ნანახია: 559
"ოპტიმისტურად დაგეგმილმა ბიუჯეტმა ქვეყანას დიდი ოდენობის საგარეო ვალი მოუტანა" ლევან ბეჟაშვილი
რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატამ სახელმწიფო უწყებებში არსებული დარღვევების შესახებ განაცხადა. მხარჯავი უწყებების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ უმრავლესობაში ძველი დავალიანებებია, ანგარიშები კი არაზუსტი და არარეალური. დამრღვევებთა შორის არიან ჯანდაცვის, ეკონომიკის, ენერგეტიკის სამინისტროები და უზენაესი სასამართლო. როგორც აღმოჩნდა, რეგიონული განვითარების სამინისტროს თავის ანგარიშში "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" ხარჯები არ აქვს შეტანილი, ეკონომიკის სამინისტროს კი ფინანსური აქტივების ზრდა არ აქვს ასახული. კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ სარეზერვო ფონდების შესახებ ინფორმაცია ზუსტი არ არის. უცნობია, თუ რაში დაიხარჯა რამდენიმე მილიონი ლარი. 2009 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 32 სხვადასხვა განკარგულების შესაბამისად ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 213,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც თავდაპირველი გეგმით განსაზღვრულ ოდენობას 30,6 მლნ-ით აღემატება. ამასთან, მთავრობის ანგარიშში არაფერია ნათქვამი თანხების ათვისებაზე. 2009 წლის მოხსენებაში საყურადღებოა დიდი რაოდენობით საგარეო ვალისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გახშირებული დაფუძვნების თემა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთი `ბანკები და ფინანსები~ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს გაესაუბრა:
- როგორც ცნობილი გახდა, კონტროლის პალატამ სახელმწიფო ორგანოებს მორიგი დარღვევები აღმოუჩინა. კონკრეტულად რომელ ორგანოებს შეეხო ეს და რის საფუძველზე ადანაშაულებს მათ კონტროლის პალატა?
- დაინტერესებული საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მარტის თვისთვის საქართველოს პარლამენტში წარადგენს ანგარიშს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე. სამინისტროებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში ჩატარებული აუდიტების შედეგების, სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ინფორმაციისა და მთავრობის ანგარიშში მოცემული მონაცემების შემოწმების შემდგომ, აღნიშნულ ანგარიშზე კონტროლის პალატა ამზადებს მოხსენებას, რომლის ნახვაც კონტროლის პალატის ვებ-გვერდზეცაა შესაძლებელი. გასული თვის დასასრულს კონტროლის პალატამ საქართველოს პარლამენტს სწორედ ეს მოხსენება წარუდგინა, რომელიც შეეხება მთავრობის მიერ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხს. დანაშაული ან დამნაშავე გახლავთ ის სიტყვები, რომლებსაც 2008 წლის ბოლოდან კონტროლის პალატის დოკუმენტაციაში ვერ შეხვდებით. სწორედ 2008 წლის ბოლოს მიღებულმა ახალმა კანონმა "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" განსაზღვრა კონტროლის პალატის ახალი ფუნქცია - სახელმწიფო აუდიტი და სრულად ჩამოაცილა რეპრესიული უფლებამოსილებები. ამდენად, ჩვენს მოხსენებაში მოყვანილია ფაქტები და მოცემულია შეფასება მხოლოდ არსებულ რეგულაციებთან მათი შესაბამისობის თვალსაზრისით.
- კონტროლის პალატის წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირების გახშირებულმა დაფუძნებამ საბიუჯეტო თვალსაზრისით არასასურველი ტენდენციის სახე მიიღო. რაზე დაყრდნობით აცხადებს ამას კონტროლის პალატა? რით არის გამოწვეული მსგავსი ტენდენცია?
- 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის შედეგების თაობაზე პარლამენტისთვის წარდგენილ ჩვენს მოხსენებაშიც და რამდენიმე დღის წინ წარდგენილ მოხსენებაშიც ვახდენთ ამ საკითხზე აქცენტირებას, რადგანაც ყველაზე მარტივ კითხვაზე არ არსებობს პასუხი: რამდენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებობს სახელმწიფოში. გარდა ამისა, არ არსებობს ერთიანი და სრული მონაცემთა ბაზა ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა გამგებლობაში არსებული და გამოყენებული ფინანსური და ქონებრივი რესურსების შესახებ - ჩვენი მონაცემებით ეს ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია და ასეულ მილიონზე ნაკლები არ არის აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ამ საჯარო რესურსების ერთიან სისტემაში მოქცევა, ერთგვაროვნად და გამჭვირვალედ მართვა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება, თუ რა იყო 2000-ზე მეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის მიზეზი, მეტად რთულია.
- მოცემული შედეგების დადების შემდეგ, რა ნაბიჯებს გადადგამს კონტროლის პალატა ამ მიმართულებით?
