თვითმმართველობის ქართული მოდელი შუააზიურია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : თვითმმართველობის ქართული მოდელი შუააზიურია
ნანახია: 660

თვითმმართველობების მოწყობა არჩევნებში ხელისუფლებისთვის გამარჯვების მთავარი შანსია

საქართველოში თვითმმართველობების უუფლებობაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. თვით ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის, მაგრამ საგანგაშოსაც ვერაფერს ხედავენ. ხოლო რაც უფრო ნაკლები დრო რჩება არჩევნებამდე, მით უფრო აქტუალური ხდება თემა _ რამდენად ზრდის ხელისუფლების არჩევნებში გამარჯვების შანსს დღევანდელი თვითმმართველობების მოწყობის მოდელი, მათი ძალიან დიდი დოზით დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ამ თემასთან დაკავშირებით `ბ&ფ~-ს ეროვნული ფორუმის წევრი ირაკლი მელაშვილი ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, როგორ ხდება თვითმმართველობების დაფინანსება საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ?

- ფაქტობრივად, მთელი დაფინანსება ბოლო პერიოდამდე, ეს არის ცენტრალური ფინანსები. მე ახლა პროცენტებით ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის დამოუკიდებლობის რეალური საფუძვლები, სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს. მაგალითისთვის მინდა გითხრათ თბილისი. ადრე თბილისს ჰქონდა საკუთარი შემოსავლები (გადასახადებიდან) 400 მილიონ ლარზე მეტი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი, შემოსავლები წაართვა და დასვა ცენტრალურ ტრანსფერზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ცენტრალიზებასთან. მთელი საჯარო ფინანსები რომ ავიღოთ, მასში თვითმმართველობის წილი სერიოზულად მცირდება. ბოლო წლების სტატისტიკას თუ მოვიყვანთ, რასაც ჩვენი ოფიციალური საბიუჯეტო სტატისტიკა იძლევა, თვითმმართველობის ბიუჯეტების წილი მთლიან შიდა პროდუქტში კი არ იზრდება, არამედ სინამდვილეში მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გვიცხადებს დეცენტრალიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგითო. 7 პროცენტი იყო 2007 წელს, 5,8 პროცენტი არის 2008 წელს, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი ვარდნაა. ჩვენი თვითმმართველობა მთლიანად ზის გამოთანაბრებით და მიზნობრივ ტრანსფერზე, რომელსაც ხელისუფლება ანაწილებს, რადგან თვითმმართველობების საკუთარი შემოსავლების წილი მცირე არის ამ ბიუჯეტებში. ფაქტობრივად, მათ ჩამოერთვათ საშემოსავლო გადასახადი და სხვა გადასახადები, რაც რჩებოდა ადგილზე, ეს ყველაფერი ცენტრში იქნა წამოღებული. დღეს ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ თბილისში მცხოვრები ჩინოვნიკისთვის უფრო ადვილი განსასაზღვრია, რა არის გასაკეთებელი ონში, ოზურგეთში, მარნეულში თუ სხვა.

- საქართველოში არსებული თვითმმართველობის მოდელი რომელი ქვეყნის მოდელთან არის მიახლოებული?

- ეს მიდგომა არის საბჭოური, არანაირი საერთო ამას ევროპულ სტრატეგიასთან და განვითარებასთან არ აქვს და იმ საერთაშორისო ვალდებულებებსაც ეწინააღმდეგება, რომელიც აქვს ქვეყანას აღებული. აქცენტის აღება რაიონზე, როგორც თვითმმართველობის საბაზისო ერთეულზე, ეს არის შეცდომა. ამიტომ საერთოდ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ საზოგადოებაზე, ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე, ადგილობრივი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი და დონე რაც უფრო დაბლა არის დაშვებული, მით უფრო შეესაბამება ის იმ ადგილობრივი მაცხოვრებლის ინტერესს. აქ უბრალოდ შეფარდება არის გამოსანახი, იმიტომ, რომ ძალიან დაბლა თუ დაუშვებ ამას, იქ არ იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსები _ სოფელი რომ სამ ნაწილად დაყო, ბუნებრივია, მას არ ექნება ფინანსები. მეორე მხრივ, გამსხვილება არ უნდა მოხდეს ისეთ დონეზე, რომ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი უბრალოდ დაშორდეს თვითონ მოსახლეობას.

