ნანახია: 774
კაცი, რომელსაც ინგლისში არ უშვებენ წლების წინ ფუნტი სტერლინგის კრახის პროვოცირებისთვის, საფრანგეთში არ უშვებენ უმსხვილესი ბანკის განზრახ გაკოტრებისთვის, ზოგგან ტორტებს ესვრიან, ზოგი კი ფინანსების გენიას უწოდებს, საქართველოში გააბითურეს. კაცმა უამრავი ფული დახარჯა, რომ ქვეყანაში ღია საზოგადოება და დემოკრატია აეშენებინა, მრავალი მილიონიც გაიღო, მაგრამ მისსივე სახელობის ფონდი წლების განმავლობაში ისე "აქრობს" ამ ფულს, სოროსი მის გზა-კვალს ვერ აგნებს. სოროსს უნდოდა დემოკრატიული საქართველო ეხილა. აქ კი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებიც ვერ ჩაგვიტარებია, ელექტრონულ მედიას მთავრობა აკონტროლებს, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ხოლო არასამთავრობო სექტორის ნაწილი სოროსის ფულებს ოსტატურად `აიმასქნებენ~ ფონდის მესვეურებთან ერთად. ფონდი ,"ღია საზოგადოება – საქართველო" ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდთა ქსელის წევრი ორგანიზაციაა. ფონდი პრიორიტეტულ მიმართულებათა მიხედვით გასცემს გრანტებს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე. ფონდის მთავარი პრიორიტეტებია: ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; მედიის მხარდაჭერა; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; კულტურა და ხელოვნება. 2008-2009 წლებში ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ გაცემული გრანტების ოდენობა ასეთია: ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა – 2008 წელი – 564162 დოლარი, 2009 წელი – 402723 დოლარი; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება – 2008 წელი - 425521 დოლარი, 2009 წელი – 455342 დოლარი; მედიის მხარდაჭერა – 2008 წელი - 269411 დოლარი, 2009 წელი - 797944 დოლარი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა – 2008 წელი - 296986 დოლარი, 2009 წელი - 230462 დოლარი; კულტურა და ხელოვნება – 2008 წელი - 80311 დოლარი, 2009 წელი - 233192 დოლარი; პარტნიორობა აღმოსავლეთ ევროპასთან – 2008 წელი - 143882, 2009 წელი - 170666 დოლარი; აკადემიური მხარდაჭერა - გრანტი არ გაცემულა. "ღია საზოგადოება - ესაა თავისუფლების მაქსიმალური ხარისხი, სოციალურ სამართლიანობასთან შეთავსებული. ღია საზოგადოებისთვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა, უმცირესობათა და მათი აზრის პატივისცემა, ხელისუფლების გადანაწილება და საბაზრო ეკონომიკა. ეს საზოგადოება ღიაა განვითარებისთვის", - აცხადებს ჯორჯ სოროსი. ეს საზოგადოება იმდენად ღიაა განვითარებისთვის, რომ მის მიერ გაცემული საკმაოდ სოლიდური გრანტებით ფაქტობრივად ბევრი არაფერი განვითარებულა. საქართველოში, სადაც ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა და სასამართლო სისტემა არადამოუკიდებელ ინსტიტუტად ასოცირდება, ფონდის `მცდელობის~ მიუხედავად არანაირი წინსვლა არ შეინიშნება, რადგან გრანტები გაიცა ისეთ "მნიშვნელოვან" პროგრამებზე, როგორიცაა: "წალკა - ჩემი რაიონი", "ჩემი ბიუჯეტი". სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა კი მხოლოდ იმ კუთხით განვითარდა, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვას და "ბილინგვური (სომხურ-ქართული) ბაღები ახალქალაქში" განვითარებას მოიცავდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი _ მედიის მხარდაჭერაა. იმ მედიისა, რომელსაც ელემენტარული საარსებო წყარო არ გააჩნია საქართველოში, პრიორიტეტთა ნუსხაში მხოლოდ ქალაქ ერევანში E4 კონფერენციის და ტელეკომპანია "გურჯაანისთვის" ვებ-გვერდის შექმნის დაფინანსებით შემოიფარგლება. კულტურა და ხელოვნება კი "მე-14 საერთაშორისო გარემო ხელოვნების სიმპოზიუმი-ცხრა დრაკონის თავი 2009" პროექტი და ჰაგფილმის ფონდში სტაჟირებისთვის გაცემული გრანტებით იწონებს თავს. ფონდს არც აღმოსავლეთ ევროპასთან პარტნიორობა დავიწყებია და ჯერ ადგილობრივი საზოგადოება შეკრიბა სოფლის განვითარებისთვის, შემდეგ კი ზალცბურგის სემინარში მონაწილეობის მისაღები ვიზის ხარჯები დაფარა. თუმცა ზემოხსენებული პროგრამებისგან განსხვავებით, ნაკლებად გაუმართლა აკადემიური მხარდაჭერის პროგრამას, რომელზეც უკანასკნელ წლებში გრანტი არ გაცემულა. აქვე შეგახსენებთ, რომ აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა და ადგილობრივი, რეგიონური და გლობალური აკადემიური ქსელების შექმნაა. აი, ასე! რა გასაკვირია, ეს ხომ საქართველოა. მერე რა, რომ თაღლითია. ბ-ნი სოროსს მიზნები საქართველოში კეთილშობილური აქვს. მაგრამ "განა ეს სოფელი გაახარებს" ვინმეს? მისი ფონდის ხელმძღვანლები ისე ხარჯავენ სოროსის ფულებს, რომ მათგან საქართველოში სიკეთეს ვერავინ გრძნობს ფონდის მესვეურთა და გრანტების მიმღებთა გარდა.
ნინო თამაზაშვილი
|