუსტდება ბიუჯეტის რაოდენობა და მისი წყარო თუ წყაროები, როგორც სახელმწიფო, ისე, დარწმუნებული ვარ, კერძო დონორებისგან", - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ვინ ჩაატარებს აღდგენით სამუშაოებს და ვინ უხელმძღვანელებს მას, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ამ პროცესს ქართველი ექსპერტები, სპეციალისტები და ამ საქმის მცოდნე ადამიანები განახორციელებენ. კონკრეტულად ვინ, ამაზეც საუბარი ჯერ ნაადრევია და განსაზღვრული არ არის. ნიკა ვაჩეიშვილი აღნიშნავს, რომ თურქეთის მხრიდან არის სრული მზაობა იმისა, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ეს გამოიხატება როგორც მორალურ, ისე ჰუმანურ დახმარებაში და რაც მთავარია, იურიდიული საკითხების გახსნილობაში. რაც მობილური და ელასტიური თანამშრომლობის შედეგია. "ფაქტია, რომ ქართველი ექსპერტების ძალისხმევით დღეს გვაქვს ძეგლების შესახებ საკმაოდ მდიდარი კვლევითი მასალა, რაც საფუძვლად დაედება ძეგლის პირვანდელი სახის დაბრუნებას. ძეგლებზე მომუშავე კომპანია თუ კომპანიები არსებობენ, ამ ძეგლებზე შეირჩევა საუკეთესო სარესტავრაციო ძალები", - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი.
რამდენად იქნება საპატრიარქოსა და მოსახლეობის აზრი გათვალისწინებული ხელშეკრულებაში
გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსახლეობის აზრი, კონკრეტულად ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის შესახებ, ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის აზრი, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია, მაგრამ ამავე დროს გადაწყვეტილებების მიმღებებმა უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებრივი აზრი არის დადებითი და ვისაც ნანახი აქვს ჩვენი ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობა, ის უდაოდ თანხმდება იმაზე, რომ ეს არის საშვილთაშვილო საქმე და მისი გადადება არაფრით შეიძლება. რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, არსებობს ოფიციალური წერილი, სადაც მისი უწმინდესობა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს პოზიციების თავიდან, ერთობლივად შეჯერებას და თურქულ მხარესთან მოლაპარაკების დროს, პრინციპული პოზიციის გამოჩენასა და არგუმენტირებული შემხვედრი პრეტენზიების დაყენებას. ხელშეკრულება გადამწყვეტ, ბოლო ფაზაშია. ვნახოთ, რა ფორმატით და როგორი პირობებით იქნება ის საბოლოოდ მიღებული. ოსმალურ ძეგლებს, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნუსხაში მოხვდებიან, სამუშაოებს თურქეთის მხარის მიერ შერჩეული სპეციალისტები ჩაუტარებენ, რადგან, როგორც ნიკა ვაჩეიშვილი აღნიშნავს, ასეთი სპეციფიური სამუშაო სწორედ იმ ქვეყნის წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ, რომელი ქვეყნის კულტურულ-ისტორიულ ღირებულებასაც ესა თუ ის ძეგლი მიეკუთვნება, რათა თავიდან იქნას აცილებული უზუსტობა და ხარვეზები. