ნანახია: 701
ვროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება ქართველ ემიგრანტთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის
გასულ კვირას CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებს შეეხო, მათ შორის მოსახლეობის მიგრაციის და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო 6 წელიწადში საქართველომ სასწაულებრივი ტრანსფორმაცია განიცადა და, ფაქტობრივად, კორუფცია დაამარცხა. გარდა ამისა, სააკაშვილმა ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი რამდენიმე წლის წინ ქვეყნის მოსახლეობის 52% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ახლა ეს მაჩვენებელი 22%-მდეა შემცირებული. უცნობია, თუ საიდან აქვს სააკაშვილს ეს მონაცემები, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 1 779 008-ს აღწევს. ანუ, თუკი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის დაზუსტებისას ბოლო, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს ავიღებთ (2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 4 371 535 ადამიანს შეადგენდა), გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 41% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, მაშინ, როცა პრეზიდენტი მათგან მხოლოდ 22%-ს აღიარებს. საინტერესოა, რატომ არ აღიარებს სააკაშვილი მოსახლეობის 19%-ს, როგორც ღარიბს, როცა მათი რაოდენობა 800000-ს აღემატება, ან ვინ აწვდის მას ამ სტატისტიკურ მონაცემებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე კიდევ უფრო რთულ სურათს გვიჩვენებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. მსოფლიო ბანკის ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს. ამასთან, მსოფლიო ბანკის ექსპერტთა გათვლებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, სადაც სიღარიბის მაჩვენებლები არ იცვლება. ცოტა ხნის წინ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით კი საქართველოს ცხოვრების დონით სომხეთი და აზერბაიჯანი უსწრებს. ამ რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილზეა და უღარიბესი ქვეყნების სიაში მოხვდა. იგივე ინტერვიუში პრეზიდენტი მწუხარებით აღნიშნავს, რომ ბევრი ქართველი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, ქვეყანას ტოვებს, თუმცა, მისივე განცხადებით, მას მომავალში ქვეყნიდან ხალხის გადინების არ ეშინია და პირიქით, ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნებასაც კი ელის. "მე არ მეშინია ხალხის გადინების, უფრო ემიგრანტთა დაბრუნებას ველი. ჩემი აზრით, ეს პირველი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელშიც პოლიტიკური კლასი მთლიანად შეიცვალა და ამ თვალსაზრისით საქართველო ადამიანებისთვის მიმზიდველია", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილი სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის დამთავრებამდე, 2013 წლამდე, საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ექნება. ეს იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, 2009 წელს საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. ამ მაჩვენებლით საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს. ამ შავ "ათეულში", მე-10 ადგილზე მყოფი საქართველოს გარდა, შედიან: ავღანეთი, ერაყი, სომალი, რუსეთი, ჩინეთი, სერბია, ნიგერია, ირანი და პაკისტანი. ყველაფერთან ერთად, ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპებით. ასეთ ვითარებაში, როცა ყოველ მეორე ქართველს თვალი ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს, მთავრობა და განსაკუთრებით კი პრეზიდენტი, მუდმივად გვახარებს, რომ 2013 წლამდე საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ქვეყნიდან წასვლის მსურველ ბევრ ქართველს უფრო მარტივად შეეძლება შეუერთდეს ემიგრანტთა არმიას, რადგან მათთვის აღარ იარსებებს დღეს არსებული ბარიერი, რომელიც აბრკოლებს ამ ადამიანებს, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ საცხოვრებლად. შეიძლება ეს ყველაფერი ვინმეს გაზვიადებულად მოეჩვენოს, მაგრამ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, ასეთი მომავალი მართლაც რეალურია, რადგან მსგავსი პრაქტიკა ნამდვილად არსებობს. მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირის წევრები გახდნენ და საზღვრები გაიხსნა, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ახალგაზრდების მასიური გადინება ქვეყნიდან, სხვა მეტად განვითარებულ ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ანაზღაურება ბევრად აღემატება მათ სამშობლოში არსებულ ანაზღაურებას და ცხოვრების დონეს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ ის, თუ რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება და საერთოდ, გვიღირს თუ არა ეს რეჟიმი იმად, რომ ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავიდეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად. მითუმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში არსებული ცხოვრების დონე ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოში. გაეროს უმაღლესი კომისარიატის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპით. გიორგი შუბლაძე
|