- როგორ უნდა იყოს თვითმმართველობები მოწყობილი ინსტიტუციონალურად?

- ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს ორდონიანი თვითმმართველობა. სხვათა შორის, ის, რაც იყო საქართველოში. ყველა ქვეყანა თავის თვითმმართველობას გარკვეული ისტორიული ტრადიციიდან გამომდინარე აწყობს. ჩვენმა მთავრობამ აიღო თვითმართველობის, მე ვიტყოდი, ე.წ. ჩრდილოევროპული მოდელი. საქმე იმაშია, რომ ჩრდილო ევროპაში მოჰყავთ მარცვლოვანი კულტურები და იქ დიდი სოფლები არ არის, რადგან მათ სჭირდებათ დიდი ტერიტორიები იმისთვის, რომ მოსავალი მიიღონ. ამიტომ იქ, ბუნებრივად, აქცენტი გააკეთეს ამაზე. ჩვენ რასაც სოფელს ვეძახით, მაგალითად ველისციხე ავიღოთ, იქ არის პატარა ქალაქი. ის ტერიტორიები, რაც აქვთ ამ სოფლებს, ერთიანდებიან ისეთი ტიპის ერთობაში, როგორიც არის რაიონი და ამიტომ იქ დასახლებულ პუნქტებზე ნაკლებად აიღეს აქცენტი. ამ დასახლებულ პუნქტებს ბუნებრივად მიუერთეს ის პატარ-პატარა სოფლები, რადგან ისინი ვერ იქნებოდნენ თვითმმართველი ერთეულები. სამხრეთ ზონებში, სადაც არის დიდი დასახლებული სოფლები - საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და სადაც არის კულტურები, რომლებიც მიწათმოქმედების სერიოზული განვითარების შემთხვევაში, უბრალოდ ინახავს ამ სოფლებს და შემოაქვთ შემოსავლები, იქ ყოველთვის არის აქცენტი გაკეთებული დასახლებულ პუნქტზე. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, საქართველოში ყოველთვის დიდი სოფლები იყო, ჩვენ ახლაც გვაქვს სოფლები, სადაც 8-10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დასავლეთ ევროპაში რომ ჩახვიდეთ, ის ქალაქია თავისი მუნიციპალიტეტით, ჩვენთან ამას სოფელი ჰქვია, რადგან აქ სხვა მექანიზმით წავიდა დაყოფა. რაიონში უნდა ყოფილიყო ერთი ქალაქი, ეს ქალაქი უნდა ყოფილიყო რაიონული ცენტრი და სხვას ყველაფერს ერქვა სოფელი. კომუნისტების დროს აპრობირებული მეთოდებით ხდებოდა მართვა და აქედან გამომდინარე არის ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან დარჩა ამ ქვეყანას. განუვითარებლობა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი პრობლემების ფაქტობრივად უგულვებელყოფა და ადრე როგორც ხდებოდა - ვიღაცა იჯდა მოსკოვში და იმის ნებართვის გარეშე თბილისში სკოლას ვერ ააშენებდი, ასე ხდება დღესაც. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა გადაჭრილი არ არის და გადასაჭრელია. ძალიან სერიოზული სამუშაო არის ამ კუთხით გასატარებელი, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს პრობლემები გადაიჭრება. საერთოდ, მინდა გითხრათ, საქართველოში ყველა ხელისუფლება (შევარდნაძე, სააკაშვილი) რასაც ებრძვის, ეს არის რეალური თვითმმართველობის არსებობა.

