ნანახია: 589
"კვლავინდებურად კრიზისის პიკზე ვართ, რადგან კრიზისი კი არ დასრულდა, არამედ საერთაშორისო დახმარების საშუალებით გადავადდა" - გია ხუხაშვილი
საქართველოდან ექსპორტი 2010 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა, ხოლო 2008 წელთან შედარებით - 3%-ით. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი ისევ ფეროშენადნობებმა დაიკავა. მის წილად ექსპორტის 17 პროცენტია და 57 მილიონ დოლარს შეადგენს. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 38 მილიონი დოლარია. მესამე ადგილზე მყოფი დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი კი 2 მილიონი დოლარით შემცირდა და 23 მილიონი დოლარი შეადგინა. ხელისუფლების ინფორმაციით ექსპორტი ყველა მიმართულებით იზრდება. ექსპერტების განცხადებით კი ექსპორტის პირველი კვარტლის მაჩვენებლის შედარება შარშანდელ პერიოდთან ეკონომიკის ბუმს არ ნიშნავს. ომის შემდეგ, შარშან ყველაფერი შეჩერებული იყო, თანაც საექსპორტო პროდუქტიც არ შეცვლილა. ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი, ფეროშენადნობებს უჭირავს, სპილენძს და ჯართს. ასე რომ, თუ ფეროშენადნობების წილი შარშან მთლიან ექსპორტში 7%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 16,8%-მდე გაიზარდა. მსუბუქი ავტომობილების წილი ექსპორტში შარშანდელთან შედარებით 3,4%-ით გაიზარდა და 11,2% შეადგინა. ასევე გაიზარდა, ჯართის, სპილენძის, ნედლი ნავთობის ექსპორტი, სამაგიეროდ, შემცირდა აზოტოვანი სასუქების, თხილის და კაკლის, სპირტიანი სასმელების ექსპორტი. "ქვეყნის მთავრობის კარგად მესმის: ბუნებრივია, ხელისუფლების განცხადებებში ოპტიმისტური ნოტები უნდა ჟღერდეს, რადგან ეს თამაშის წესების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ რეალობას ვერავინ გაექცევა. დღეს ქართული ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზე ნამდვილად არ არის და ამაში მთავრობას მეც ვეთანხმები, მაგრამ კვლავინდებურად კრიზისის პიკზე ვართ, რადგან კრიზისი კი არ დასრულდა, არამედ საერთაშორისო დახმარების საშუალებით გადავადდა", - განმარტა ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. ექსპერტთა აზრით, აქცენტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე უნდა კეთდებოდეს, თუმცა აგრარულ ქვეყანაში, პირიქით, სასოფლო პროდუქტის დიდი ოდენობის იმპორტი ხორციელდება. ადგილობრივი ბოსტნეული კი შიდა ბაზარსაც არ აკმაყოფილებს, ამიტომ არის, რომ ამ პერიოდში ბოსტნეულის ფასები კატასტროფულად გაიზარდა. სასოფლო პროდუქტის ექსპორტი არ გადის თურქეთში, პირიქით, ამ ქვეყნიდან იმპორტი ხორციელდება. თურქეთის მთავრობა სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ახდენს, შესაბამისად, იქ მოწეული პროდუქტი იმდენად იაფი ჯდება, რომ ქართული კონკურენციას ვერასოდეს გაუწევს. რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია. მცირე რაოდენობის პროდუქტი გადის აზერბაიჯანსა და სომხეთში. თუმცა, ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტისთვის სასურველ ამინდს ვერ ქმნის. ნინო თამაზაშვილი
|