ნანახია: 500
რატომ უნდა დააფინანსონ ქართველმა ხალხმა სოფო ნიჟარაძის პრომოუშენი?!
2010 წლის ევროვიზიის მონაწილე სოფო ნიჟარაძის პრომოუშენი საქართველოს თითქმის 2 მილიონი ლარი დაუჯდება. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და თურქულ კომპანიას Cosmo organizaasyon Tic Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით წლევანდელი ევროვიზიის მონაწილე სოფო ნიჟარაძის პრომოუშენი და შესაბამისი მომსახურეობა, გადასახადების გარეშე, 802 100 ევრო (1 884 935 ლარი) ჯდება. თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და კომპანიაც მთავრობამ შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს წინ უსწრებდა ფონდების შესახებ კანონპროექტში ცვლილების შეტანა, რომელიც 2009 წლის ბოლოს განხორციელდა. საქმე ისაა, რომ 2010 წლამდე პრეზიდენტის ფონდიდან თანხების გამოყოფა მკაცრად გაწერილ პროცედურებს უკავშირდებოდა და როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, თანხის გამოყოფა ძირითადად სტიქიური უბედურებებით ან კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ხდებოდა. "2009 წლის ბოლოს კანონპროექტში განხორციელდა ცვლილება, რის შედეგად ამოქმედდა ახალი კოდექსი. სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა იმ მხრივ, რომ მანამდე ზუსტად იყო განსაზღვრული ის ღონისძიებები, თუ რისთვის ხდებოდა პრეზიდენტის ფონდიდან თანხების გამოყოფა. ამ ცვლილების მიზეზები ჩვენთვის გაუგებარია, ამასთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ანგარიში მოამზადა, სადაც საუბარია იმ უარყოფით შედეგებზე, რომელიც ამას შეიძლება მოჰყვეს. რაც შეეხება ევროვიზიის მონაწილის დაფინანსებას, ამ მხრივ რაიმე კანონდარღვევაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ეს ფაქტი კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება", - განაცხადეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში". აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად, რომელსაც ქართული მხარე 2 მილიონ ლარამდე თანხას უხდის, ტენდერიც არ ჩატარებულა. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მთავრობის მიერ კომპანია თვითნებურად შეირჩა. "თურქული კომპანიის ვალდებულებაა სერიოზული პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყანას და უმაღლეს დონეზე წარმოაჩინოს სოფო ნიჟარაძის გამოსვლა კონკურსზე.კომპანია ხარისხიან სერვისს გვპირდება და რაც მთავარია, თანხას საქმეს მოახმარს. Cosmo organizaasyon Tic Ltd-ს გამოსავლენად ტენდერი არ ჩატარებულა, რადგან სხვებისგან განსხვავებით სერვისი, რომელსაც ეს თურქულ-ინგლისური კომპანია გვთავაზობდა, უფრო საინტერესო იყო ჩვენთვის და ფასებიც უფრო მისაღები", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პრეს-მდივანმა ანი ლაღიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის კონკურსი 25, 27 და 29 მაისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართება, სადაც სოფო ნიჟარაძე საკონკურსო სიმღერით - Shine წარდგება. აღსანიშნავია, ისიც რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, გამარჯვებულის გამოსავლენად შიდა შესარჩევი საკონკურსო ტური არ ჩატარებულა და დღემდე ევროვიზიის არცერთ სხვა მონაწილეს სახელმწიფოსგან ასეთი ძვირადღირებული პრომოუშენი არ ღირსებია. საინტერესოა, რატომ არ ჩატარდა არცერთი კონკურსი ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ იჩენს ჩვენი მთავრობა სოფო ნიჟარაძის მიმართ ასეთ გულუხვობას. სხვა ბევრ პრობლემატურ საკითხზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება, ბოლო პერიოდში მომხდარი ერთი საინტერესო ფაქტი რად ღირს! ამ პროცესის პარალელურად ახალგორიდან დევნილმა მოსახლეობამ კომპენსაციების მიღების მოთხოვნით პარლამენტთან მორიგი აქცია გამართა. დევნილთა განცხადებით დახმარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ისინი იძულებული იქნებიან, ოსური პასპორტები აიღონ. დევნილთა თქმით, მათ არც ფულადი კომპენსაცია და არც სხვა რაიმე ტიპის დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ, მინისტრთან შეხვედრას კი უშედეგოდ ითხოვენ. მთავრობას კი, როგორც ჩანს, საკუთარი ხალხის დახმარებაზე პრიორიტეტულად ფანტანების შენება და სოფო ნიჟარაძის პრომოუშენის დაფინანსება მიაჩნია. ხელისუფლებას თავისი იმიჯი ქვეყნის გარეთ უფრო აინტერესებს, ვიდრე ქვეყნის შიგნით. სწორედ ამას ემსახურება ეს 2 მილიონი ლარიც და 2008 წელს ევროობლიგაციებით აღებული 800 მილიონი ლარის მაღალპროცენტიანი სესხიც, რომლის ალი-კვალიც ჯერ ვერ გაურკვევია საზოგადოებას. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს თანხაც ისევე წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდება, როგორც ვითომდა ქვეყნის იმიჯის ასამაღლებლად აღებული 800 მილიონიანი სესხი.
ნათია შენგელია
|