ნანახია: 450
გარემოვაჭრეებს საარჩევნოდ არავინ დაარბევს
ნადირობა ხმებზე - მერია დედაქალაქის იერსახეს ყურადღებას აღარ აქცევს
საქართველოში, მითუმეტეს თბილისში, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა გარე მოვაჭრეების რიცხვმა. ყველას კარგად გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როგორ დაიწყო საპატრულო პოლიციამ გარე მოვაჭრეების დევნა და ერთი პერიოდი ქალაქი თითქმის გასუფთავებულიც კი იყო გარე ვაჭრობისგან. მაგრამ როგორც კი ქვეყანაში საარჩევნო პერიოდი დგება, დედაქალაქი ერთ დიდ ბაზრობად გადაკეთდება ხოლმე. თითქმის ყველა მეტროსადგურის წინ მინი ბაზრობაა მოწყობილი. ქართველებთან ერთად, გარე მოვაჭრეებს `ციგნები~ და ჩინელებიც უმშვენებენ გვერდს. ისე საინტერესოა, რომ ჩინელების უმრავლესობამ მიატოვა მაღაზიები და გარე მოვაჭრეებს შეუერთდა. ყველას კარგად გვახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინ, ლამის ყველა ნაბიჯზე ჩინური მაღაზია გხვდებოდა. თუმცაღა, დღეს ჩინელების უმრავლესობაც მიხვდა, რომ გარე ვაჭრობა უფრო ხელსაყრელია, რადგან სიტყვის გამცემი არავინაა. სანამ ქვეყანა წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაშია, თბილისის მერია ცდილობს თანამემამულეებს თავისუფლება მისცეს, თუნდაც გარე ვაჭრობაში, და თვალებს ხუჭავს. არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ ეს თავისუფლება, არამარტო ქვეყნის იერსახეს ამახინჯებს, არამედ ეკონომიკაზე და მოსახლეობაზეც უარყოფითად მოქმედებს. თუნდაც ჩინური მაღაზიების დახურვის ფაქტზე, რომ ვიმსჯელოთ, უამრავმა ჩინელმა სწორედ თავისუფალი გარე ვაჭრობის გამო დახურა მაღაზია და ქუჩაში გადაინაცვლა. აქ მას არც იჯარის გადახდა უწევს და არც კონსულტანტის დაქირავება. რადგან ქუჩაში საკუთარი საქონლის გამყიდველი თვითონაა. ფაქტია, რომ უამრავი ახალგაზრდა იყო დასაქმებული ჩინურ მაღაზიებში, შესაძლებელია მათი ხელფასი საკმაოდ დაბალი იყო, თუმცაღა, ამ ადამიანებს ჰქონდათ სტაბილური შემოსავალი. დღეს კი ისინი ამ სტაბილური ხელფასის გარეშე დარჩნენ. რა თქმა უნდა, გარე მოვაჭრეების პოზიცია გასაგებია, რადგან ბაზრობაზე ვაჭრობის შემთხვევაში, მათ ყოველდღიურად გარკვეული თანხის გადახდა უწევთ ბაზრის დირექციისთვის. ახლა კი მათ ხმას არავინ სცემს და სანამ შესაძლებელია ასე ვაჭრობა, ისინი გააგრძელებენ ქუჩაში ვაჭრობას. საპატრულო პოლიცია თუ აქამდე ხან გასაყიდ საქონელს ართმევდა მოვაჭრეებს, ხან კი უბრალოდ ყრიდა სპეციალურად მუყაოს ფურცლებისგან მომზადებული დახლებიდან, დღეს მშვიდად უყურებს გარე მოვაჭრეებს. როდემდე გაგრძელდება ქალაქში გარე მოვაჭრეების მიერ "გაჩაღებული" აღებ-მიცემობა, ჯერ-ჯერობით, უცნობია. ვნახოთ, შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლება და შესაბამისად, პოლიცია ასეთ სიმშვიდეს 30 მაისის შემდეგაც.
|