ნანახია: 1127
წამყვანი საარჩევნო დევიზია დასაქმება,
უმუშევრობის რეალური სტატისტიკა კი არ არსებობს
უმუშევრობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაშიც ხმამაღლა საუბრობენ. თუმცაღა ამის გარდა, საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი, ანუ რამდენია რეალურად უმუშევარი. შევეცადეთ დაგვედგინა, თუ რამდენი უმუშევარი ჰყავს დღეს საქართველოს, თუმცაღა, ამის გარკვევა ძალზედ რთული აღმოჩნდა, რადგან ყველა თავისი შეხედულებისამებრ ადგენს ამ ციფრს. მაგალითად, ერთი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ეს ციფრი დაახლოებით 12%-ია, მეორე ორგანიზაციის მონაცემი კი 50%-ს აღწევს. "თავისუფალი აზრის სახლის" მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 60-65%-ს შორის მერყეობს. "სტატისტიკის ახლად შექმნილი ეროვნული სამსახური "საქსტატი" მხოლოდ და მხოლოდ შიშველ ციფრებს იძლევა, რომელსაც ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი უკომენტაროდ ტოვებს, ეს კი გაუმართლებელია, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ქვეყანაში ცხოვრობს რეალურად. ჩვენ შევადგინეთ პრობლემების რეიტინგი, რომელიც "საქსტატის" მონაცემებისგან განსხვავდება. თუ სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 16,3%-ია, ჩვენი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი რეალურად 60-65%-ს აღწევს", - განაცხადა "თავისუფალი აზრის სახლის" ექსპერტმა გივი თალაკვაძემ. განსხვავებული მონაცემები აქვს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს. მართალია, არც ის ეთანხმება "საქსტატის" მიერ მოცემულ ციფრებს, თუმცაღა მისი ინფორმაციით უმუშევართა რიცხვი დღეს მოსახლეობის 29% შეადგენს. პეტრიაშვილის აზრით, მთავარი დასაქმება კი არ არის, არამედ რამდენად უზრუნველყოფს ადამიანი საკუთარ თავს თავისი საქმით, - "25% მარტო "საქსტატის" მიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლებს იღებს ხელფასს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 126 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი, ის სრულფასოვანი დასაქმებული ვერ იქნება. უმწეო ადამიანთა რიცხვი, რომლებიც იღებენ ბიუჯეტიდან დახმარებას, არის 900 000 ადამიანი, მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობა 4 მილიონს შეადგენს. აქედან გამომდინარეობს, რომ დაახლოებით 25% უმწეოა, ანუ უმუშევარი". პეტრიაშვილის ინფორმაციით, "საქსტატის" მონაცემები არ არის რეალური, რადგან ის არჩევით ახდენს ორგანიზაციების გამოკითხვას. რამდენიმე თვეში ერთხელ, სხვადასხვა კომპანიისგან იღებს ინფორმაციას, რამდენი ადამიანი შეამცირა, ან პირიქით. "შერჩევითი გამოკითხვის დროს კი ზუსტი მონაცემების გარკვევა შეუძლებელია. ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 29%-ია", - აცხადებს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი უმუშევართა რიცხვი 13,6% შეადგენს. "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თენგიზ ცეკვავას გაერთიანებული პროფკავშირების და "თავისუფალი აზრის სახლის" მონაცემების რეალურობაზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რა მეთოდოლოგიით აწარმოებენ აღნიშნული ორგანიზაციები კვლევას, რადგან დასაქმებულად შეიძლება მიწაზე მომუშავე არ ჩათვალონ, ან პირიქით, მარტო ქარხანაში დასაქმებული ჩათვალონ. ასე რომ, თავდაპირველად მათი გამოკითხვის მეთოდოლოგიაა შესასწავლი, თავად "საქსტატი" კი (ILO)-ს მეთოდოლოგიით მუშაობს. `ჩვენ ვერ ვიტყვით, რომელი ციფრი არის რეალური, ან არარეალური, თუ არ ვიცით, როგორ ითვლება ეს ციფრი. ამიტომ ეს მონაცემები შესაფერისი რომ იყოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) შემოიღო გარკვეული მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ითვლება ქვეყნის უმუშევრობა. ჩვენ ILO-ს მეთოდოლოგიით ვთვლით", - აცხადებენ "საქსტატში". დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანი, უმუშევრად არ ითვლება, ILO-ს მეთოდოლოგიით ის თვითდასაქმებულია, რადგან მიწაზე მუშაობისას მას აქვს გარკვეული შემოსავალი. "ასევე ადამიანი ვერ ჩაითვლება უმუშევრად, თუ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი სურვილისამებრ არ ეძებს სამსახურს, ეს ადამიანი აღარ შედის სამუშაო ძალაში". რეალობის გარკვევა ძალზედ რთულია, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ, ან ჩვენი სურვილისამებრ ვენდოთ ან "თავისუფალი აზრის სახლის" მონაცემებს, ან გაერთიანებულ პროფკავშირებისას, ან კიდევ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები ვაღიაროთ რეალურად. თუმცაღა, ერთი რამ უტყუარია - ციფრები რეალობას ვერ ცვლის.
|