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძეგლები, თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა, თუმცა, სამწუხაროდ, თბილისის ომის დროს ეს მასალები განადგურდა. ბოლო წლებში სხვადასხვა ექსპედიციის ფარგლებში შესწავლილი იქნა ამ ძეგლების მდგომარეობა. ცალკეულ შემთხვევებში იყო ფრაგმენტული ქმედებები, რამაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პოზიტიურად იმოქმედა ამ ძეგლებზე. მაგალითად, 2006-2007 წლებში ოშკის ტაძართან მოიჭრა კაკლის ხე, რომლის ფესვებიც ტაძარს აზიანებდა და სხვა პრობლემებსაც უქმნიდა, ასევე, მოინგრა ტაძარზე მიშენებული ფეხთსაბანი, რომელიც ისლამის ერთ-ერთი რიტუალის შესრულების დროს ფეხის დასაბანად გამოიყენებოდა. ტაძარში სხვადასხვა დროს მეჩეთი, ბოსელი და პურის საცხობი ყოფილა განთავსებული. აღსნიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ძეგლები არ არის შეტანილი იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში, რადგანაც წლების განმავლობასი მიდიოდა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რომელი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში იყო ეს ძეგლები – სომხური, ქართული თუ თურქული. ბანა შველას ითხოვს
ამ დღეებში, ასევე, ცნობილი გახდა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული კიდევ ერთი ძეგლის – ბანას სავალალო მდგომარეობის შესახებ, სადაც განძისმაძიებლების მიერ სამარხები იქნა გათხრილი. რის შედეგადაც ტაძრის კედელთან ძვლების გროვაა მიმოფანტული. გათხრილ ორმოებში კი წვიმის წყალი ჩაედინება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ძეგლის ისედაც მძიმე მდგომარეობას. როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე გივიაშვილი მიიჩნევს, ნაკლებსავარაუდოა, რომ ოქროსმაძიებლებს რაიმე წარმოდგენა ჰქონდეთ კონკრეტულად სამეფო სამარხების არსებობაზე და მით უფრო დაუჯერებელია, რომ მათ ამ სამარხებამდე ჩაეღწიათ. "ტაძარი ამოვსებულია რუსეთ-თურქეთის ბრძოლებისას წარმოებული აფეთქებების დროს ჩამოქცეული გუმბათისა და კედლების მთლიანი ნაფლეთებითა და ქვებით. ვფიქრობ, რომ ამოთხრილი ძვლები ამ აფეთქებისას დაღუპულ ჯარისკაცებს უფრო შეიძლება ეკუთვნოდეს, ვიდრე ბანაში დაკრძალულ სამეფო ოჯახის წევრს", - ამბობს ირინე გივიაშვილი. ხელშეკრულებაში ბანას აღდგენა, ჯერჯერობით, შეტანილი არ არის. შევა თუ არა, ესეც უცნობია.
მცირე ისტორიული წიაღსვლა
დღესდღეობით თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების დაკარგვის პროცესი მე-17-მე-18 საუკუნეებში დაიწყო, შესაბამისად, როცა ამ ტერიტორიების დაკარგვა ხდებოდა. მე-17 საუკუნეში ამ ეკლესია-მონასტრებში საეკლესიო ცხოვრება უკვე შეწყვეტილი იყო. როგორც ცნობილია, საზღვრები საბოლოოდ ყარსის 1923 წლის ხელშეკრულებით გაფორმდა, რაც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც ვაღიარეთ. სანამ ხელშეკრულებას მივიღებდეთ და ამ ძეგლებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ ამ ძეგლების შექმნის ისტორიას. ძეგლების არქიტექტურული, კულტურული, ისტორიული ღირებულებებისა და მათი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე გივიაშვილი. ხანცთის ნამონასტრალი ახლა ართვინის რაიონის სოფელ ფირნალის (Pirnali) შემადგენლობაში შედის, სამანქანო გზა უკანასკნელ დრომდე არ არსებობდა და ამ გზის გაყვანისას წარმოებულმა აფეთქებებმა გამოიწვია ნაგებობათა იმგვარი დაზიანება, რომ გუმბათმა მოზღვავებულ ნალექსაც კი ვერ გაუძლო. ხანცთის მონასტრის ის ეკლესია, რომლის ნგრევის მომსწრენიც გავხდით, X საუკუნის პირველი ნახევრის ნაგებობაა და ის გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალების შემდეგაა აგებული. ეს გუმბათიანი ეკლესია ე.