მოვალეთა რეესტრში მოხვედრილებს ყველაფერს ჩამოართმევენ » ბანკები და ფინანსები

მოვალეთა რეესტრში მოხვედრილებს ყველაფერს ჩამოართმევენ

მთავარისაზოგადოება 30.04.2010

მოვალეთა რეესტრში მოხვედრილებს ყველაფერს ჩამოართმევენ და ქუჩაში გაყრიან

რატომ არ ასრულებს აღსრულების ბიურო
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ერთი დღის განმავლობაში, საშუალოდ, 4 აუქციონი ტარდება. ამ დროისთვის მოვალეთა რეესტრში უკვე 2172 ადამიანია რეგისტრირებული, მაშინ, როცა მარტში ეს მაჩვენებელი 1254-ს შეადგენდა. გამოდის, რომ სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში რეესტრის "შავი სია" 60%-ით გაიზარდა. ამ დროისათვის უცნობია, თუ რამდენი ადამიანის ქონება გაიყიდა მიმდინარე წელს, თუმცა, ფაქტია, რომ მომავალში ამის პერსპექტივა საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ექსპერტებიც, რომელთა აზრით, უახლოეს მომავალში ქონების იძულებითი გაყიდვის საფრთხის წინაშე ძალიან ბევრი ოჯახი აღმოჩნდება.
აღსრულების ბიუროს ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ათასობით მოვალიდან მხოლოდ 400-მა შეძლო ქონების დაბრუნება.
მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი ადამიანების ქონებას აღმასრულებელი მოიძიებს და აყადაღებს. მოძიებიდან 2 თვის შემდეგ კი ამ ქონებას იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით ხდება.
მოკლედ, აღსრულების ბიურო საკუთარ მოვალეობას ხუთიანზე ასრულებს და ურჩ მოვალეებს აქტიურად აკულაკებს. თუმცა, იმას ვერავინ იტყვის, რომ მის საქმიანობაში რაიმე უკანონოა, რადგან მას ამის უფლებას კანონი აძლევს და ისიც კანონის ფარგლებში ახდენს ურჩი მოვალეების გაკულაკებას.
როგორც აღვნიშნე, აღსრულების ბიუროს ურჩი გადამხდელებისთვის ქონების ჩამორთმევის უფლებას კანონი აძლევს, თუმცა, მას ისევ კანონი ავალდებულებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანოს და აღასრულოს.
უზენაესი სასამართლოს მიერ 2001 წლის 31 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მრავალწლიანი დავის შემდეგ შოკოლადის ფაბრიკა `მზიური~ მის ყოფილ თანამშრომელს უნდა გადასცემოდა, თუმცა, დღემდე ამ უზენაესი გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა. ჯერ კიდევ 9 წლის წინ სასამართლო დადგენილებით, ქარხნის ყოფილ თანამშრომლებს იჯარის კანონით უნდა გამოესყიდათ ქონება და სახელმწიფოს იგი კერძო საკუთრებად უნდა ეცნო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ქარხნის ყოფილი თანამშრომლების პროტესტის მიუხედავად, იგი არ აღსრულდა.
რამდენიმე დღის წინ ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა და მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრებმა საქალაქო სააღსრულებო ბიუროსთან სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
ქარხნის თანამშრომლების განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე რგოლმა ნაგვის ურნაში ჩააგდო. მათი თქმით, დაწყებულია გამოძიება. საქმეს უკვე 10 თვეა ქალაქის პროკურატურა იძიებს, თუმცა, საკითხავია, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოძიება რად უნდა.
კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ბ&ფ-ს სააღსრულებო ბიუროში განუცხადეს, რომ პიროვნებები, რომლებმაც ამ კითხვაზე უნდა გასცენ პასუხი, ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან და, შესაბამისად, ბიურო კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემს.
ქარხნის თანამშრომლების განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილების არ აღსრულების მიზეზი ისაა, რომ მავანს არ აწყობს ქარხნის რეალურად ყოფილი თანამშრომლების მფლობელობაში გადასვლა.
ქარხნის თანამშრომლების თქმით, დედაქალაქის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ხელმოწერილი დოკუმენტებით, სასამართლოს გვერდის ავლით, წარმოებას ბრალს სდებს, რომ თითქოს მას ძალიან დიდი ვალი აქვს და თითქოს შვიდი ყადაღა ადევს.
საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა და, ალბათ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების 9 წლის განმავლობაში არ აღსრულებაც არ უნდა გაგვიკვირდეს. მთავარია, აღსრულების ბიურომ მოსახლეობის გაკულაკების პროცესი ხუთიანზე შეასრულოს, დანარჩენი მას ეპატიება.
ნინო გოგელაშვილი


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}