ნანახია: 590
ის, რაც იოანე ზოსიმემ საქართველოს X საუკუნეში, როგორც იდუმალი კოსმოგონია გაანდო, XX საუკუნეში ქართველებს, კობა გურულმა გაუშიფრა და გაუხსნა.
13 აპრილს, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ქართულ მიწას ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა და მოწაფეებმა გენიალური ქართველი შემოქმედი კობა გურული მიაბარეს. ის წავიდა ამქვეყნიდან ისე, როგორც ქართველ გენიოსებს სჩვევიათ. მას აცილებდა არცთუ მრავალრიცხვოვანი პროცესია. არსად სჩანდნენ საპოლიტიკო და ნომენკლატურული სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლები, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები, პატივცემული გვამები ახალი ქართული ზედაფენიდან, რომელთაც თავიანთი ნაძარცვით შეძენილი “ჯიპები” იქეთ-აქეთ მიასვენებენ. ცხოვრების ბოლო პერიოდი განდეგილობასა და სიღატაკეში გაატარა. ვისაც არ ეზარებოდა, დევნიდა ამ დიდი ხელოვანის ნიჭით მირონცხებულ შემოქმედსა და მოაზროვნეს. შევარდნაძისტები და მისი სახელოვნებო ნომენკლატურა, ზვიადისტები და მარადიული ეჭვით შეპყრობილი მოშურნეები, უბრალოდ, ობივატელები. რას არ უკიჟინებდნენ, რას არ შებღაოდნენ, რას არ უწოდებდნენ - “ჟესტის მჭყაპავობიდან” დაწყებული კანონიკური საეკლესიო დოგმატიკის დარღვევით დამთავრებული. აქაოდა, ქაშვეთის კარედზე, რომელიც კობა გურულმა ტაძრის სამხრეთის კარისთვის მოჭედა, ექვსი წმინდა გიორგი და ღმერთი მართლმადიდებლური ხატწერის შესაბამისად არა გაქვსო შესრულებული. ამუნათებდნენ საპატრიარქოს მიკედლებული საქმოსნები დიდ ხელოვანს, დიდ მართლმადიდებელს და ღრმად მორწმუნეს, ის საქმოსნები, რომლებიც დღესაც უდრტვინველად შესცქეროდნენ და შესცქერიან თავისუფლების მოედანზე ოქროსფერ ცხენზე ამხედრებულ ჭაბუკს, რომელსაც ოფიციოზი წმინდა გიორგის ეძახის და რომელიც მართლმადიდებლური კანონიკისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ბევრმა მოიხვეჭა სახელი და გაიკეთა კარიერა კობა გურულისგან მიღებული ცოდნით და უნარებით. ვინ დიდი ხელოვანი გახდა, ვინ დიდი ლინგვისტი, ვინ დიდი შუმეროლოგი. მიდიოდნენ მასთან ცხვრის ტყავში გახვეული მგლები, ყურს უგდებდნენ, გონებას იმახვილებდნენ და დაუზარლად ძარცვავდნენ ამ უშურველ კაცს. ისიც თავისი დიდი სულიერებიდან და ულევი საგანძურიდან უხვად გასცემდა ყოველნაირ საბოძვარს. მარტოობასა და სიღატაკეში მოკვდა, მეთქი. არც ფიზიკურ მარტოსულობას ვგულისხმობ და არც ფინანსურ-მატერიალურ გასაჭირს. ასეთი კატეგორიები გენიოსებისთვის მეასე ხარისხოვანია პირდაპირი გაგებით, არც იყო ასე. მისი სათაყვანებელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მასთან იყვნენ მისი სათნო ქალიშვილები, სიძე, შვილიშვილები. მე სხვა მარტოობაზე მოგახსენებთ, იმ მარტოობაზე, რაც არც “დღესასწაულია” და არც ასწლიანი ეპოპეა. ეს მარტოობა ბედისწერაა, დრუიდი ასტროლოგის განმარტოებაა უღრან ტყეში, რათა შენი ერის და კაცობრიობის ტკივილებს დააკვირდე, სამანი დაუდო და უებარი წამალი გამოიგონო მისი სულიერი თუ ფიზიკური შეჭირვების მალამოდ. როგორც ჭეშმარიტი ქართველი რკინასთან ჭიდილში, ლითონთან ლაციცში გაატარა წუთისოფელი. მისი ჭედურობა მსუბუქია, ჰაეროვანი, თითქოს ცოცხალი ქართველი ბანოვანები შემოგცქერიან მისი ყოველი ნამუშევრიდან, მგლისმუხლა ვოჟები მტერს უბღვერენ. გავა წლები, გავა საუკუნეები და უეჭველად ახდება კობა გურულის წინასწარმეტყველება - მავანთა დღევანდელი ქირქილის საბაბი: “საქართველო იმოძღვრებს III ათასწლეულის მსოფლიოში. გავა დრო და ჟამი, გავა საუკუნეები და როგორც დღეს ვიხსენებთ იოანე ზოსიმეს, კრძალვით, რიდით და მოწიწებით, ასევე და უფრო მეტად დაფასდება კობა გურულის ნათქვამი და ნაქმნარი. დასასრულს, იმათთვის, ვინც არ იცნობდა კობა გურულს, როგორც პიროვნებას და როგორც შემოქმედს, ვიტყვი - უკვდავია დიდი ხელოვანი, მისი შემოქმედება და მისი ნააზრევი. ენა, კობა გურულის თვალთახედვით მიწყივ ერია. სიტყვა - ცოცხალი არსება, როგორც ქაღალდზე, პრეისტორიული დროიდან მოყოლებული, გადაჰქონდათ მემატიანეებს ჩვენი ერის ისტორია, ასევე ადეკვატურად და სრულყოფილად აისახებოდა ჩვენი ერისა და ქვეყნის ცხოვრება ენაში. ენის წიაღის შესწავლოთ კობა გურულმა გახსნა არა მხოლოდ ბოლო ოთხი ათასწლეულის ისტორია, არამედ ქართველი ერის წარსული უხსოვარი დროიდან დღემდე. კობა გურულის მოძღვრების თანახმად, ენაში არა მარტო წარსულია ასახული, არამედ მომავალი პერსპექტივაც მრავალი საუკუნისთვის, ქვეყნიერების აღსასრულამდე”. “მითზე რეალური მხოლოდ მითიაო”, ბრძანებდა კობა გურული. ამიერიდან თავად ისიც მითად იქცა. უამრავ, რეალურ ქართველთან, ინდოელთან თუ ესპანელთან მიმართებაში, უამრავ მილიონერთან, ინჟინერთან, ფილოსოფოსთან, მიწის მუშაკთან მიმართებაში. მხოლოდ ზოგიერთი მათგანია მითი, კობა გურულზე რეალური. ასე გადავიდა მარადისობაში დიდებული შემოქმედი და ქართული ეზოთერული ცოდნის საგანძურის გამგებელი. მარადიული საუფლო მას ზეციურ საქართველოში.
ვაჟა ბერიძე
|