ნანახია: 618
საქართველოში, არცთუ მდიდარი ურბანული გამწვანების პირობებში, გამწვანებული ტერიტორიებისა და სარეკრეაციო ზონების მასობრივი განადგურება, კვლავ აქტიურად გრძელდება. ამის ნათელი დადასტურებაა ბაგებში, ბოტანიკურ ბაღსა და იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო გრანდიოზული მშენებლობები, რომლებიც ტყე-პარკების უნიკალურ გამწვანებებისთვის დიდი საფრთხის შემცველია. თბილისის განაშენიანების ფარგლებში, ყველაზე დიდი გამწვანებული ტერიტორია იპოდრომია - 62,5 ჰექტარი. ჩვენდა სამწუხაროდ, კერძო კომპანიების ყურადღება აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით არასდროს ქრება. ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლებისა თუ შენობების მშენებლობა გარკვეული ძალებისათვის გამდიდრებისა და დამატებითი შემოსავლების საუკეთესო წყაროდ იქცა. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს იპოდრომისთვის ტყე-პარკის სტატუსის მოხსნა და მისი კერძო საკუთრებაში გადაცემა არ გასჭირვებია, ხოლო პრობლემის გადაწყვეტა მისი ლისის ტბაზე გადატანით გადაწყვიტა. ვის ეკუთვნის დღეს თბილისის იპოდრომი? სამწუხაროდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოვიპოვეთ. დედაქალქის ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ გამწვავებებს წინასაარჩევნო რეალობაში გაჩაღებული მშენებლობებიც უქმნის უდიდეს საფრთხეს. დედაქალაქის მერია გიგი უგულავას აქტიური პიარკამპანიისთვის არაფერს ერიდება და უამრავი გაუაზრებელი, გაურკვეველი პროექტის ინიციატორად გვევლინება, გიგი უგულავას მერობას ეწირება ვერეს ხეობა. ამ ფონზე მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი, გიგი უგულავამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც დედაქალაქის მერიას ძალიან სერიოზულ მოთხოვნებს უყენებს ეკოლოგიის დაცვის კუთხით. რამდენად შეესაბამება აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რა ხდება რეალურად დედაქალაქის ბუნებრივ გამწვანებებთან დაკავშირებით, ამ და სხვა რამდენიმე კითხვით "ბ&ფ"-მ მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილ მინისტრ ნინო ჩხობაძეს მიმართა. - ქალბატონო ნინო, თუ ფლობთ ინფორმაციას, ვის მფლობელობაშია დღეს იპოდრომი?
- სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ ვის ხელშია დღეს იპოდრომი. ჭორის დონეზე გაგვიგია, რომ მისი მფლობელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. იპოდრომის შესახებ, ვიცით მხოლოდ ის, რაც იქ ვიზუალურად ჩანს. კერძოდ, ირგვება ხეები. რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, რა კეთდება და რატომ ხდება ხეების დარგვა ღამ-ღამობით. ფაქტია, რომ ყოველ დილით ვამჩნევთ ახალ-ახალ ხეებს. არ სცალიათ ამ ხალხს დღით ხეების დასარგავად, თუ რა ხდება, გაუგებარია. ჩემი ვარაუდით, ამ უცნაური და საინტერესო მეთოდით ვიღაც ცდილობს იპოდრომის გადარჩენას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის დადებითი ფაქტი, უბრალოდ ხმამაღალი მოწოდების შემთხვევაში უამრავი თბილისელი, განსაკუთრებით საბურთალოს მოსახლეობა გამოვიდოდა და მიიღებდა მონაწილეობას ხეების დარგვაში, მაგრამ ფაქტია, ვიღაც ცდილობს სიფრთხილის გამოჩენას.
- თბილისის მერმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა მწვანე შინაარსის აქტს. რას მოიცავს აღნიშნული დოკუმენტი და რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება?
- დიახ, ჩვენ საქმის კურსში ვართ ამასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ასზე მეტ დედაქალქს. საამაყოა, რომ კავკასიაში თბილისი აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ვინც მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ქალაქი იღებს ვალდებულებას 2020 წლისთვის 20%-ით შეამციროს სათბური გაზების გამოფრქვევა ჰაერში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუბრუნდებით იმ მწვანე პოლიტიკას ქალაქთან მიმართებაში, რასაც ჰქვია რეკრეაციული ზონების აღდგენა, ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება, ტრანსპორტის საწვავის გაუმჯობესება, ელექტროენერგიის ყაირათიანი მოხმარება და არა ისეთი მდგომარეობა, როგორიც დღეს გვაქვს. ეკონომიური ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების შემოტანა ქალაქში, ქალაქის დათბუნება, ასევე ელექტროტრანსპორტი, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი დედაქალაქისთვის. ჩვენთვის მისასალმებელია, რომ მერია ასე აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში.Kმინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ქმედითი დოკუმენტი, რომელზეც ხელს ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქი აწერს. დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად განხორციელებადი შეთანხმებაა. - რას გვეტყვით "მზიურში" მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით? არის თუ არა "მზიური" მეწყერსაშიში ზონა?
- დიდი ხანია ცნობილია, რომ "მზიური" ნამდვილად მეწყერსაშიში ზონაა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ რაღაც მომენტში მოხდა დესტაბილიზაცია და მეწყერი გაჩერდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ყველაფერი ბოლომდე შესწავლილი, რისკი მაინც ძალიან მაღალია. რაც შეეხება იქ მიმდინარე პროექტებს, ადვილი შესაძლებელია, რომ მან საფრთხე შექმნას, მაგრამ დანამდვილებით ვერ გაგცემთ პასუხს. ჩვენთვის პრობლემატური არის ის, რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც ხდება სამუშაოების ჩატარება, არავის უნახავს.
- თბილისის კანალიზაციის თემას რომ შევეხოთ, თუ ფლობთ ინფორმაციას, რამდენად გამართულად მუშაობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა?
- ეს არის ძალიან სერიოზული თემა. თბილისის კანალიზაცია მიერთებულია გამწმენდ ნაგებობასთან გარდაბანში. გარდაბნის გამწმენდი ეკუთვნის კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ"-ს (GჭP) სამწუხაროდ, ხელშეკრულებაში წერია, რომ მათ კანალიზაციის სისტემას და გამწმენდ საშუალებას 2018 წლამდე უნდა მიხედონ. ეს პრობლემა უდავოდ არის ქალაქში და მხოლოდ ის გვშველის, რომ გაზავების პროცესი მტკვარში ძალიან მაღალია. ჩვენი ინფორმაციით, კანალიზაციის სისტემაში მოხდა ავარია, რომელიც, სამწუხაროდ, სადღეისოდ აღმოფხვრილი არ არის. აქვე გეტყვით, რომ კანალიზაციის გამწმენდ ნაგებობაში არ არის მაქსიმალური ჩართვა და ბიოლოგიური გაწმენდა იქ მხოლოდ მექანიკურია. ესაუბრა ნატა მიგრიაული
|