ნანახია: 1604
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, 2009 წელს საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. ამ მაჩვენებლით საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს. ამ "შავ ათეულში", მე-10 ადგილზე მყოფი საქართველოს გარდა, შედიან: ავღანეთი, ერაყი, სომალი, რუსეთი, ჩინეთი, სერბია, ნიგერია, ირანი და პაკისტანი. ყველაფერთან ერთად, გაეროს უმაღლესი კომისარიატის დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპებით. ექსპერტთა შეფასებით, მიგრანტთა რაოდენობის გაორმაგება იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში არალეგალურ მიგრანტებად მყოფ ქართველთა რაოდენობაც რამდენჯერმე გაიზარდა. ეს მაშინ, როცა ჩვენი პრეზიდენტი თითქმის ყოველი გამოსვლისას იმით გვახარებს, თუ რამდენით გაიზარდა ბოლო პერიოდში სამშობლოში დაბრუნებულ ქართველთა რაოდენობა, მაგრამ უცნობია, საიდან აქვს სააკაშვილს ეს მონაცემები.
ამ მეტად აქტუალურ საკითხზე, საინტერესოა, ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის კომენტარი. მისი განცხადებით, დღეს სამყარო გლობალიზებულია, ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ევროპის ქვეყნების თანასწორუფლებიან პარტნიორად აქცევს, მეტი კონტაქტია ადამიანებს შორის და ქვეყნიდან წამსვლელთა რიცხვიც იზრდება და ჩამომსვლელთაც, ეს ბუნებრივი პროცესია. თუმცა, ასევე არსებობს სხვა ფაქტორებიც _ რუსეთის აგრესია, ეკონომიკური სიდუხჭირე, ამ მიმართულებით ჩვენმა ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და სამოქმედო გეგმაც არსებობს _ უპირველესად, ეს არის ბრძოლა უმუშევრობასთან.
ერთი სიტყვით, მიგრანტთა რაოდენობა იზრდება, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეაქვს. ხელისუფლება, მათ შორის ბატონი დავითიც, ხშირად გვეუბნება, რომ მის უმთავრეს მიზანს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გამოსწორება წარმოადგენს, რის მისაღწევადაც უმუშევრობის პრობლემის დაძლევაში ხედავს. უმუშევრობა კი ოფიციალური მონაცემებით 2003-დან 2010 წლის ჩათვლით ყოველწლიურად იზრდება და დღეს უკვე 16%-ს აღემატება. შედეგად მიგრანტთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და ამ მაჩვენებლით, როგორც ვხედავთ, მსოფლიოშიც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ.
1000 უცხოელი მოხალისე, რომლებიც ქართველ მოსწავლეებს დასავლურ ღირებულებებს გააცნობენ 1 მარტიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამა `ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად~ (თეაცჰ ანდ Lეარნ წიტჰ Gეორგია) დაიწყო.Pპროგრამის ინიციატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იგი ქვეყანაში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს აშშ_დან, კანადიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან. უცხოელი პედაგოგები ქართველ კოლეგებთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.
მართალია, თავდაპირველად განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროგრამაში მონაწილე უცხოელი პედაგოგები ანაზღაურებას არ მიიღებდნენ, მაგრამ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც უკვე სამინისტროშიც ადასტურებენ, ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგები თვეში 500 ლარს მიიღებენ. ვებ-გვერდზე, სადაც უცხოელი პედაგოგების დარეგისტრირება მიმდინარეობს, განთავსებულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც: პროექტის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მზად არის შემდეგი პირობები შესთავაზოს ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებლებს: ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრება; სამედიცინო დაზღვევა; სამსახურეობრივი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება; ერთი შვებულების ბილეთის ანაზღაურება; ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით; უსაფრთხო გარემო;
საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძე აცხადებს, რომ მართალია ჩვენს სკოლებში უცხო ენის მასწავლებლების დეფიციტია და დაახლოებით 200_მდე სკოლაში უცხო ენის მასწავლებელი საერთოდ არაა, მაგრამ ასეთივე მდგომარეობაა აშშ-ში. ყოველწლიურად ნიუ-იორკს 15 ათასი მასწავლებელი აკლია და საერთოდ აშშ-ში მასწავლებლების დეფიციტია, პედაგოგების სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, გაშვება უცნაურად ეჩვენება და ლოგიკურად ჩნდება კითხვა, არიან თუ არა ეს ადამიანები მასწავლებლები და რამდენად სარწმუნოა მათი კომპეტენტურობა. ამასთან ზემოთაღნიშნულ ვებ-გვერდზევე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მოხალისე პედაგოგებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო არ არის.
პროგრამის ორგანიზატორების თქმით, მის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის დასავლური და ევროპული კულტურის, ფასეულობებისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ამ კულტურის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთობის გზით. ეს მათ მომავალში დაეხმარებათ მეტი წარმატების მიღწევაში, სამშობლოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობისას. დიახ, ეს არის პროგრამის ძირითადი მიზანი.
რის შედეგადაც ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდობას ინგლისურის შესწავლით გაუადვილდებათ სამშობლოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობა. ამ პროგრამის მიზნის წაკითხვის შემდეგ ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა - ნუთუ, ეს განზრახ კეთდება, რომ ქვეყანა ქართველებისგან დაიცალოს. რა არის ეს? წინასწარგანზრახული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ქართველებისგან დაცლას ისახავს მიზნად, თუ ჩვენი ახალგაზრდობის მართლაც დასავლეთთან და დასავლურ ფასეულობებთან დაახლოების მცდელობა.
იქნება განგვიმარტოს ხელისუფლებამ, რას ნიშნავს დასავლური ფასეულობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შემდეგ მოსწავლეებს დაეხმარება სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებულ მოღვაწეობაში.
მოკლედ, ფაქტია, რომ ამ უმაღლესი განათლების არმქონე სხვადასხვა ქვეყნის 1000 მოქალაქეს, რომლებმაც ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას დასავლური დასავლური კულტურა, ფასეულობები და ტრადიციები უნდა გააცნონ, სხვა სიკეთეებთან ერთად თვეში 500 ლარსაც გადავუხდით. ეს მაშინ, როდესაც ბევრი ქართველი პედაგოგის ანაზღაურება 200 ლარს არ აღემატება.
ნანა მოსიაშვილი
|