ნანახია: 1502
საქართველოში ოფიციალურად დადგენილი და დათვლილი საარსებო მინიმუმი ძალიან დაბალია და მხოლოდ ამ თანხით რთულია თავის გატანა. სავალალოა ის ფაქტი, რომ ამ მინიმუმით ადამიანს არათუ სიცოცხლე, არამედ დაკრძალვის ხარჯების გასტუმრებაც კი გაუჭირდება. საარსებო მინიმუმი საქართველოში ოჯახის ტიპებისა და ადამიანთა კატეგორიის მიხედვით იცვლება. მაგალითისათვის ერთი კონკრეტული კატეგორია განვიხილოთ. 2008 წლის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში 123,1 ლარიდან 130,1 ლარამდე მერყეობს. ეს ის თანხაა, რითაც, როგორც საქმეში ჩახედული პატივცემულები ამტკიცებენ, აუცილებელია თვის განმავლობაში ადამიანის არსებობისათვის. დავაზუსტებ, მხოლოდ არსებობისათვის და თუ ამ თანხაზე მეტი აღმოაჩნდა ახალგაზრდა შრომისუნარიან ადამიანს თვის განმავლობაში, ზედმეტი თანხა კონფისკაციას არ დაექვემდებარება.… თუ რაში დახარჯავს დანარჩენ თანხას, ამაზე თავის მტვრევა თავად მას მოუხდება, თუმცა, თუ სამომხმარებლო კალათაში ჩამოთვლილ 282 დასახელების აუცილებელ ნივთსა და პროდუქტს გადავხედავთ, იმაზე უფრო მოგვიწევს თავის მტვრევა, როგორ მოვახერხოთ ამ კალათის ათვისება თვეში 130 ლარად. სამომხმარებლო კალათა მოიცავს ისეთ აუცილებელ პროდუქტებს როგორიცაა: ხორბლის თეთრი პური, ძროხის ახალი ხორცი, ახალი თევზი, იმერული ყველი, ძროხის მაწონი, ბანანი, ახალი ხურმა.. ნივთებიდან _ დათბილული ქურთუკი, დემისეზონური ფეხსაცმელი, პიჯაკი, საკერავი ძაფი, მატყლის საბანი, ცემენტი, მერქან-ბურბუშელის ფილები, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები და კიდე სხვა მრავალი, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო კალათაში ვერ შეხვდებით ისეთი ფუფუნების საგნებს, როგორიცაა კატარღა სენტროპეში, "ფერარი" (წითელი), ვერც წავის ქურქს მაჩვის ტყავის ღილებით, მაგრამ ეს ნორმალურიცაა, სამომხმარებლო კალათა საარსებო მინიმუმის პროპორციულია და ამ ყველაფრის ყიდვა ისედაც შეგვიძლია იმ თანხით, რაც საარსებო მინიმუმს აღემატება. სანამ სენტროპეში წავალთ, ერთად დავიანგარიშოთ რა დაგვიჯდება სამომხმარებლო კალათაში ჩამოთვლილი ნივთებისა და პროდუქტების ყიდვა. დღეს ქართულ ბაზარზე კილოგრამი ახალი ხორცის საშუალო ფასი 8 ლარია, ყველი დაახლოებით 5 ლარი ღირს, 1 ცალი თეთრი პური 60 თეთრი, ლიტრი მაწონი 1,2 ლარი, ერთ ცალი ბანანი 50 თეთრი. თბილი ქურთუკი 60-80 ლარი, ფეხსაცმელი უფრო მეტი. კომუნალური გადასახადები, რა თქმა უნდა, ცვალებადია და ამაზე ვერც საშუალო და მითუმეტეს ზუსტ ინფორმაციას ვერ დავასახელებთ, თუმცა ერთი რამ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ : თუ გადაუხდელობის გამო დენსა და გაზს გაგითიშავენ, ამ შემთხვევაში ქართული ოჯახი მნიშვნელოვან შეღავათს ნახავს და გადასახადების რაოდენობა ნულამდე