ნანახია: 1427
ნარკომანია - ამ სიტყვის ხსენებისას თვალწინ ყველას წამალი, შპრიცები, ფიზიკურად თუ გონებრივად დამახინჯებული ადამიანები და სიკვდილი გვიდგება. თუმცა, მხოლოდ ერთი წამით, სანამ იმის გაფიქრებას მოვასწრებთ, რომ ეს ჩვენ არ გვეხება, რომ ნარკომანია ჩვენი პრობლემა არაა და რომ ეს პრობლემა არც არასოდეს გახდება ჩვენი. ეს კი სულაც არაა ასე, რადგან საქართველოში (ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში) დღითიდღე მატულობს წამალდამოკიდებულთა რაოდენობა. დღეისთვის, საქართველოში ოფიციალურად 18 ათასი ნარკომანი და ნარკოტიკების მომხმარებელია რეგისტრირებული. ექსპერტთა აზრით კი მათი რაოდენობა ქვეყანაში რეალურად 250-350 ათასს აღწევს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია. ამ ციფრების შესამცირებლად ცალკ-ცალკე "იბრძვიან" სახელმწიფო და კერძო კლინიკები, სადაც წამალდამოკიდებულებს სხვადასხვა სახის მკურნალობას სთავაზობენ. ნარკომანთა, უფრო ზუსტად ოპიუდებზე დამოკიდებულთა, კატასტროფულ ზრდას საქართველოში, როგორც ბევრ ქვეყანაში, მეტადონის ჩანაცვლების პროგრამის ამოქმედება მოჰყვა. პროგრამა 2005 წლის დეკემბრიდან დაიწყო და მას მთლიანად "გლობალური ფონდი" აფინანსებს. შევეცადეთ გაგვერკვია, გარდა მეტადონის პროგრამისა, კიდევ სად რა მეთოდით და რა ფასად შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს საქართველოში ნარკომანიის მკურნალობა.
როგორც აღმოჩნდა, ასეთი ადგილი თბილისში საკმაოდ ბევრია. მსურველს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს კლინიკა მისთვის მისაღები პირობებითა და, რა თქმა უნდა, ანონიმურობის გარანტიით. მაგალითად, ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში არის როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მკურნალობა სხვადასხვა მდგომარეობის პაციენტებისთვის. კლინიკის დირექტორის, ირინა ამნიაშვილის თქმით: "სტაციონარში "ლომკის" მოსახსნელად 15 დღეა საჭირო. ამ პერიოდში მათ უტარდებათ უამრავი პროცედურა, რომლებსაც ისინი განკურნებამდე მიჰყავთ. ეს 15 დღე პაციენტს ყოფნის მხოლოდ იმისთვის, რომ მოეხსნას ფსიქო-ფიზიკური დისკომფორტი. Aამიტომაც, ჩვენ ყველას ვურჩევთ, რომ სტაციონარული მკურნალობის შემდგომ გაიარონ რეაბილიტაცია, რომელშიც შედის ფსიქოლოგის დახმარება, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურები, მაგნიტური სტიმულაცია, ელექტროსტიმულაცია, ფიზიოთერაპია, ლაზეროთერაპია და ა.შ.".
ქალბატონი ირინას თქმით, ბოლო პერიოდში მათთან სამკურნალოდ საკმაოდ ბევრი ქალი მიდის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ნარკომან ქალთა რიცხვმა მოიმატა და ეს მატება დღითი დღე უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება. ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განუსაზღვრელი რაოდენობის პაციენტების მიღება შეუძლიათ და სამკურნალოდ მისულს, ადგილის უქონლობის გამო, უკან არ გაისტუმრებენ.
რაც შეეხება მკურნალობის ღირებულებას, გადასახადი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე, იმაზე, თუ რამდენ ხანს დარჩება კლინიკაში და ა.შ., მაგრამ საშუალოდ ის 1800-1900 ლარს შეადგენს. "მართალია, გადასახადი ნაკლები იქნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი კლინიკაში ნაკლებ ხანს დარჩება, მაგრამ სამაგიეროდ, შედეგიც ბევრად ნაკლები იქნება",- განგვიმარტა ქალბატონმა ირინამ.