- თვითმმართველობის მოწყობის და დაფინანსების დღევანდელი მოდელი რამდენად შეიძლება ხელისუფლებამ არჩევნების მოსაგებად გამოიყენოს?

- არჩევნების მოსაგებად ეს არის გამზადებული სისტემები. რაიონულ სისტემაზე არის მიბმული პოლიცია, პროკურატურა და ყველაფერი აბსოლიტურად. ასეთი თვითმმართველობის პირობებში წარმოუდგენელია მუნიციპალური პოლიცია. მუნიციპალური პოლიცია რომ არსებობდეს, ის მუნიციპალიტეტს დაექვემდებარება და არა ცენტრს. საბჭოთა კავშირის შემდეგ მე არსად მინახავს ოდნავ დემოკრატია განვითარებულ ქვეყანაში, სადაც 100 პროცენტით თვითმმართველობა დაკომპლექტებული იყოს ერთი პარტიით, გარდა შუა აზიისა და ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანისა. ჩვენში დღეს, იცით, როგორი სტრუქტურაა? _ უწინ საბჭოთა კავშირის დროს იყო ცეკა, შემდეგ რაიკომი და აღმასკომი, ეს საკრებულო არის რაიკომი, აღმასკომი _ გამგეობა. სახელები გადაერქვა და მეტი არაფერი. საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელსაც 8 წლის განმავლობაში თვითმმართველობა საერთოდ არ გააჩნდა და შევარდნაძის ხელისუფლება დიდი მოწადინებით ყველა კანონს 94-95 წლის პარლამენტში ამაზე აგებდა. იმიტომ, რომ სოფლად უკონტროლოდ ეძარცვაD ეს ქვეყანა. დღეს, უბრალოდ, ეს არის ფორმალურად გაკეთებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არის რაიკომი და აღმასკომი, ოღონდ მას ჰქვია საკრებულო და გამგეობა.
მინდა გითხრათ, რომ თვითმმართველობების უფლებამოსილებების კუთხით საქართველო არის ბოლო ადგილზე. საქართველოს თვითმმართველობას გააჩნია 16-17 უფლებამოსილება. მაშინ, როდესაც ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ სომხეთს ( მე ვამბობ პოსტსაბჭოთა სივრცეში, თორემ იქითას თავი დავანებოთ), გააჩნია - 29. ციფრები ყველაზე უფრო უკეთესი დადასტურება არის იმისა, თუ რა მდგომარეობაშია დღეს თვითმმართველობა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფორმალურად უზბეკეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის და ასეთი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი თვითმმართველობების უფლებამოსილება 30-ს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სერიოზულ ძვრებზე ამ მიმართულებით საუბარი, აბსოლიტურად ზედმეტია.

- თქვენ ზემოთ ისაუბრეთ იმ უამრავ პრობლემაზე, რომლებიც დღეს ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებობს და ასევე ამ პრობლემებით გამოწვეულ შედეგებზე რას მიიჩნევთ. ყველაზე დიდ და მთავარ პრობლემად?

- ინსტიტუციონალური მოწყობა. არასწორმა ინტიტუციონალურმა მოწყობამ გამოიწვია უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს დგას _ ის, რომ ქალაქები და სოფლები იცლება. თუ ინსტიტუციონალური პრობლემა არ მოგვარდა, დანარჩენი ვერაფერი მოგვარდება. ის უნდა გაიმართოს წელში - კონსტიტუციური სისტემით დაწყებული, ავტონომიურ კანონითა და ჩვეულებრივი კანონებით დამთავრებული. ცვლილებები თავიდან უნდა დაიწყოს და გავიდეს ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს მანქანა არასწორად არის აწყობილი და ვერ ივლის. როგორც დღეს არის მოწყობილი ქვეყანა ინსტიტუციონალურად, ასეთი ქვეყნის სერიოზული განვითარება თითქმის შეუძლებელია.

დაკო შონია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48