ნანახია: 591
ნავთობკომპანიების მხრიდან მომხმარებელთა ძარცვა გრძელდება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებმა ქართველ ხალხს სააღდგომო საჩუქარი გაუკეთეს. აღდგომის წინ ბენზინი 5 თეთრით გაძვირდა, თუმცა ნავთობიმპორტიორები ამით არ დაკმაყოფილდნენ და მომხმარებელი ნააღდგომევსაც კიდევ ხუთთეთრიანი გაძვირებით "გაახარეს". ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის 10 თეთრით გაძვირება ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა საერთაშორისო ფასების ზრდით ახსნა. პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტებს აუხსნა, რომ ნავთობის მზა საწვავს "პლატტსით" ითვლიან. გასაკვირია, რომ ბატონმა მთვრალაშვილმა ჟურნალისტებს ამ ინფორმაციის სანაცვლოდ ანაზღაურება არ მოსთხოვა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ თუ ამ კაცს ფულს გადაუხდი, ყველაფერს ისე იტყვის, როგორც შენ გაწყობს. სწორედ ამ განცდას ტოვებს საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ბატონი მთვრალაშვილის განმარტება. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ უბრალოდ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთი ტონა ბენზინი 151 დოლარით გაძვირდა. დღეს ერთი ტონა რეგულარის ტიპის ბენზინი 775 დოლარი ღირს, ორი თვის წინ ეს ფასი 690 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბატონო ვანო, ბოლო ორი თვის განმავლობაში რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 151 დოლარით კი არა, 85 დოლარით გაიზარდა. მთვრალაშვილის განცხადებების სისწორე მომხმარებლისთვის, რომელიც ყველაზე დაბალი ხარისხის ბენზინს უკვე 1.8 ლარად ყიდულობს, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რამდენად სამართლიანია საწვავის ფასი დღევანდელ საქართველოში. საწვავის ფასების არასამართლიანობის განცდას ბაზრის ელემენტარული ანალიზიც ტოვებს. ბაზარზე არ არსებობს ალტერნატიული ფასები, მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა, ფასის მიხედვით აირჩიოს ის, თუ რომელი კომპანიისგან შეიძენს საწვავს. მაგალითად, ბაზარზე არის იტალიური, რუმინული, აზერბაიჯანული და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტი. ბუნებრივია, მათი ხარისხი და, შესაბამისად, ფასი განსხვავებული უნდა იყოს. ასევე, ბუნებრივია, რამდენიმე ათასი კილომეტრიდან იმპორტირებულ პროდუქტს გაცილებით მაღალი თვითღირებულება უნდა ჰქონდეს, ვიდრე მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოტანილს, მიუხედავად ამისა ფასები ერთნაირია. გარდა იმისა, რომ ბაზარზე ალტერნატიული ფასები არ არსებობს, არსებულ კარტელურ გარიგებებზე ისიც მიუთითებს, რომ ფასის ნებისმიერი ცვლილებას, რომელიც ბოლო დროს მხოლოდ ზრდის მიმართულებით ყალიბდება, დროშიც ამთხვევენ თითქოს კონკურენტი კომპანიები. ყველაფერ ამის შედეგად ბაზარზე შეიქმნა სიტუაცია, რომელშიც ნავთობკომპანიები უზარმაზარი მოგების მარჟით მუშაობენ. საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი შემომტანი აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია "სოკარია", ოფიციალურად ის ბაზრის 70%-ს აკონტროლებს. აზერბაიჯანული საწვავი არა მარტო სოკარის ქსელში, არამედ სხვა კონკურენტი კომპანიების ბენზინგასამართ სადგურებზეც იყიდება. