ნანახია: 568
დედაქალაქელებს დღეს ტალახსა და მტვერში უხდებათ სურსათის შეძენა
სამი წლის წინ, როდესაც გასაკეთებელი უფრო ბევრი იყო, ვიდრე დღეს, თბლისის მერიამ ჩვეული მონდომებით დაანგრია დედაქალაქის ცენტრალური ბაზარი. "დეზერტირების" ბაზარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია და სანიტარული მდგომარეობა, მართლაც არ შეეფერებოდა ევროპული ქალაქის სტანდარტებს. მაშინ დედაქალაქელებს აუხსნენ, რომ ამ ადგილას ტანამედროვე სავაჭრო ცენტრი აშენდებოდა და ჩვენ უკეთეს პირობებში მოგვიხდებოდა სურსათის შეძენა. გავიდა სამი წელი, და გიგი უგულავას საარჩევნო სლოგანი - "გასაკეთებელი კიდევ ბევრია", ისევ აქტუალურია. რატომ არის აქტუალური, ეს სხვა საკითხია. მთავარია, რომ თუ ადრე დედაქალაქელებს ცუდ შენობაში უწევდათ სურსათის ყიდვა, დღეს უკვე იმ ტერიტორიაზე, მუხლამდე ტალახი დგას, მიუხედავად ამისა, იქ ისევ ის პროდუქტი იყიდება, რომელიც სამი წლის წინ იყიდებოდა. გავრცელებული კულუარული ინფორმაციით, ეს ტერიტორია ჩინელებმა იყიდეს, სადაც მიწისქვეშა თანამედროვე ტიპის სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო, საკუთარი ავტოფარეხებით. თუმცა, აქ რომ მასიური სენობის აშენება წარმოუგდენელი იყო, ეს მერს უნდა სცოდნოდა, ზუსტად დეზერტირების ბაზრის ქვევით მეტროს გვირაბი გადის. შესაბამისად, იქ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობა, წარმოუდგენელია. გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ბაზრის ტერიტორიაზე დღეს არსებული გარე ბაზრობა ვენდისპანსერთან, ნინოშვილის ქუჩაზე უნდა გადაეტანათ და იქ გამეფებულ ანტისანიტარიასა და სიბინძურეს ბოლო მოეღებოდა. ჯერ-ჯერობოთ კი დეზერტირების ბაზრის ტერიტორია ნაწილობრივ დანგრეულია და იქ არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. "ბ&ფ" დაუკავშირდა თბილისის მერიას, რათა გაერკვია, თუ რა ხდება სინამდვილეში და რეალურად რა ვითარებაა დღეს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ მერიაში არ ფლობენ არანაირ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით და გვითხრეს, რომ დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის პრივატიზება ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეკონომიკის სამინისტრომ, თავის მხრივ, ზემოხსენებული თემა მერიის კომპეტენციას მიაკუთვნა. აქედან გამომდინარე, ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება ამ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელი აღმოჩნდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა გიორგი ბაქრაძემ დეზერტირების ბაზრის პრივატიზების საკითხი ამავე სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის პრეროგატივად გამოაცხადა და თქვა, რომ მას მხოლოდ საპრივატიზაციოდ გამზადებული ობიექტების ნუსხა აბარია და არა უკვე გაყიდული ქონების. სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბატონმა დიმიტრი შანიძემ კი განგვიმარტა, რომ დეზერტირების ბაზრის პრივატიზების თემა ზუსტადაც რომ ბატონი ბაქრაძის კომპეტენციაა და მან უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ ობიექტის შესახებ, რადგან ობიექტის პრივატიზებამდე ეს ტერიტორია საპრივატიზაციო ნუსხას განეკუთვნებოდა და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იყიდა და ვინ არის დღეს დეზერტირების ბაზრის მფლობელი, სწორედ აქ უნდა ინახებოდეს. შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გარკვევაც, არის თუ არა დღეს დეზერტირების ბაზარი უკვე პრივატიზებული. ცნობილია, რომ თბილისის მერიამ თავის დროზე ბაზრის შენობა იქ არსებული ანტისანიტარიისა და სიბინძურის აღკვეთის მიზეზით დაანგრია. როგორც ჩანს, მერია ქალაქში წესრიგის დამყარებას შენობების ნგრევით აპირებს და არა უბრალოდ იმ ტერიტორიის დასუფთავებით, სადაც ანტისანიტარიაა გამეფებული. გაზეთ ,"რეზონანსის" ინფორმაციით, დეზერტირების ბაზრის მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი მერაბ შარანგიაა, რომელიც საქართველოში "ბილაინისა" და რესტორან ,"ქალაქურის" მეპატრონეა. გარდა ამისა, იგი ",ემ ჯგუფის" რესტორნებისა და მშენებარე სასტუმრო, "პარკ ჰაიათის" წილის მფლობელიც არის. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ შარანგიას უკან ხელისუფლება დგას.
ქეთი სიხუაშვილი
|