ნანახია: 604
იმიჯის გადარჩენა თუ ზრუნვა ეკოლოგიურ საფრთხეებზე
"მერების შეთანხმების" (Covenant of Mayors) პროექტს, მსოფლიოს 100-ზე მეტი დედაქალაქის მერთან ერთად, ხელი ქ. თბილისი მერმა გიგი უგულავამაც მოაწერა. პროექტი ინიცირებულია ევროკავშირის მიერ და გულისხმობს ემისიების შემცირებას ქალაქის მუნიციპალურ ორგანოებთან პირდაპირ გაფორმებული ხელშეკრულების მეშვეობით. ევროკავშირის ამ ინიციატივის მხარდამჭერი ქალაქები ვალდებულებას იღებენ გლობალური კლიმატური ცვლილებების დაძლევაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და ეტაპობრივად შეამცირონ წარმოების შედეგად მიღებული მავნე ნივთიერებების რაოდენობა. ასევე ხელი შეუწყონ ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებას. შეთანხმების თანახმად, ჩოვენანტ ოფ Mაყორს-ის მონაწილე ქვეყნებმა 2020 წლისთვის წარმოების შედეგად მიღებული მავნე ნივთიერებათა (CO2) რაოდენობა 20%-ით უნდა შეამცირონ. როგორც პროექტში მონაწილენი განმარტავენ, გამომდინარე იქიდან, რომ დაბინძურების 80% პროცენტი დიდ ქალაქებზე მოდის, მოცემული პროექტის მეშვეობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ეძლევა შესაძლებლობა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და განახორციელოს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქალაქში მავნე გამონაბოლქვების შესამცირებლად და სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად. ცერემონიალს ესწრებოდნენ ქ.თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთვარობო უწყებების წარმომადგენლები. ფაქტი დადებითად შეაფასა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა: "აღნიშნული პროექტის მეშვეობით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს სუფთა გარემოს განვითარების გლობალურ პროცესში. პროექტის მნიშვნელობა ხაზგასმული იქნა ასევე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში გამართულ ენერგეტიკული პლატფორმის შეხვედრაზე სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, რაც თავისთავად პროექტის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო გამოხატავს სრულ მზადყოფნას შემდგომი თანამშრომლობისათვის, რათა ხელი შეუწყოს თავის მხრივ მოცემული პროექტის წარმატებით განხორციელებას", - განაცხადა ვალიშვილმა. თავად ის ფაქტი, რომ თბილისის მერია აცხადებს მზაობას იზრუნოს ქალაქში ეკოლოგიის დაცვაზე, მისასალმებელია, მაგრამ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ხელმოწერა ერთია, ვალდებულებების რეალურად შესრულება კი - მეორე. ბევრი ამტკიცებს, რომ თბილისის მერიას არ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. და თუ ეს მართლაც ასეა, გაურკვეველი რჩება, მაშ რისთვის იყო საჭირო ფორმალური ხელმოწერა. ხოლო თუ გავიხსენებთ, რომ ერთ თვეში მერის არჩევნებია და ქალაქის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ უკვე ოფიციალურადაც დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, მივხვდებით, რომ არჩევნების წინა პერიოდში მისი მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა და დაპირება, რომ იზრუნებს თბილისში ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე, დადებითად აისახება მის იმიჯზე, რაც არჩევნებზე დამატებითი ხმების გარანტიაა. ამ ფაქტის შეფასება ჩვენ ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" წევრს, პოლიტიკის ანალიტიკოსს ქეთი გუჯარაიძეს ვთხოვეთ, რომელმაც განგვიმარტა, რომ ხელისუფლების მხრიდან სურვილის გამოხატვა უკვე დადებითად შესაფასებელი ფაქტია, რასაც წესით რეალური ქმედებებიც უნდა მოჰყვეს: "კონვენანტი განსაზღვრავს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც უახლოეს 10 წელიწადში უნდა გატარდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ამ პროექტით არის გათვალისწინებული, არის ის, რომ უნდა მოხდეს სათბური გაზების ემისიების ინვენტარიზაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია. პრინციპში, ეს ფიზიკურად შესაძლებელია. სურვილის გამოთქმა და ხელმოწერა, უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ შეთანხმებას აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არა პოლიტიკური ნება, შეთანხმებაზე ხელის მოწერასაც არ ექნებოდა აზრი. სხვა ქალაქების მერები, რომლებმაც ამ კონვენანტს ხელი მოაწერეს, სხვა ვალდებულებებსაც ასრულებენ. ამ ქალაქებში ხდება ენერგოეფექტურობის პროგრამების დანერგვა, ხელი ეწყობა მდგრადი სატრანსპორტო სახეობების განვითარებას და განახლებადი ენერგიის გამოყენებას. საქართველოში ამ სამი სექტორის განვითარებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, თბილისის მერია უკვე იწყებს მუშაობას იმაზე, რისი ვალდებულებაც ჩვენ ავიღეთ. შეთანხმებას ხელი სულ რაღაც ორი კვირის წინ მოეწერა. მერიის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართებოდა და გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართულობა მათთვის მისაღები იქნებოდა". როგორც ჩანს, რესურსი, რომელიც თბილისის მერიას შეთანხმების ხელმოწერით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის გააჩნია, ჯერ-ჯერობთ, მხოლოდ სურვილია. თუმცა, ცხადია, რომ როცა საკუთარ თავზე ასეთი რთული მისიის შესრულებას იღებ, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. 2020 წლამდე დიდი დროა. ამ დროისთვის საქართველოში არც შეთანხმება ემახსოვრება ვინმეს და ალბათ, აღარც გიგი უგულავა. სამაგიეროდ, 30 მაისამდეა ცოტა დროა დარჩენილი და საკუთარი იმიჯის შელამაზებაზე ზრუნვა, სწორედ რომ დროულია. თაკო მათეშვილი
|