ნანახია: 1741
მაგისტრანტების დაფინანსების პრინციპი მათ გრანტის მიღების შანსს უმცირებს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრანტებს სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს. მაგისტრატურაში ჩასარიცხად, მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და გამოცდა სპეციალობაში. სპეციალობის გამოცდას განსაზღვრავს და ატარებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატს სურს სწავლის გაგრძელება. საერთო სამაგისტრო გამოცდას კი გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. შეგახსენებთ, რომ სამაგისტრო გამოცდები ამ სახით პირველად შარშან ჩატარდა, წელს ის მცირედი ცვლილებებით განხორციელდება. 2009 წელს რეგისტრირებული იყო 5500 სტუდენტი, ჩაირიცხა - 3046, ხოლო დაფინანსება მოიპოვა 919-მა, ანუ ჩარიცხული სტუდენტების 30-მა პროცენტმა. სახელმწიფოსგან გრანტს, შარშანდელის მსგავსად, წელსაც დაახლოებით 900 მაგისტრანტი მიიღებს, ამისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. სტუდენტები დაფინანსდებიან სრულად. თითოეული გრანტის ოდენობა 2250 ლარს შეადგენს. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ ამაზე მეტი გადასახადი. გრანტს სტუდენტი ერთიანი სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით მიიღებს. რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდის სპეციფიკას, იგი წარმოადგენს ტესტს, რომელიც 4 ნაწილისგან შედგება - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილი ფასდება ცალკ-ცალკე. ტესტის პირველი 3 ნაწილი არანაირ სპეციფიური საგნის ცოდნას არ მოითხოვს, მეოთხე ნაწილი კი მათემატიკის ელემენტარული ცნებებისა და დებულებების ცოდნას (დაახლოებით მეხუთე-მეექვსე კლასის მასალის ფარგლებში) საჭიროებს. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება ექნება სტუდენტს, რომელიც ტესტის 4 ნაწილიდან სამში მაინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. იმ ცვლილებებზე, რომელიც წელს ტესტში შევიდა და შარშანდელი გამოცდების შედეგებზე ჩვენ გამოცდების ეროვნული ცენტრის საერთო სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელს, მიხეილ მანიას ვესაუბრეთ: "ტესტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეგვიტანია. ყველაფერი თითქმის იგივე რჩება, რაც შარშან იყო. უბრალოდ ლოგიკაში 16-ის ნაცვლად იქნება 17 დავალება, წაკითხულის გააზრებას კი 1 საათის და 10 წუთის ნაცვლად, 1 საათი დაეთმობა. შარშანდელი გამოცდების შედეგების მიხედვით, ტესტი საკმაოდ მარტივი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტთა თითქმის 15-მა პროცენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ვფიქრობთ, ტესტის ზოგიერთი ნაწილის ოდნავ გართულებას. ეს არ შეეხება ანალიტიკურ წერას, რომელიც შარშან სტუდენტებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ". რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შარშანდლის მსგავსად ამისთვის წელსაც 2 მილიონი ლარია გამოყოფილი და ცვლილებები არც თანხის გადანაწილებაში შესულა: თანხის პირველი 10% გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, რეიტინგული სიის მიხედვით უმაღლესი მაჩვენებლების მქონე მაგისტრანტებზე. ეს თანხა კი დაახლოებით 90 სტუდენტის დასაფინანსებლად არის საკმარისი. შემდეგი 40% გადანაწილდება თანაბრად სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით: ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა. თითოეულ მიმართულებას შეხვდება თანხის 3,6%, ანუ თითოეულს დაუფინანსდება არანაკლებ 32-32 სტუდენტი. დარჩენილი 50% კი გადანაწილდება სახელმწიფოსთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. ესენია: საინჟინრო, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური და განათლების მიმართულებები.
გამოყოფილი თანხის გადანაწილების ასეთმა სისტემამ სტუდენტებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, გრანტი სტუდენტს სპეციალობაში ჩაბარებული გამოცდის შედეგების მიხედვით ენიჭებოდეს, რადგან ჰუმანიტარული განათლების მქონე სტუდენტს არ მოეთხოვება მათემატიკური ამოცანების ამოხსნის ცოდნა. "მართალია, სწორია ის, რომ სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლება და ინტელექტი, მაგრამ დაფინანსების მოპოვება ამ გზით არ უნდა ხდებოდეს. მე არ მესმის მათემატიკა, მაგრამ კარგად ვიცი ჩემი საქმე და ჩემი აზრით, მთავარიც ესაა", - აცხადებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მაკა მელიქიშვილი. სტუდენტებში უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ დაფინანსებაში უპირატესობა ენიჭება პრიორიტეტულ სპეციალობებს. მათი აზრით, სახელმწიფო აფინანსებს იმ სპეციალობებზე სწავლას, რომელზეც არავინ აბარებს. სტუდენტების პროტესტს მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს მიხეილ მანია და ამბობს, რომ მართალია, დაფინანსება მეტია ზოგიერთ ისეთ სპეციალობებზე, რომლებზეც დღეს დიდი მოთხოვნა არ არის და რომელთა განვითარებაც ამჟამად სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად, გრანტის მოპოვების შანსი ისეთ სტუდენტებსაც ეძლევათ, რომლებიც დღეისთვის მეტად პოპულარულ სპეციალობებს ირჩევენ: "პრიორიტეტულ სპეციალობების დაფინანსების მიზანი ისაა, რომ ეს დარგები საქართველოში არ ჩაკვდეს. მაგალითად, სამართალი და ეკონომიკა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული დარგებია, მაგრამ მათზე დიდი მოთხოვნაა, რაც ამ დარგების განვითარების საფუძველს იძლევა. გარდა ამისა, ასეთი სპეციალობის მქონე ადამიანები უფრო ადვილად შოულობენ სამუშაოს, სხვა დარგების სპეციალისტებთან შედარებით. შევნიშნავ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით დაფინანსდა 76 სტუდენტი (აქედან 44 რეიტინგული სიის მიხედვით). აგრარულ მიმართულებაზე შარშან სულ 46 მაგისტრანტი აბარებდა და ამ მიმართულებისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი აღმოჩნდა ორმოცდაექვსივეს დასაფინანსებლად. დაფინანსება რომ მხოლოდ რეიტინგული სიის მიხედვით ყოფილიყო, აგრარული მიმართულებით დაფინანსდებოდა მხოლოდ ორი სტუდენტი, ხოლო ეკონომიკური მიმართულებით 350-მდე. ეს უფრო დახმარებაა, ვიდრე პრიორიტეტის მინიჭება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პრიორიტეტულ მიმართულებებს ჩვენ არ განვსაზღვრავთ". საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 8 აპრილს დაიწყო და იგი 10 მაისამდე გასტანს. რეგისტრაციის გავლა მსურველებს უმაღლეს სასწავლებლებში შეუძლიათ. გამოცდების ზუსტი დრო დადგენილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ის შარშანდლის მსგავსად ივლისის შუა რიცხვებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ჩატარდება. თაკო მათეშვილი
|