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი, ბუნებრივია, ყველაზე იაფი, შესაბამისად, დაბალი ხარისხის რეგულარის ტიპის საწვავია. დღეს ამ ტიპის ბენზინის საცალო ფასი 1.80 ლარია. მარტივი გათვლებითაც კი ჩანს, რომ ეს ფასი არაადეკვატურად მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის საერთაშორისო ფასები მართლაც გაიზარდა, ჩვენს ქვეყანაში რეგულარის ტიპის ბენზინი ასე ძვირი არ უნდა იყოს. "ბ&ფ" საწვავის თვითღირებულების მარტივ დათვლებს მკითხველს ადრეც სთავაზობდა. გაზრდილი საერთაშორისო ფასების პირობებში, ასეთ დათვლებს ამ მასალაშიც შემოგთავაზებთ. თუ რა უნდა იყოს საწვავის სამართლიანი ფასი, ჩვენ ვეყრდნობით, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მოწოდებულ მონაცემებს, ასევე ვხელმძღვანელობთ საწვავის ფასების დათვლასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილებით. დღეს ერთი ტონა A92 ტიპის საწვავის მსოფლიო ფასი 775 აშშ დოლარია, რაც 1356 ლარია. აზერბაიჯანიდან ერთი ტონა საწვავის ტრანსპორტირება 23-27 აშშ დოლარი ჯდება, ეს დაახლოებით 45 ლარია. საწვავის იმპორტიორი ასევე იხდის აქციზის გადასახადს 250 ლარს. ეს საბოლოო ჯამში 1651 ლარია. ამის შემდეგ კომპანია იხდის დღგ-ს გადასახადს, პროდუქტის ღირებულების 18%-ს, რაც ერთი ტონა საწვავის შემთხვევაში 297 ლარია. ეს თანხა უნდა დავუმატოთ პროდუქტის ღირებულებას - 1651+297=1948. მიღებულ თანხას ემატება კომპანიის შიდა ხარჯები, რომელშიც შედის შიდა ტრანსპორტირება და ხელფასები, მიღებული სტანდარტის თანახმად, ეს ხარჯი მაქსიმუმ პროდუქტის ღირებულების 5% შეიძლება იყოს. საქართველოში იმპორტირებულ ერთ ტონა საწვავზე ასეთი ხარჯი მაქსიმუმ 98 ლარი შეიძლება იყოს. ამის შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ კომპანიის მოგება, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად საწვავით მოვაჭრე კომპანიიის მოგება 3-5% შეიძლება იყოს. ყველაზე მაქსიმალური მოგების მარჟის არსებობის შემთხვევაში, ერთ ტონა საწვავზე კომპანიას შეიძლება დარჩეს 100 ლარი. საბოლოოდ, საქართველოში იმპორტირებული ერთი ტონა რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება არის 2146 ლარი. მიღებული სტანდარტების თანახმად, სარეალიზაციოდ გამზადებული 1 ტონა რეგულარის ტიპის ბენზინი 1447 ლიტრ ბენზინს იტევს. ანუ ერთი ტონა საწვავის ღირებულება უნდა გავყოთ ლიტრების რაოდენობაზე და მივიღებთ საწვავის რეალურ და ლოგიკურ საცალო ფასს. 2146/1447= 1.48 გამოდის, რომ ქართულ ბაზარზე ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი 1.48 ლარი უნდა ღირდეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველ ლიტრ ბენზინში, ნავთობკომპანიები მომხმარებელს 32 თეთრს ატყუებენ. ახლა, მთავარი არ არის, როგორ ახსნის ამ სიტუაციას მთვრალაშვილი ან სხვა რომელიმე ისეთი ექსპერტი, რომელიც ნავთობკომპანიებისგან იღებენ ხელფასს, მთავარი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას უნამუსოდ ძარცვავენ. საწვავის უსამართლო და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი ფასები, არ არის მხოლოდ მძღოლების პრობლემა. საწვავის არალოგიკურად მაღალი ფასები აძვირებს ნებისმიერი ტიპის საქონელსა თუ მომსახურებას, რომელიც ქართულ ბაზარზე არის წარმოდგენილი. საწვავის ფასები ეხება საქართველოს აბსოლიტურად ყველა მოქალაქეს. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში საწვავის ფასები ყოველგვარ ეკონომიკურ და ლოგიკურ გათვლებზე მაღალია, საწვავით მოვაჭრე კომპანიები საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს ჯიბიდან აცლიან ფულს.
ლევან მარტაძე
|