დავა. ახლა კი ის დროა ბიუჯეტს გადავხედოთ და ვნახოთ, რამდენია საქართველოში სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანის საშუალო თვიური ხელფასი. იგი პროფესიის მიხედვით ცვალებადია. სახელმწიფო მოხელეს კვარტალში 923,6 ლარი აქვს. სოფლის მეურნეობის მუშაკის ხელფასი კვარტალში 552,1 ლარს არ აღემატება, რაც თვეში დაახლოებით 184 ლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საარსებო მინიმუმი იმავე სოფლის მეურნეობის შრომისუნარიანი მუშაკისთვის დაახლოებით 130 ლარია, მარტივი არითმეტიკით ვნახავთ, რომ თვეში მთელი 54 ლარი რჩება სურვილისამებრ დასახარჯად. მართალია 54 ლარი, 55 ლარი არ არის, მაგრამ დაგროვებისათვის მაინც მნიშვნელოვანი სტიმულია. საარსებო 130 ლარით თვეში თავის გატანასა და იმ ატრიბუტების შეძენას, რომელზედაც ზემოთ ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, დიდი ოსტატობა სჭირდება. 60 ლარიან ქურთუკში გამოწყობილებიც 5 ლარიანი ყველით გაკეთებული ხაჭაპურითა და 8 ლარიანი ხორცით მომზადებული კერძითაც ვერ გავინებივრებთ თავს. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. შეგვიძლია ასე მოვიქცეთ: კალათაში მითითებული დაკლული ქათმის ხორცი ჩავანაცვლოთ მკვდარი ქათმის ხორცით, დავივიწყოთ, რომ ბანანი საქართველოშიც იყიდება, გორის ვაშლი მონდომების გარეშეც დაგვავიწყდება მალე.. თავს ისიც შთავაგონოთ, ვითომ არ ვიცით ხურმა რა ხილია, იმერულ ყველს და კახურ მრავალჟამიერსაც ნუ გამოვეკიდებით, დათბილული ქურთუკი წითელი ჯვრის მუშაკთა უნიფორმებით შევცვალოთ, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს საქართველოში მოძმე ამერიკელების ნაჩუქარი ლობიოს მნიშვნელოვანი რაოდენობა შემოვიდა და ამითაც შეიძლება თავის გატანა. სამომხმარებლო კალათაში ასეთი შესწორებების შემდეგ, დროულია გადავიდეთ ამავე კალათის 282 პუნქტზე: ,,დამკრძალავი ბიუროს მომსახურება". თუ ახალგაზრდა შრომისუნარიანმა მამაკაცმა, მოახერხა და თვიური 184 ლარით თავი გაიტანა და ცოცხალიც გადარჩა, მერწმუნეთ, რომ სიკვდილი მაინც გაუჭირდება. თბილისში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი დამკრძალავი ბიუროს მომსახურეობა 92 ლარი ჯდება, მაგრამ ამ საფასურში შედის მხოლოდ 2 კაციანი ადგილი თბილისის 27 სასაფლაოდან ერთ- ერთზე. საფლავის გათხრა, მიცვალებულის ჩასვენება და მიწის მიყრა ერთი შეხედვით არც ისე ძვირია და თუ ადამიანი ყოველ თვეში გადანახულ 54 ლარს კარგად მოუფრთხილდება, ადვილად დაფარავს საკუთარი დაკრძალვის ხარჯებს,. მაგრამ აქ ერთი პრობლემა იჩენს თავს, დაკრძალვა 92 ლარი მხოლოდ მაშინ დაგიჯდებათ, თუ მიცვალებულს კუბოს გარეშე დაკრძალავთ, არც მარმარილოს ქვას დაადებთ და თან საფლავამდეც თავისი ფეხით მივა. დავაზუსტებ, სახელმწიფო სამსახურმა გაითვალისწინა მიცვალებულის