ნანახია: 460
"ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს ეკონომიკაზე და აშენებს `ბენდუნომიკას~, ვერასდროს მიხვდება, რატომ უნდა იყოს პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალე" - სოსო ცისკარიშვილი
ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში პრივატიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფომ უკვე არაერთი საწარმო გაასხვისა უცხოელ თუ ადგილობრივ ინვესტორებზე. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფომ საპრივატიზაციო გეგმა, წინა წელთან შედარებით, ფაქტობრივად, გაასამმაგა. თუ 2009 წელს პრივატიზაციიდან დაახლოებით 70 მილიონი შევიდა ბიუჯეტში, წელს ამ ციფრის 210 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობენ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ბაქრაძის განცხადებით, მიმდინარე წელს პრივატიზაციიდან უკვე 22 მილიონი ლარია მობილიზებული და გეგმის ბოლომდე შესრულება შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ სტაბილურობის თვალსაზრისით აქტიური პერიოდი იწყება.
უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ყველა საპრივატიზაციო გეგმა მკაცრი კრიტიკის ობიექტი ხდება. ექსპერტებს არაერთი შენიშვნა აქვთ და ფიქრობენ, რომ უპირველესად ხელისუფლების საკითხისადმი მიდგომას აკრიტიკებენ. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას, საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა პრივატიზაციის გამჭვირვალობა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ზემოთაღნიშნული პროცესი მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. მათივე თქმით, უცხოელი ინვესტორებისთვის მთავარი დაბრკოლება გასაყიდი ობიექტების შესახებ ინფორმაციის არქონაა.
ახალ საპრივატიზაციო გეგმასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას კონტროლის პალატაც გამოხატავს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ წამგებიანი სახელმწიფო საწარმოები დაჩქარებული წესით გაიყიდება. კერძოდ, როგორც ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ხოჯევანაშვილმა, განაცხადა, გეგმა დამუშავების პროცესშია და თვენახევარში მზად იქნება. კონტროლის პალატის პოზიციით კი მოჭარბებული პროდუქციის ბაზრისთვის მიწოდება შესაძლებელია დამღუპველი იყოს როგორც ბაზრის განადგურების მხრივ, ისე ფასების მხრივაც.
ექსპერტები მკაცრად აკრიტიკებენ საწარმოთა პრივატიზაციის პროცესის ბუნდოვანებას. ექსპერტ ლევან კალანდაძის აზრით, არა მარტო პრივატიზაციის პროცესი, არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესისადმი არის გაუმჭვირვალე. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხანგრძლივი პროცესია, რომელიც თავის თავში მოიცავს აღნიშნული ქონების აღრიცხვა-ინვენტარიზაციას, ფასის დადგენას, ობიექტური აუქციონს მოწყობას და ა.შ. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ციკლი უნდა იყოს გამჭვირვალე და არა კონკრეტულად გაყიდვის პროცედურა. ექსპერტი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გასაყიდ ობიექტებზე ფასების სწორად დადებას და ამ პროცესის საჯაროობას მიიჩნევს.
გიორგი ბაქრაძე კი თვლის, რომ პრივატიზაცია მართლაც გამჭვირვალეა, რადგან თითოეული ობიექტის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება გაზეთ "მესაკუთრეში", ასევე, იდება ვებ-გვერდზე პრივატიზაცია.გე. მისი თქმით, დაინტერესებულ პირს ეკონომიკის სამინისტროსგან ამომწურავი ინფორმაციის გაგება შეუძლია და რომ აღნიშნული პროცესი კანონებს ექვემდებარება.
"სერთიფიცირებული აუდიტის მიერ ხდება ფასის დადგება და შემდეგ გამოტანა აუქციონის პირობებზე. კონკრეტულად თითოეული ობიექტის პირობების დადგენა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. რა არის რეალობა ამა თუ იმ ობიექტის ირგვლივ", - აცხადებს ბაქრაძე. ” ექსპერტები მსგავსი არგუმენტებით არ კმაყოფილდებიან. სოსო ცისკარიშვილის აზრით, საქმე არა მხოლოდ პრივატიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობასთან, არამედ ჩინოვნიკურ გარიგებებთანაც გვაქვს:
"ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს ეკონომიკაზე და აშენებს "ბენდუნომიკას", ვერასდროს მიხვდება, რატომ უნდა იყოს პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალე. ის მეთოდები, რომლებიც დანერგილია "ბენდუნომიკაში" სწორედ ყველანაირი პროცესის გაუმჭვირვალობისკენაა მიმართული. აუქციონის გამართვამდე უკვე შეთანხმებულია ხელისუფლებაში, თუ ვინ უნდა გახდეს გასაყიდი ობიექტის მფლობელი. პრივატიზაციის პროცესი სწორედ რომ სახელისუფლებო სურვილების გათვალისწინებით მიმდინარეობს. ე.წ "100 საავადმყოფოს პროგრამა", რომელიც "ბენდუკონომიკის" სავიზიტო ბარათია, ყველაზე კარგად ასახავს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. პრაქტიკულად, არცერთი არ აშენებულა დათქმულ ვადაში და არც საბანკო გარანტიების ვალი არ გადახდილა ფსევდო მფლობელების მიერ. ის, რომ ბანკები თავად არ ითხოვენ მოცემული თანხის გადახდას, მიგვანიშნებს შეკრულ წრეზე, მაღალჩინოსანთა კორუფციაზე".
ლელა გოგოლაძე
|