ნანახია: 688
"ასეთი მისალმება აქვთ მართლმადიდებელ ჯარისკაცებს მარლთმადიდებლურ ქვეყნებში, ეს ჟესტი სერბეთის პატრიარქმა პავლემ აკურთხა", - დავით ოქროპირიძე
ამ დღეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ილიას უნივერსიტეტში გამართულმა ვინმე დეისაძის წიგნის პრეზენტაციამ და შემდეგ ამ ფაქტით აღშფოთებული ახალგაზრდა მართლმადიდებლური მოძრაობისა და თავისუფლების ინსტიტუტის შეჯახებამ. დაპირისპირების მოტივი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. დაპირისპირება მალე გაცდა "ილიას უნივერსიტეტის" ფარგლებს და ის საზოგადოებრივი განხეთქილების მიზეზად იქცა. "ბანკები და ფინანსები" დაუკავშირდა დაპირისპირების ერთერთი აქტიური მხარის ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ორგანიზაციის წარმომადგენელ დავით ოქროპირიძეს, რომელმაც ჩვენთან თავისუფლად ისაუბრა და დასმულ კითხვებს უპასუხა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ტელეკომპანია "კავკასიის" ოფისში, რის შემდეგაც მართლმადიდებლობის დამცველი ორგანიზაციის მოქმედებებმა და მათმა მეთოდებმა საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ინტერვიუში წამოწეული ერთერთი საკითხის დასაზუსტებლად ისევ დავუკავშირდით დავით ოქროპირიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ წარმოადგენს არა "სახალხო მართლმადიდებლური კავშირს", არამედ ორგანიზაციას "წინ".
- რას წარმოადგენს ახალგაზრდა მართლმადიდებლების გაერთიანება, როდის შეიქმნა, რამდენი წევრია მასში დაახლოებით გაერთიანებული და რას არის ამ გაერთიანების მიზანი?
- ახალგაზრდა მართლმადიდებლების გაერთიანება არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც არ ატარებს პოლიტიკურ ელფერს და ებრძვის ყველაფერს იქ, სადაც კნინდება მართლმადიდებლობა. ჩვენი მიზანი არის ვებრძოლოთ იმ იდეას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნეობას, ვებრძოლოთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც ხდება ჩვენი რელიგიის, მართლმადიდებლური თეზისების, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა და კულტურის დაკნინება. სადაც ასეთი რამ ფიქსირდება, სწორედ იქ უნდა მოხდეს მართლმადიდებლობის აღდგენა, როგორც ეს მოხდა ასიათასი მოწამის მოედანთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, რათა ევროპის მოედანს დაერქვას ასიათასი მოწამის სახელი, განვაგრძობთ ბრძოლას ილია უნივერსიტეტში სამლოცველო კუთხის გახსნაზე, რათა მას დაერქვას ილია მართლის სახელი. ამავდროულად, ჩემი პირადი ინიციატივაა სკოლებში დარიგდეს საპატრიარქოს ბიბლიები, რელიგიის გაკვეთილები ჩატარდეს სკოლებში ისე, როგორც ეს შეეფერება მართლმადიდებლობას. ახალგაზრდა მართლმადიდებლების გაერთიანებაში შედის ახალგაზრდული მოძრაობა "წინ", რომელიც ჩამოყალიბდა იანვრის თვეში და დაახლოებით 50-მდე წევრისგან შედგება, "სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობა", "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", "უხუცესთა საბჭო", ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებაში უამრავი ადამიანია გაწევრიანებული და მათი წევრების ზრდა ხდება ყოველდღიურად.
- რას ნიშნავს ემბლემა-ორთავიანი არწივი, რატომ აირჩიეთ ის და რამდენად ქართულია ეს სიმბოლო?
- ამ სიმბოლოს მივყავართ პირველ რიგში ლუკა მახარებელთან. ეს იყო ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე და ხდება გაიგივება ლუკა მახარებლის აზრისა. არწივი ლუკა მახარებლის სიმბოლოდ ითვლება, არწივი ასევე არის ძლიერების სიმბოლო. რაც შეეხება, იმას, რომ არწივი არის ორთავიანი და მას უკავშირებენ რუსეთს, რუსეთამდე ასეთი სიმბოლო ჰქონდათ ხეთებს. ჩვენთან დაკავშირებით კი ორთავიანი არწივი ნიშნავს საერო და სასულიერო ხელისუფლებების ერთობლივ მოღვაწეობას, მასში ჩასმული ჯვარი გამოხატულებაა იმისა, რომ ჯვრით უნდა მოხდეს იმ საქართველოს დაბრუნება, როგორიც იყო დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის პერიოდში.