მისივე თქმით, მათთან სამკურნალოდ ბევრად მეტი ადამიანი მივიდოდა, თანხის გადახდა რომ არ აბრკოლებდეთ. ამაში კი მაშინ დარწმუნდა, როცა 1 წლის წინ, მეტადონის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ნარკომანიით დაავადებულებს უფასოდ შეეძლოთ მკურნალობა: "იმ 4 თვის განმავლობაში, როცა ეს პროგრამა მოქმედებდა, ძალიან ბევრი ადამიანის დახმარება შევძელით. გადახდა ძალიან უჭირთ. რომ არა ამხელა გადასახადი, ბევრად მეტი ადამიანი იმკურნალებდა. გვპირდებიან, რომ სახელმწიფო პროგრამა კვლავ ამუშავდება, თუმცა არ ვიცით როდის".
ნარკოლოგიურ პრობლემებს მკურნალობენ კლინიკაში "ურანტი", სადაც პაციენტებს უტარდებათ ამბულატორიული მკურნალობა, სტაციონარული მკურნალობა და ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც, ერთის მხრივ, გლობალური ფონდისგან ფინანსდება და მეორეს მხრივ -სახელმწიფო პროგრამით. კლინიკის დირექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ზურა სიხარულიძის განმარტებით, "ურანტში" გარდა ნარკომანიისა, მკურნალობენ ალკოჰოლიზმს, პოლინარკომანიას, ტოქსიკომანიას და ა.შ. იმის მიხედვით, თუ რა სიმძიმისაა პაციენტი, განისაზღვრება ამბულატორიული მკურნალობის ვადებიც. რაც შეეხება სტაციონალურ მკურნალობას, მისი ვადები განსაზღვრულია. პირველადი დედოქსიკაცია 12-დან 15 დღემდე გრძელდება. შემდგომ პაციენტები გადადიან ამბულატორიულ მკურნალობაზე, რომელიც შეიძლება 2-3 თვეც გაგრძელდეს. გადასახადი აქაც ინდივიდუალურად დგინდება. კლინიკაში, თვის განმავლობაში მაქსიმუმ 12-14 პაციენტს იღებენ: "ფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება. ყველაზე ძვირადღირებული მკურნალობა, რომელიც შეიცავს ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას, დაახლოებით 2000 ლარამდე ჯდება. ამ თანხის გადახდა, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირთ. მას შემდეგ რაც ადმინისტრაციული ჯარიმები შემოვიდა, 500-დან 2000 ლარამდე, იკლო იმ პაციენტთა რაოდენობამ, რომელთაც მკურნალობა სურთ. თუ ადრე კლინიკაში დასაწოლად რიგი იდგა, ახლა თვეში მაქსიმუმ 6-8 პაციენტი მოდის",-განგვიმარტა ბატონმა ზურამ.
წამალდამოკიდებულებს, სხვა კლინიკებისგან განხხვავებულ მკურნალობის მეთოდს სთავაზობენ კლინიკა "გინი-მედში". კლინიკის ხელმძღვანელის, ქალბატონი ინა ცქიტიშვილის თქმით, მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებენ, მთელს საქართველოში ერთადერთია: "ჩვენს კლინიკაში ავადმყოფებს უახლესი მეთოდით ვმკურნალობთ. მემბრანული პლაზმა ფარეზი - ეს აპარატი 5 წლის წინ გამოიგონეს. ესაა სპეციალური დანადგარი ერჯერადი მემბრანული ფილტრით, სადაც შედის პაციენტის სისხლი, იწმინდება ყოველგვარი ტოქსინებისგან და გაწმენდილი სისხლი უბრუნდება პაციენტს. ამით ინტოქსიკაცია, ანუ, ე.წ "ლომკა" იხსნება. ამ პროცედურეს შემდეგ, ადამიანი გაცილებით კარგად გრძნობს თავს. გარდა ამისა, ინიშნება გადასხმები და წამლები, ოღონდ არა ფსიქოტროპული. ამ დროს ფსიქოტროპული წამლების დანიშვნა მიზანშეწონილი არაა. მკურნალობა დაახლოებით 10-14 დღე გრძელდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ წამალს მოიხმარდა პაციენტი". ფასიც სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ პრეპარატს მოიხმარს პაციენტი, რამდენ ხანს იყო მომხმარებელი და ა.