წ. ჩახაზული ჯვრის ტიპის ერთ-ერთ უადრესი ნიმუში, გუმბათი ეყრდნობა 2 კედლის შვერილსა და 2 დამოუკიდებლად მდგომ ბურჯს. მაგრამ გუმბათს საყრდენი ბურჯები გამონგრეული აქვს და ის სასწაულებრივად აღმართული გამოიყურება. აქ უნდა ვთქვათ, თუ რაოდენ მაღალ დონეზე ახდენდნენ კონსტრუირებას ტაო-კლარჯეთის არქიტექტორები. საქართველოს სხვა რაიონებში ფაქტიურად არცაა შემორჩენილი არცერთი გუმბათი ამ დროისა. ხანცთის მთავარი ეკლესიის ხუროთმოძღვარი იყო ამონა. ოშკი სამონასტრო კომპლექსი იყო, ის ერზერუმის ვილაეთში, სოფელ ჩამლიამაჩის (Camliyamac) საზღვრებში შედის და თურქულად ოშვანკსაც უწოდებენ. სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა დიდი გუმბათიანი ტაძარია, სამაფსიდიანი გეგმისა, მისი შენებისა და მაშენებელთა შესახებ ამბები თავად ტაძრის კედლებზე არსებული წარწერებიდან ვიცით. აუგიათ ქართველთა სამეფოს მეფეს, დავით III კურაპალატს და მის ძმას ბაგრატ ერისთავთ ერისთავს. მშენებლობის ზედამხედველი გრიგოლ ოშკელი ყოფილა, ტაძრის შენება 963 წლის ხარება დღეს, 25 მარტს აკურთხეს; მშენებლობა კი 10 წელს გაგრძელებულა. 1047 წლის ოშკის ტაძარი განადგურების პირასაა და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს. გარღვეულია გუმბათის დამჭერი კონსტრუქცია და ყოველწლიურად იძარცვება რელიეფებისგან. ოშკი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერა იყო. სწორედ ოშკის მაშენებლების, დავით კურაპალატისა და ტაოს მემამულის თორნიკე ჩორდვანელის (ოშკის მონასტრისთვის მიწა მისი შეწირული იყო) მიერ იქნა დაარსებული ათონის ივერთა მონასტერი და არქიტექტურული იდეაც ოშკიდან იქნა წაღებული. მეფე ბაგრატის მიერ აგებული ტაძარი ქუთაისში ოშკის არქიტექტურის ერთგვარი ვარიაციაა და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც ოშკს ხშირად შეცდომით კათედრალსაც უწოდებენ ხოლმე. იშხანი ართვინის ვილაეთში, მაღალ მთებში მდებარე სოფელშია, რომელსაც ახლაც იშხანი ჰქვია. იშხანი ჯერ კათედრალი იყო, მოგვიანებით კი მონასტერი. მისი დაარსების ისტორია მეშვიდე საუკუნის სომეხთა მართლმადიდებელი კათალიკოსის ნერსესის სახელს უკავშირდება, და დიდი ტაძრის აღმოსავლეთი თაღნარიც ნერსესიდროინდელად იყო მიჩნეული, თუმცა, როგორც თურქმა ხელოვნებათმცოდნემ, დოქტორმა მინე კადიროღლუმ დაასაბუთა, ნერსესიდროინდელი არქიტექტურა აქ დარჩენილი არ არის და ადრეული პერიოდი საბა იშხნელის მოღვაწეობას მიეკუთვნება. ტაძარი მოგვიანებით კვლავ განახლებულა და ეს სახე, რომლითაც ჩვენამდეა მოსული, XI საუკუნის დასაწყისში მიუღია. ეს საკმაოდ დიდი გუმბათიანი ეკლესიაა, გუმბათს 4 მასიური ბურჯი იკავებს. დღეს ყველა კამარა და მრავალი თაღი ჩამონგრეულია, მხოლოდ გუმბათის სფეროა შენარჩუნებული, სადაც დღემდე კარგადაა შემორჩენილი ჯვრის