ნანახია: 787
რეფორმირებული სტატისტიკის დეპარტამენტის, აწ უკვე "საქსტატის", მონაცემები საზოგადოების მხრიდან უნდობლობას იმსახურებს და მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ფასები ბენზინზე და კვების პროდუქტებზე მუდმივად იზრდება, "საქსტატი" აცხადებს, რომ საქართველოში 2010 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 0,26%-ით არის შემცირებული, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი თებერვალში 125,8 ლარს შეადგენდა. ამასთან, "საქსტატის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით 6,8%-ითაა შემცირებული. საარსებო მინიმუმის ეს შემცირება განსაკუთრებით იმ ფონზეა გასაკვირი, როდესაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება, ხოლო ქვეყანაში მოხმარებული პროდუქციის უმეტესობა კი იმპორტირებულია. "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის მარტში საქართველოში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 210,5 ლარს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 226 ლარი იყო, მიმდინარე წლის თებერვალში კი 211 ლარი. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წლის მარტში 111,1 ლარს (2009 წლის მარტში 119,3ლარი), ორსულიანის-177,8 ლარს (2009 წლის მარტი-191 ლარი), სამსულიანის- 200 ლარი (2009 წლის მარტი 214,8 ლარი), ოთხსულიანის- 222 ლარს (2009 წლის მარტი-238,7 ლარი), ხუთსულიანის- 250,1 ლარს (2009 წლის მარტი-268,5 ლარი), ექვსულიანი და მეტი-295, 6 ლარს (2009 წლის მარტი 371,5 ლარი) შეადგენს. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ამ მონაცემებს უნდობლობას უცხადებს და საარსებო მინიმუმის შემცირებას არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი. "სტატისტიკა ჩვენ არ გვაქვს არც ერთ სფეროში და რასაც `საქსტატი~ აქვეყნებს, იმას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყანაში სტატისტიკის დეპარტამენტის მუშაობის ხარისხი ნულის ტოლია. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტატისტიკის დეპარტამენტის შენახვაზე მიმდინარე წელს 3 მლნ. ლარია გამოყოფილი, ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, "საქსტატმა" არსებობაზე უარი თქვას. "საქსტატის" ფუნქციაა, რომ ყოველდღე ატაროს კვლევები, აღწერები და გადაამოწმოს მონაცემები, რაც უგულებელყოფილია და აქედან გამომდინარე, "საქსტატის" ნებისმიერ მონაცემზე დაყრდნობა უმართებულოდ მიმაჩნია", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილმა.
ნათია შენგელია
|