- ფოტოებზე, რომლებიც ინტერნეტ სივრცეშია გავრცელებული, ასახულ ახალგაზრდებს თითქოს გასამხედროებული ჯგუფის იერი აქვთ. ეს ასეა თუ არა, ანუ გასამხედროებული ჯგუფია ეს გაერთიანება თუ საზოგადოებრივი მოძრაობა?
- ეს სურათები არის ჩვენი ბიჭების ხუმრობა. გადაღებულია დაბალი ხარისხის `ნოკიათი~, რომელიც ჩემი პირადი `ფეისბუქიდან~ აიტაცეს პროვოკატორებმა თავისუფალი ინსტიტუტიდან, დადეს თბილისის ფორუმზე სხვა მნიშვნელობით და გვიწოდეს კომუნისტი ფაშისტები. საერთოდ ასეთი მცნება არ არსებობს და მათ ამის გამო შენიშვნას ვაძლევ. მეორე იყო სკინხეტები. მინდა ვთქვა, რომ სკინხეტები არიან თავგადაპარსული ადამიანები, ჩვენ თავი არ გვაქვს გადაპარსული. სიმბოლოები არის სადღესასწაულო, რომლებიც არანაირ აგრესიას არ ატარებს. ჩვენ გავიკეთებთ ამას მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე, რათა ეს დაფიქსირდეს. არის ჯვრის სიმბოლოები. თუ ეშინიათ ჯვრის, ალბათ, ხვდებით თუ საით მიდიან ეს ადამიანები. რაც შეეხება, ფოტოებში ასახულ ჟესტს, ასეთი მისალმება აქვთ მართლმადიდებელ ჯარისკაცებს მარლთმადიდებლურ ქვეყნებში, მაგალითად ეს ჟესტი სერბეთის პატრიარქმა პავლემ აკურთხა.
- თქვენ საკმაოდ აგრესიულად დაუპირისპირდით ვინმე დეისაძეს თავისი წიგნის გამო, რომელშიც მან მართლმადიდებლური სიწმინდეები შეურაცხყო. თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებასა და მორწმუნეების სულიერი გრძნობების შელახვას შორის?
- ადამიანის გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შემოიფარგლოს ადამიანების შეურაცხყოფით სხვათა სარწმუნოებების მიმართ. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ყველა რელიგიას პატივს ვცემთ. აქედან გამომდინარე, ჩვენც იგივეს მოვითხოვთ. იმ წიგნში კი არის მოყვანილი ისეთი ფრაზა, რელიგიური კუთხით რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერმა ადამიანის შვილმა, რომელიც არ არის მართლმადიდებელი და არის სხვა სარწმუნოების მიმდევარი, რომ წაიკითხოს, რასაც შვილი ამბობს: ,,დედა რომ ლოცულობს, მე მიდგებაო~, რა აზრზე დადგება? ნებისმიერ ადამიანზე ეს მოქმედებს უარყოფითად, რადგან ამაში დევს პიროვნების შეურაცხყოფა, რელიგიას რომ თავი დავანებოთ, დისკრიმინაცია მიდის ადამიანის ფსიქოლოგიის, პატიოსნების და ა.შ. ის ეხება თვითონ ქრისტეს და ღვთისმშობელს. ფორუმზე, ასევე, იდება ქრისტეს მიმართ საგინებელი სიტყვები. მოვუწოდებ მათ, რომ თავი შეიკავონ!
- არ ფიქრობთ, რომ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა ჟანრი და რა წაიკითხოს? თქვენი აზრით, მსგავსი რამ არ უნდა დაიბეჭდოს?
- ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა წაიკითხოს. ეს არის მისი პირადი თავისუფლება და ამავდროულად, ეს არის მისი სულის გამოხატულება. კონკრეტულად დეისაძეზე არ არის საუბარი. ეს იყო მიზეზი, დიდი ბოღმა იმ ბოროტი საზოგადოებისა, რომელმაც გამოხატა ეს ყველაფერი. ამ წიგნის უკან უამრავი ადამიანია, რომლებიც დეისაძეს დაეხმარნენ ამ ყველაფერში. წესით და რიგით, რაც შეეხება ლანძღვას და გინებას, არ უნდა დაიბეჭდოს. მაგალითად, როცა შეიქმნა ნაწარმოები ,"ოსტატი და მარგარიტა", იქ იყო განხილული ქრისტეს თემა, მაგრამ არ იყო სალანძღავი სიტყვები. მე ვურჩევ ბატონ დეისაძეს, რომ გაეცნოს ამ წიგნს, ძველ ლიტერატურულ ნაწარმოებს და გაიგოს, სად გადის ზღვარი, ასე ვთქვათ, ლიტერატურულ ზრდილობაში.
ესაუბრა ლევან ცენტერაძე
|