ნანახია: 565
საცალო ქსელში გამოტანილი ყოველი მე-6 პროდუქტი უვარგისი და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა
ხშირად ცნობილი და მაღალმოთხოვნადი ბრენდების ფალსიფიკაცია ხდება
მომხმარებელთა ფედერაციამ სამომხმარებლო ბაზრის კვლევის შემდეგად მორიგი სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ მიკრობიოლოგიური კვლევისთვის თბილისში, სხვადასხვა ადგილას შეძენილი, 15 დასახელების ნამცხვარი შეამოწმა, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 12 მათგანი საჭირო ნორმებსა და სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის განცხადებით, განსაკუთრებულად მძიმე შედეგები ნამცხვარ "ეკლერის" და ე.წ. "ტრუბოჩკების" ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა. პროდუქციაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავური ჩხირები აღმოჩნდა. სტანდარტების შეუსაბამოა, ასევე, სუპერმარკეტებიდან ამოღებული "პრიჩუდა", "სუდარუშკა" და "ვიბერი მენის" რულეტები. ისინი რუსული პროდუქციის ქართული ანალოგია, რომელსაც ეტიკეტზე მითითებული წარწერის მიხედვით შპს "ბლიცსერვისი" ამზადებს, თუმცა, ეტიკეტი შიგთავსს არ შეესაბამება. ზოგიერთ კომპანიას არ აქვს ეტიკეტზე მითითებული სათანადო ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ქართულენოვანი, ვინაიდან მომხმარებელმა სწორად შეძლოს არჩევანის გაკეთება. მადონა კოიძის განცხადებით, საცალო ქსელში გამოტანილი ყოველი მე-6 პროდუქტი უვარგისი და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. "მომხმარებელს განსაკუთრებით მეტი ყურადღება მართებს სახლის პირობებში დამზადებული ნამცხვრების მიმართ, ვინაიდან ძალიან რთულია საოჯახო პირობებში სანიტარული ნორმების დაცვა. ყველაზე მეტი დარღვევა კუსტარულად დამზადებულ ნამცხვრებში აღმოჩნდა. გარდა ამისა, ხშირად ხდება ცნობილი და მაღალმოთხოვნადი ბრენდების ფალსიფიკაცია. მიუხედავად ამ დარღვევებისა, საქართველოში არიან კომპანიები რომლებიც ხარისხიან პროდუქციას უშვებენ", - აცხადებს კოიძე. საინტერესოა, ვინ უნდა გააკონტროლოს სამომხმარებლო ბაზარი. როგორც სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა როგორც მწარმოებელს, ასევე სარეალიზაციო ქსელის მეპატრონეს ეკისრება. სარეალიზაციო ქსელი ვალდებულია მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე, დაიცვას რეალიზაციის პირობები, ხოლო - მწარმოებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და აწარმოოს უვნებელი პროდუქტი. ამ კონკრეტულ კვლევასთან დაკავშირებით კი სურსათის უვნებლობის სამსახური თავად აპირებს განმეორებით კვლევის ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მოხდენასაც. კოიძის განცხადებით, ქვეყანაში მიკრობიოლოგიური კონტროლი სურსათის უვნებლობის სამსახურს ეკისრება, თუმცა, გაურკვეველი მიზეზით 2013 წლამდე აღნიშნულმა სამსახურმა სამოქალაქო ბაზარზე კონტროლი შეაჩერა და ამჟამად მხოლოდ მონიტორინგით შემოიფარგლება. კოიძის ამ განცხადებას არ ეთანხმებიან სურსათის უვნებლობის სამსახურში და აცხადებენ რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურს არ აქვს უფლება სამოქალაქო ბაზარზე კონტროლი განახორციელოს, რაც თავისთავად ხელს უწყობს პროდუქტების ფალსიფიკაციას, სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველოს კანონი "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კრძალავს საწარმოში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, თუმცა, სარეალიზაციო ობიექტების - ბაზარი, მარკეტები, სუპერმარკეტები, ანუ ყველა ის ადგილი, სადაც სასურსათო პროდუქცია იყიდება, კონტროლდება მონიტორინგის საფუძველზე". როგორც სააგენტოში განმარტავენ, მონიტორინგის ფარგლებში ეროვნული სამსახურის სპეციალისტები სარეალიზაციო ქსელში გასაყიდად განთავსებულ პროდუქციას ამოწმებენ და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ. "სამსახურის მიერ ფალსიფიკაციის არაერთი შემთხვევა იქნა გამოვლენილი. თუ სურსათი მავნებელია, სამსახურის გადაწყვეტილებით ხდება მათი განადგურება. ხარისხობრივი დარღვევის შემთხვევაში, მეწარმე-დისტრიბუტორს უკეთდება მიწერილობა, ეცნობება დარღვევების შესახებ და ეძლევა გამოსწორების ვადა, რის შემდეგაც თუკი ვითარება არ გამოსწორდა მის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება ხდება", - აცხადებენ ეროვნულ სამსახურში.
ქეთი ქასრაშვილი
|