ამაღლების კომპოზიცია. თაყაიშვლის ცნობით, როცა ეკლესიის დასავლეთის მკლავში მეჩეთი გაუხსნიათ, დასავლეთი მკლავის ფრესკებიც მაშინ ჩამოუყრიათ. სოფლის მოსახლეობა ტაძარს პატივს სცემს და უვლის კიდეც; იშხანი თურქეთის მრავალი ტურისტული ბუკლეტის შემადგენლობაშია შეტანილი. რაც შეეხება ბანას. ჩემთვის უცნობია, იგეგმება თუ არა ბანას კონსერვაციის საკითხი. ვადასტურებ, რომ ოქროსმაძიებლებმა გათხრები გასულ ზაფხულს ნამდვილად ჩაატარეს, და სამხრეთ შესასვლელის წინ მიწა იმდენად ამოთხარეს, რომ აქამდე დაფარული კარის ღიობი გამოაჩინეს, თუმცა მე რაც ვნახე 2009 წლის სექტემბერში, კედელი არ იყო გამონგრეული. მაგრამ ბანას მდგომარეობა ნამდვილად სავალალოა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენს თვალწინ გაქრა აღმოსავლეთის თაღნარიდან კაპიტელები და სვეტები. ჩამოიშალა კედლის ცალკეული ფრაგმენტები. ტაძარი დიდწილად მიწაშია ჩაფლული და რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს მეორე სართულის დონეა. ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ბანას არქეოლოგიური გათხრა და შემდგომ მისი კონსერვაცია. ეს ხომ მსოფლიოში გავრცელებული გარშემოსავლელიანი ტეტრაკონქის ის ერთადერთი ნიმუშია, რომელმაც კონსტრუქციული მდგრადობის გამო დროს გაუძლო და მხოლოდ რუსეთ-თურქეთის საბრძოლო მანევრებს შეეწირა (ტაძარი ოსმალთა ჯარის მიერ საფორტიპიკაციო ნაგებობად იქნა გამოყენებული, რომელიც რუსეთის ჯარის მიერ იქნა აფეთქებული 1877-78 წლის ბრძოლების დროს). თავისი ადგილმდებარეობითა და არქიტექტურული ხასიათით ბანა დღესაც ერთ-ერთ შთამბეჭდავ სანახაობად რჩება აღმოსავლეთ თურქეთში. გერმანელი მოგზაური კოხი, რომელმაც ბანა დანგრევამდე 1843 წელს ნახა, წერდა, რომ კონსტანტინოპოლის აია სოფიის შემდეგ მას მსგავსი დიდებული არქიტექტურული ნიმუში მთელს აღმოსავლეთში არ ენახა. სამწუხაროა, რომ არც კოხს გაუკეთებია ბანას ჩანახატი და ვერც ქართველმა სიძველისმცოდნეებმა მიუსწრეს მას. ბანას ერთადერთი ილუსტრაცია ოშკის სამხრეთი მკლავის ფრესკაზე ზუსტად იმ დონემდეა შემორჩენილი, რა დონემდეც თავად ტაძრის კედლები. ასევე უცნობია, როდის აშენდა ბანა, X საუკუნის დასაწყისში თუ მეშვიდე საუკუნეში. რაც შეეხება ხელშეკრულებას, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, საუბარი სამ-სამი ძეგლის გარშემო მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმება არა მხოლოდ 3 ტაძრის შენარჩუნებას ნიშნავს. ხანცთის, ოშკის და იშხანის გადარჩენით საფუძველი გაცილებით დიდ პროექტს უნდა ჩაეყაროს და მე მას საქართველოსთვის ისტორიულ პროექტად განვიხილავდი. მისასალმებელია თურქული მხარის მზაობა მომავალში წირვის დაშვების თაობაზე, თუმცა ეს ცალკე მოლაპარაკების საგანია და შეთანხმება ჯერ გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების წარმოებაზე უნდა გაფორმდეს, რა თქმა უნდა, არქეოლოგიური კვლევის თანხლებით. ვიმედოვნებ, რომ ინტენსიური საარჩევნო გაზაფხულის შემდეგ, მოლაპარაკებები უკვე კულტურის მინისტრების დონეზე ხელმოწერით გაფორმდება და ოშკის ტაძარი შემდეგ ზამთარს შემაგრებული შეხვდება.
ციცო კაიკაციშვილი, ქეთი ქასრაშვილი
|