დაკრძალვა, მაგრამ ის გამორჩა, რომ ცხედარი გადაადგილების უნარშეზღუდულია და მისი ტრანსპორტირებაა საჭირო. ამ შემთხვევაში ჭირისუფალს ისღა დარჩენია კერძო დამკრძალავ ბიუროს მიმართოს, სადაც ფასები ისეთია, რომ ერთი ადამიანის დაკრძალვა 10 კაცის საარსებო მინიმუმის ტოლფასია. კერძო დამკრძალავ ბიუროებში დაწვრლებით აგვიხსნეს მომსახურეობის თავისებურებები და რა თქმა, უნდა ფასები. მათი ინფორმაციით, სარიტუალო მომსახურების ფასები ასეთია: 2 ადგილიანი საფლავი 200 ლარი ბალზამირება 50 ლარი მიცვალებულის ჩაცმა 10 ლარი წვერის გაპარსვა 10 ლარი სასახლე წიფლის 140 ლარი მუხის 260 მუხის თანამედროვე დიზაინით 350 იტალიური 400 ლარი
მიცვალებულის სამუდამო განსასვენებლამდე მიყვანა 70_100 ლარი
დამკრძალავი ბიუროს კომპეტენციაში აღარ შედის საფლავის მოწყობა და ქელეხის ხარჯები. ცნობისათვის, საშუალო ზომის მარმარილოს ქვა, მცირე წარწერით, მინიმუმ 500 ლარი ჯდება.. განსაკუთრებული მორთვა-მოკაზმულობებისა და საფლავის აღჭურვილობის ფასები საკმაოდ, ზოგჯერ კი ძალიან, ძვირია. თუმცა, ამას ახლა არ განვიხილავთ. ამ ფასებს არაფერი აქვთ საერთო საარსებო მინიმუმთან. მოკლედ, საბოლოო დაანგარშებით, რომელშიც ქელეხის მინიმუმ 1000 ლარიც შედის, სამუდამო სასუფევლის დამკვიდრების ხარჯებმა 2000 ლარი შეადგინა. ეს კი ერთი ადამიანის 11 თვის ხელფასია. ანუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულმა ახალგაზრდა ადამიანმა 10 თვე მხოლოდ და მხოლოდ დაკრძალვისთვის უნდა იმუშავოს და საარსებო მინიმუმი, სამომხმარებლო კალათა და საერთოდ არსებობა უნდა დაივიწყოს. დაკრძალვის ხარჯები შედარებით ნაკლებია სოფლებში, რადგან იქ დასაკრძალი მიწის ფართი ჯერ კიდევ უფასოა, თუმცა მხოლოდ ფასი.. როგორც ვხედავთ, დღეისათვის აღიარებული საარსებო მინიმუმი თითქმის საშუალო ხელფასის ტოლია და იგი არც არსებობისთვისაა საკმარისი და არც სიკვდილისთვის. შეგახსენებთ, რომ საარსებო მინიმუმის მონაცემები სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული, შრომისუნარიანი მამაკაცის მაგალითზე განვიხილეთ. კერძო სექტორში დასაქმებულებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგანაც მათი შემოსავალი ნამდვილად გაწვდება იმ ხარჯებს, რაც დაკრძალვისთვისაა აუცილებელი, აი, დაუსაქმებელი ადამიანების, უფრო ზუსტად ამ ადამიანების ახლობლების სავალალო მდგომარეობა კი ნამდვილად არ არის ძნელი წარმოსადგენი. თათია არაბიძე დაკრძალვა 92 ლარი მხოლოდ მაშინ დაგიჯდებათ, თუ მიცვალებულს კუბოს გარეშე დაკრძალავთ, არც მარმარილოს ქვას დაადებთ და თან საფლავამდეც თავისი ფეხით მივა.
სამომხმარებლო კალათაში ჩამოთვლილ 282 დასახელების აუცილებელ ნივთსა და პროდუქტს გადავხედავთ, იმაზე უფრო მოგვიწევს თავის მტვრევა, როგორ მოვახერხოთ ამ კალათის ათვისება თვეში 130 ლარად
|