- გარდა გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტისა, კონტროლის პალატა წარმართავს ჯერ კიდევ გასულ წელს გაცხადებული პრიორიტეტების მიხედვით შედგენილი წლიური აუდიტის გეგმით გათვალისწინებულ აუდიტებს, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას წარედგინება. უახლოეს პერიოდში კი კონტროლის პალატა პარლამენტსა და საზოგადოებას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს: იმ შედეგებს, რომლებსაც რეფორმის პირველ წელს მივაღწიეთ, აგრეთვე, ახალ ინიციატივებს მიმართულს საბიუჯეტო სფეროს მართვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
- თქვენი შეფასებით, გასულ წელს სახელმწიფომ ძალიან დიდი რაოდენობის საგარეო ვალი აიღო. თქვენი აზრით, რით არის ეს გამოწვეული, იმით ხომ არა, რომ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, გაბერილი იყო ხარჯები და მთავრობა ამ ხარჯების "ტყვე" აღმოჩნდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა საკმაოდ დიდი რაოდენობით ვალი აეღო?
- გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანალიზისა და წლის განმავლობაში საბიუჯეტო კანონში 2-ჯერ განხორციელებული ცვლილების ხასიათისა და მასშტაბების გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ, რომ წლის დასაწყისისთვის მოქმედი ბიუჯეტი არ იყო ოპტიმალურად დაგეგმილი, ანუ რესურსების მობილიზება და გადანაწილება იყო ხარვეზიანი, რამაც შესაძლოა გავლენა იქონია საგარეო ვალდებულებების ზრდაზე; თუმცა კატეგორიულად გაცხადება, რომ სახელმწიფოს საგარეო ვალდებულების აღება არ დასჭირდებოდა, არ იქნება სწორი. ძნელად თუ მოიძებნება სახელმწიფო, რომელიც ყველა საზოგადოებრივ ვალდებულებას მოზიდული რესურსების, ანუ ვალის გარეშე ასრულებს - ვალის აღება პრობლემა ნამდვილად არ არის, ეს ნორმალური მოვლენაა. რადგანაც არსებობს საზოგადოებრივი ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო (სტიქია, საომარი მოქმედება, ბუნებრივი პირობები, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა და სხვა) საკუთარი რესურსების მობილიზებაში შეიქმნას პრობლემა, რომლის კომპენსირებაც სწორედ ნასესხები რესურსებით ხდება. შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ განვაცხადოთ საგარეო ვალი საერთოდ არ დაგვჭირდებოდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ოპტიმალურად დაგეგმილი და გადანაწილებული რესურსების შემთხვევაში, საგარეო ვალი შესაძლოა ამ მოცულობით არ გაზრდილიყო.
- ბოლო 2 წელია კონტროლის პალატა საკმაოდ გააქტიურდა და რამდენიმე დარღვევაც აღმოაჩინა სახელმწიფო ფინანსების ხარჯვაში. რომელიმეს თუ მოჰყოლია კონკრეტული შედეგები, თუ გამოსწორდა ამ მიმართულებებით რაიმე და აგო თუ არა პასუხი რომელიმე პირმა, ანდა სახელმწიფო ორგანომ?
- ის გარემოება, რომ სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული პრობლემატიკა იქცა საჯარო განხილვის საგნად, დაიწყო რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა და განხორციელდა ცვლილებები, გასული წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია. არანაკლები მნიშვნელობისაა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე დაწყებული საჯარო მსჯელობა - თუკი წინა წლებში ფინანსთა სამინისტროს წლიურ ანგარიშგებას წარუდგენდა მხოლოდ 27 საჯარო სამართლის იურიდიული პირი, წელს ეს რიცხვი 100-ს გადასცდა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი - საკითხი სისტემურ მოწესრიგებას მოითხოვს და დიალოგის რეჟიმში, ვფიქრობთ, არ უნდა გართულდეს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიგნება. აუდიტისას გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები ფინანსების მართვის კუთხით. იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულებაში ფინანსების აღრიცხვა, ბუღალტერია წარმოებდა "ხელით", მარტივი და მოსახერხებელი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების გარეშე. იყო და არის სხვა ნაკლოვანებებიც, რომელთა შესახებაც თვით დაწესებულებებს მივუთითეთ და რომელთა ნაწილი უკვე გამოსწორებულია ან ნაკლოვანების გამოსასწორებლად სამინისტროებსა თუ დაწესებულებებში მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები, საკადრო გადაწყვეტილებების ჩათვლით. კონტროლის პალატა არ გახლავთ რეპრესიული ფუნქციების მქონე ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღება და ვერდიქტების გამოტანა: ჩვენი ფუნქცია დარღვევა-ნაკლოვანებების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციების გაცემაა. თუკი დარღვევის ხასიათი იძლევა დანაშაულის ნიშნების არსებობის ალბათობის მაღალ ხარისხს, ამ შემთხვევაში კონტროლის პალატის, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ან საჯარო დაწესებულების, ვალდებულებაა ამის შესახებ შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს, გასულ წელს ასეთი 23 შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესასწავლად და გადაწყვეტილებების მისაღებად სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებული შემოწმების მასალები, პროკურატურას გადაეგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს, განათლების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის, სატყეო დეპარტამენტის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების შემოწმების მასალები. ეს მხოლოდ ნაწილია იმ სახელმწიფო დაწესებულებების, მუნიციპალიტეტებისა თუ საწარმოებისა, რომელთა აუდიტმა ბევრი დარღვევა და საეჭვო გარემოება აღმოაჩინა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო საწარმოთა აუდიტისას აღმოჩენილი დარღვევების შედეგად ბიუჯეტმა დამატებით 2 მილიონ ლარამდე დამატებითი შემოსავალი მიიღო.
ესაუბრა ლელა გოგოლაძე
|