ნანახია: 1075
საქართველოში უმუშევრობის პრობლემით შეწუხებული საზოგადოება იძულებულია თვითდასაქმების გზა გამონახოს. დღეს ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში ყველგან შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ოჯახების გადასარჩენად დარში თუ ავდარში ქუჩაში დგანან და სხვადასხვა საგნებისა თუ პროდუქტის გაყიდვით თავს ირჩენენ. პარლამენტში გარე მოვაჭრეების შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი მელაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ნებართვის გაცემას ითვალისწინებს. ნებართვის არ ქონა გარემოვაჭრისთვის 20-დან 50 ლარამდე ჯარიმის ტოლია და გარდა ამისა, მას პროდუქტსაც ჩამოართმევენ. მართალია, კანონი იანვრიდან ამოქმედდება, მაგრამ გარემოვაჭრეებს უკვე პოლიციასთან ბრძოლით უწევთ ქუჩაში დგომა და საარსებო მინიმუმის მოპოვება. მათი თქმით, ისინი დღეში საშუალოდ 5 ლარს შოულობენ, ქუჩაში ვაჭრობა მათთვის პურის ფულის მოპოვების საშუალებაა და არა მომგებიანი ბიზნესი. გარემოვაჭრეებისთვის Aამ ერთადერთი გზის მოჭრა, ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ლამის ულუკმაპუროდ დატოვებს. გარემოვაჭრეების პრობლემებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დამცველ ლაშა ჩხარტიშვილს გავესაუბრეთ. "ჩვენს ქვეყანაში გარე ვაჭრობა იმ ფორმით, რომელიც დღესდღეობით არის სახეზე, ადამიანებისთვის თვითგადარჩენის უკიდურეს ზომას წარმოადგენს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ხელისუფლება არ ქმნის მინიმალურ სოციალურ გარანტიებსაც კი და არ ზრუნავს მოქალაქეთა დასაქმებაზე. პირიქით, ის ცდილობს თვითდასაქმებულ ადამიანებს (ისევე, როგორც სხვებს), წაართვას ერთადერთი საარსებო წყარო. სააკაშვილის რეჟიმს სჩვევია პრობლემების მოგვარების საბაბით ადამიანის ჯგუფებზე ზღვარგადასული ძალადობა, რომელიც ყოველთვის ყველაზე სუსტებიდან იწყება. დღესდღეობით ისინი ასეთებად გარე მოვაჭრეებს მიიჩნევენ. ასე იყო, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველი არჩევნები ჩატარდა, ისევე როგორც 2008 წლის არჩევნების და ომის შემდგომ. ხელისუფლება, როგორც კი ჩათვლიდა, რომ "თავი ქუდში ჰქონდა" საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობას გარე მოვაჭრეებისგან იწყებდა. დღესდღეობით უკვე უფრო ორგანიზებულ შეტევაზეა საუბარი, არსებული რეჟიმის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინტერესი იკვეთება. დღეს ორი რამაა სახეზე, ერთის მხრივ, მიმდინარეობს გარე მოვაჭრეების ნაწილ-ნაწილ განდევნა, რადგან ხელისუფლება მიხვდა, რომ ერთიანად მათ ვერ მოერეოდნენ. ამ ეტაპზე "დინამოსა" და "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსაცმლით მოვაჭრეებს აუკრძალეს მუშაობა. მეორეს მხრივ კი პარლამენტში გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემის თაობაზე შექმნილი უსინდისო კანონპროექტის "გაპარება" სცადეს. სამწუხაროდ, ნოემბერში, როცა ეს კანონპროექტი იხილებოდა, მე არ მახსოვს, რომელიმე, ეგრეთწოდებული, "საპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენელს გაეპროტესტებინოს ეს საკითხი. კანონპროექტიდან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არათუ მოაწესრიგოს გარე ვაჭრობა, არამედ ამ საქმიანობის უფლება ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს წაართვას. კანონპროექტი გულისხმობს გამგეობებისათვის გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემის უფლების მინიჭებას აუქციონის ჩატარების გზით, რომელშიც ის გაიმარჯვებს, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. საქართველოში აუქციონებზე ვინ "იმარჯვებს" ხოლმე, ეს ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარეობს, რომ გარევაჭრობის ნებართვა, რაიონების მიხედვით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდება, რომლებიც შემდეგ აუქციონზე გადახდილ თანხაზე აპელირებით თითოეულ გარემოვაჭრეს, მათი საქმიანობის გაგრძელების უფლების სანაცვლოდ, მაღალ საფასურს მოსთხოვენ. ამ თანხას კი დღესდღეობით გარევაჭრობით დაკავებულ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გადაიხდის და შესაბამისად, ისინი არსებობის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან. ეს ბიზნესმენები კი უკვე საკუთარ თანამშრომლებს დაასაქმებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა შემდეგია: ვთვლით, რომ გარე ვაჭრობის ნებართვა, დღესდღეობით ამ საქმიანობით დაკავებულ პირებზე, ინდივიდუალურად უნდა გაიცეს. ისინი შეიძლება დაავალდებულონ გადაიხადონ მოსაკრებელი, ოღონდ მისი ოდენობა მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სანამ ამგვარ კანონს მიიღებენ, მანამდე გარემოვაჭრეები მოითხოვენ, რომ თითოეულ მათგანს შეეძლოს საკუთარი საქმიანობის არსებული ფორმით გაგრძელება. ყველა ის გარემოვაჭრე, ვისთანაც მე მქონია ურთიერთობა, ამ მიდგომას იზიარებს. გარემოვაჭრეები იბრძვიან საკუთარი ოჯახების გადარჩენისათვის, ხელისუფლება კი ცდილობს მათთვის ერთადერთი საარსებო წყაროს წართმევას, რათა საკუთარი კორუფციული ინტერესები დაიკმაყოფილოს. ამ სფეროს ხელოვნური გამსხვილების მიზანი სწორედ ისაა, რომ გარე ვაჭრობა ათიათასობით ადამიანის მაგიერ რამდენიმე კაცის ხელში აღმოჩნდეს, რაც ხელისუფლებას გაუადვილებს დაფაროს მათთან კორუფციული ხასიათის ურთიერთობანი. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტენდენციები, ხელისუფლების ჩარევის შედეგად, ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში აღინიშნა. გარე ვაჭრობა ნამდვილად მოითხოვს მოწესრიგებას, სანიტარული და ვიზუალური თვალსაზრისით, რათა დაცულ იქნას მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ოღონდ ისე, რომ არ შეილახოს გარემოვაჭრეების სასიცოცხლო ინტერესები და მათ მოწესრიგებულ პირობებში ვაჭრობის უფლება ჰქონდეთ. გარემოვაჭრეების ბრძოლა უფრო ორგანიზებული და წარმატებული რომ გამხადრიყო, მათ გადაწყვიტეს საკუთარი პროფესიული კავშირი – "გარე მოვაჭრეთა პროფესიული ლიგა" ჩამოეყალიბებინათ. Eეს ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, რომელიც ამ სფეროში არიან დასაქმებულნი. Mმე კი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი, ვეხმარები მათ. გარემოვაჭრეთა გაერთიანება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ის თავისი წარმატების შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ქაღალდზე არსებული ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან განსხვავებით, საკუთარ პრობლემებს არ დაივიწყებენ და ბოლომდე იბრძოლებენ გამარჯვებისათვის. ამ კავშირის პირველი წარმატებაა არის ის, რომ ამ ეტაპზე პარლამენტმა ვერ გაბედა "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში გარევაჭრობასთან დაკავშირებული მიუღებელი ცვლილებები შეეტანა და გადადო ეს საკითხი. ეს იმ საპროტესტო აქციების სერიის დამსახურებაა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა ჩატარებული. სამწუხაროდ, მე არ მახსოვს, რომელიმე დეპუტატს ან პროფესიულ ორგანიზაციას, მათ მხარდასაჭერად ერთი განცხადება მაინც გაეკეთებინოს. მათ ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ახსენეს, როცა გარემოვაჭრეებმა აჩვენეს, რომ ამ უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებდნენ. თუ გარემოვაჭრეები ასევე აქტიურად გააგრძელებნ ბრძოლას, როგორც დაიწყეს, მაშინ, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ვერ გაბედავს მათ დაჩაგვრას. ვფიქრობ, რომ მათ მიერ ნოემბერ-დეკემბერში წამოწყებული ბრძოლა ნებისმიერი ადამიანისა თუ საზოგადოებრივი ინტერესთა ჯგუფისათვის კარგ მაგალითად გამოდგება, თუ როგორ უნდა საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა."
ადა ექიზაშვილი
|