შ. ფასის მინიმუმისა და მაქსიმუმის ნიშნული 650-დან 1500 ლარამდეა. კლინიკის ხელმძღვანელის აზრით, მათი მეთოდის კიდევ ერთი პლიუსია ისიც, რომ ისინი სტაციონარულ მკურნალობაზე უარს ამბობენ: "ჩვენთან მკურნალობა ამბულატორიულია. პიროვნება მოდის, იტარებს პროცედურას და მიდის. ანუ მას თავის ცხოვრებაში, საქმიანობაში ხელი არ ეშლება. სტაციონალურ მკურნალობას შეგნებულად არ მივმართავთ, რადგან ჩაკეტილ სივრცეში პაციენტები იძაბებიან და უფრო აგრესიულები ხდებიან. ყოველდღიურ საქმიანობაში მათ არც ის პრეპარატები უშლის ხელს, რომლებსაც ჩვენ ვუნიშნავთ. ყველას ურჩევნია ასეთი მეთოდით იმკურნალოს, ნაცვლად იმისა, რომ 2 კვირის მანძილზე სტაციონარში ფსიქოტროპული წამლებით გათიშულები იწვნენ". აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა ნარკოტიკისადმი დამოკიდებულებაც. თუ ადრე საქართველოში თითქმის არავინ ხმარობდა სტიმულაციური ტიპის ნარკოტიკებს და ჰალუცინოგენებს, ახლა მათ აქტიურად იყენებენ. ისინი იაფი ღირს და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. ეს ტალღა ისე უცებ წამოვიდა, რომ ნარკოლოგიური სამსახურები არ აღმოჩნდნენ მზად ასეთი ნარკომანიის მკურნალობისთვის. ძალიან ბევრი დაინვალიდდა. მათ არც ინვალიდის დახმარებას აძლევენ, რადგან მისი ეს ფიზიკური ნაკლი ნარკოტიკის გამოყენების შედეგია. სამწუხაროდ, ისინი უმეტესად ახალგაზრდები არიან. მათი მკურნალობა და შემდგომი რეაბილიტაცია კი საკმაოდ ძვირი ღირს. კითხვაზე, თუ რომელი წამალია დღეს საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებული და "პოპულარული" და რომელ პრეპარატს იყენებენ ქართველები ყველაზე ხშირად, ყველა ერთხმად პასუხობს, რომ ამ ბოლო დროს, გავრცელებულია სტიმულატორები "ვინტი" და "ჯეფი" და ანტიდეპრესანტული საშუალება "კოაქსილი", რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს და რომელსაც ინტრავენური საშუალებით მოიხმარენ. ზურა სიხარულიძის განმარტებით, ამ წამლების მომხმარებლები ყველაზე მძიმე პაციენტები არიან, რომლებიც ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ: "ესენი არიან ის პაციენტები, რომლებიც სოციალურად, პრაქტიკულად, დაუცველები არიან და ამიტომაც იყენებენ ასეთ იაფასიან ნარკოტიკს. ასეთ მძიმე პაციენტებს ყველაზე მეტის გადახდაც უწევთ, რადგან მათი მკურნალობა ძალიან რთულია. თანაც ისინი ჩვენთან უკვე იმ დროს მოდიან, როცა მათი შველა თითქმის შეუძლებელია. "კოაქსილის" მოხმარება იწვევს უმძიმეს სისხლძარღვოვან პათოლოგიებს, რასაც ერთვის ფსიქიკის ძალიან მძიმე დარღვევებიც, რომლის მკურნალობაც პრაქტიკულად უშედეგოა. მხოლოდ იმასღა ვფიქრობთ ხოლმე, თუ როგორ შევუნარჩუნოთ ამ ადამიანებს სიცოცხლე". ყველა სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ განკურნებული ნარკომანი არ არსებობს და რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თითქმის ყველა უბრუნდება ძველ ცხოვრებას. საპირისპირო მოსაზრება აქვს ფსიქოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელს, ბატონ გივი მერაბიშვილს. ის თვლის, რომ ნარკომანის განკურნება მხოლოდ ფსიქოლოგის დახმარებითაა შესაძლებელი. მის კლინიკაში მკურნალობენ ყველას, ვისაც კი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიატრიული პრობლემა აქვს. ესენი შეიძლება იყვნენ ნარკომანები, ალკოჰოლიკები, სულით დაავადებულები და ა.შ. ბატონი გივის განმარტებით, ჩვეულებრივ ნარკოლოგიურ კლინიკებში მხოლოდ ე.წ."ლომკას" უხსნიან. ამას სხვადასხვა მეთოდით სხვადასხვა დროში აკეთებენ. მაგრამ ისინი მხოლოდ ფიზიოლოგიური დამოკიდებულებას ხნიან და არა ფსიქოლოგიურის. ამიტომაც არის, რომ ნარკომანთა უმრავლესობა გარკვეული დროის შემდგომ კვლავ უბრუნდება წამალს: "ფაქტია, რომ ფიზიოლოგიური დამოკიდებულების მოხსნა შესაძლებელია, მაგრამ მთავარი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა. გასარკვევია ის, თუ რა მიზეზით გაჩნდა ეს დამოკიდებულება. ფსიქიკური აშლილობა იწყება ადრეული ასაკიდან, შემდგომი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ეძებს გამოსავალს. ნარკოტიკი კი ერთ-ერთი "საუკეთესო" გამოსავალია. მისი საშუალებით ადამიანები არასასიამოვნო ფიქრებს, უსაფუძვლო შიშებს, კომპლექსებს აღწევენ თავს. ამ ყველაფრის სამკურნალოდ, ნარკოლოგები საქართველოში ბევრს მუშაობენ, მეტადონის პროგრამაც კი შემოიტანეს. მაგრამ ასეთი პროგრამები, სხვა არაფერია, თუ არა ერთი ნარკოტიკის მეორეთი ჩანაცვლება. ასე რომ, ეს არაა გამოსავალი, რადგან პრობლემა პრობლემად რჩება-პიროვნება ისევ ავადმყოფია. ჩვენ კი ვარკვევთ იმას, თუ რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი. მე წიგნიც გამოვეცი, სადაც ჩამოვაყალიბე ფსიქიკური სიჯანსაღის ფორმულა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: "თუ მე ფიქრის არ მეშინია, ე.ი. ჯანმრთელი ვარ". ჩვენ ადამიანებს ვასწავლით, როგორ არ ეშინოდეთ ფიქრის. თუ მათ ფიქრის არ ეშინიათ, პრობლემაც მოხსნილია. მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ის მინიმუმ 1 წელიწადს გრძელდება. სეანსი კვირაში სამჯერ, 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობს". ბატონი გივი მასთან მისულ ადამიანებს იმის გარანტიასაც აძლევს, რომ ნარკოტიკის მოხმარების სურვილი მას აღარასოდეს გაუჩნდება: "ჩვენთან პაციენტები ბოლომდე ინკურნებიან და გამორიცხულია, რომ ისინი კვლავ მიუბრუნდნენ ნარკოტიკს. მთავარია, ისინი ნებაყოფლობით მოვიდნენ ჩვენთან". კლინიკაში მომუშავე ფსიქოლოგები უარყოფენ ყოველგავ წამლებს, რადგან მათი აზრით, მედიკამენტები მხოლოდ ხელს უშლის გამოჯანმრთელების პროცესს.
მკურნალობის ფასი პაციენტის მდგომარეობასა და შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მთელი კურსი საშუალოდ 2000-3000 ლარამდე ჯდება. გადახდა ნებისმიერი სახით შეიძლება - ერთიანად, ეტაპობრივად, თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ და ა.შ. 1 სეანსი დაახლოებით 25-30 ლარი ღირს. "თუ ამ ფასს საზღვარგარეთის ფასებს შევადარებთ, ყველა დარწმუნდება, რომ სხვა ქვეყნების ფასებთან შედარებით, საქართველოში ფასები ძალიან დაბალია. თუნდაც რუსეთში, 1 სეანსის ფასი 250-300 დოლარია. თანაც, მე შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ისინი ვერ იღებენ ისეთ ეფექტს, როგორსაც ჩვენ. თანაც ისინი იძლევიან მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების გარანტიას, და არა სამუდამოდ განკურნების",- აცხადებს გივი მერაბიშვილი.
ასე რომ, მკურნალობის მსურველს ადვილად შეუძლია შეარჩიოს მისთვის მისაღები პირობების მქონე კლინიკა და ალბათ, არც მაღალ ფასებზე უნდა იწუწუნოს, რადგან მკურნალობის ფასი დაახლოებით იმდენივეა,Bრამდენიც 1 კვირის სამყოფი "წამლისთვისაა" საჭირო. თუმცა, არჩევანის თავისუფლება ყველას აქვს.
თაკო მათეშვილი
|