ნანახია: 558
ინტერვიუ USAID –ის კავკასიის მისიის დირექტორთან ჯონათან კონლისთან
- რა არის საქართველოში USAID-ის მთავარი მიზანი და რას ელის ამერიკის შეერთებული შტატები დახმარების სანაცვლოდ საქართველოსგან?
- USAID-ს საქართველოში 2 მიზანი და მოტივაცია აქვს - ჰუმანიტარული დახმარება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და აყვავებისთვის ხელშეწყობა. ძირითადად ჰუმანიტარული დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმ ქვეყნებისკენ მიემართება, რომელთაც რაღაც უბედურება ატყდებათ თავს. ეს შეიძლება იყოს როგორც სტიქიური უბედურება, ასევე ომი და ის ქვეყნები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში არიან, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველომ დიდი რაოდენობით დახმარება საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ მიიღო. ამ პერიოდში ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამ დროს ამერიკამ საქართველოს სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. დაეხმარა ელექტროენერგიით, როდესაც საქართველოს უშუქო და სუსხიანი ზამთარი ედგა და სხვა. მაგრამ ამერიკის მთავარი მიზანი საქართველოში ასეთი რაოდენობის თანხების ინვესტირებისა არის ის, რომ საქართველო იყოს მაღალგანვითარებული, დამოუკიდებელი დემოკრატიული და სტაბილური როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურადაც. საქართველო არის მდიდარი ქვეყანა, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, ამიტომ ჩვენ გვინდა გვყავდეს სტაბილური სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი. ამიტომ, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები დაინტერესებულები არიან, რომ მათ მიერ გადახდილი თანხების ინვესტირება, დახმარების სახით, სწორედ ამ ქვეყანაში მოხდეს, რათა პარტნიორად სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა ჰყავდეს დიდი პოტენციალით. ასეთი ქვეყანა მისაღებია, ზოგადად, მსოფლიოსთვისაც. ასეთ ქვეყანაში ამერიკის ინტერესებიც უფრო კარგად იქნება დაცული. ჩვენ ველით, რომ აქ გაგრძელდება რეფორმები. აყვავებული, დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანა კი მისაბაძია სხვა ქვეყნებისთვისაც. ვთვლით, რომ ამის შემდგომ ამერიკელი ხალხის ფული ასსეტ ქვეყანაში უფრო ნაყოფიერად და სწორად იქნება გამოყენებული. ეს არის ჩვენი მიზანი საქართველოში.
- რა პრიორიტეტებით ადგენს USAID საქართველოში თანხების გადანაწილებას? იმას თუ სად, რომელი სექტორისთვის, რამდენი და როდის უნდა გამოიყოს და კეთდება თუ არა ბაზრის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი იმის დასადგენად, თუ რომელ სექტორს სჭირდება ყველაზე მეტად სახსრები?
- ჩვეულებრივად, წლიურად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის 60 მილიონის დახმარებას გამოყოფს. აქედან 40 მილიონი UშAID-ს მიერ განხორციელებული პროექტების მეშვეობით იხარჯება და დანარჩენი 20 მილიონი კი სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით. დახმარების ოდენობა ვაშინგტონში შემდეგი კრიტერიუმებით ისაზღვრება - ქვეყნის სიდიდე, ანუ რამხელაა ქვეყანა, რამხელაა საჭიროების დონე, რამდენად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში და რა წარმატებით ხდება ამ თანხების ათვისება და გამოყენება. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ბაზრის ანალიზი ხან უშუალოდ ჩვენს მიერ კეთდება და ხან კი ჩვენი დავალებით სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ფეხზე დასადგომად გაცილებით მეტი თანხა სჭირდებოდა, განსხვავებით იმ თანხისგან, რითაც იგი საქართველოს ჩვეულებრივ ყველა წელს ამარაგებს. ამერიკამ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს დაახლოებით 1 $ მილიარდი გამოუყო. ეს იყო სიგნალი იმისა, რომ აშშ საქართველოს მართლაც დიდი მეგობარია და რომ მას მართლა ესაჭიროებოდა დახმარება. რაც შეეხება დახმარებას, რომელსაც ამერიკა ჩვეულებრივ ყველა წელს გამოყოფს საქართველოსთვის, სექტორების მიხედვით მისი ალოკაცია სულ სხვა სისტემით ხდება, განსხვავებით 1$ მილიარდისა, რაც მას 2008 წელს გამოეყო. როდესაც არის ჩვეულებრივი წელი და არ არის ექსტრაორდინალური მდგომარეობა, იმ 40 მილიონის განაწილება, როგორც სახელმწიფო სექტორისთვის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ძირითადად ტრენინგებისთვის და ტექნიკური დახმარებისთვის ხდება, რათა მათ თავიანთი პრობლემების ანალიზი მოახდინონ და ამ პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო გზები დასახონ. როდესაც საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ დახმარება მიიღო ამერიკისგან, ეს თანხები ჩვენ ისე გავანაწილეთ, რასაც ნორმალურ პირობებში ვერ შევძლებდით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ნორმალურ პირობებში ამხელა დახმარების გაწევის უფლებას ჩვენ ვერ ვაძლევთ თავს. ამ თანხიდან, პირველ რიგში, 250$ მილიონი საქართველოს ბიუჯეტს ანუ მთავრობას გაეწია. ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დაეხმარა, რათა თავის მდგომარეობა მას შედარებით სტაბილურ დონეზე შეენარჩუნებინა. უნარი ჰქონოდა ხელფასები გადაეხადა და სოციალური დახმარებები გაეწია. თუ ეს დახმარება არ იქნებოდა, ბუნებრივია, და დიდი შანსია საქართველო დიდ კრიზისში აღმოჩნდებოდა. ასვევე, ჩვენ ძალიან დიდი პროგრამები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და იმ ადამიანებისთვის განვახორციელეთ, რომლებიც უშუალოდ ომისგან დაზარალდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ პერიოდში თანხების ინვესტირება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მოვახდინეთ, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ პირობებში ვერ შევძლებდით.
- რატომ ენერგეტიკაში?
- ენერგეტიკას ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად მივიჩნევთ. ქვეყანას აქვს დიდი ენერგორესურსები, რომლის ექსპორტირებაც ქვეყნის ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს. ჩვენ დიდ მანძილზე შევაკეთეთ გაზსადენები, ამ თანხით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გავაფართოვეთ და არსებული შევაკეთეთ. ხელს ვუწყობთ ჰიდროელექრტოსადგურების გაუმჯობესებას, რაც ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია და არ დასრულებულა. ამ ყველაფერს კი ჩვენ ნორმალურ პირობებში ვერ შევძლებდით, ამხელა თანხების არ ქონის გამო. საერთოდ ელექტროგადამცემი ხაზების გაფართოება ქვეყნის დაცულობას უზრუნველყოფს. დავუშვათ, კიდევ რომ დადგეს კონფლიქტის საშიშროება და რომელიმე ხაზი გადაიჭრას ან დაზიანდეს, სათადარიგო რესურსები იქნება, რათა საზოგადოების ენერგიით მომარაგება მოხდეს. ასევე გვინდა ფოთის ინდუსტრიულ ზონაში გაზის მილების გაყვანა, რათა ამ ტერიტორიაზე გაზის მიწოდება უზრუნველვყოთ. ასევე სენაკის ტყუპი გადამცემი ანძების შექმნა, რაც დასავლეთს დენით მოამარაგებს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და დასაქმებასაც გაზრდის. ეს რაც შეეხება იმ თანხის განაწილებას, რაც საქართველოს აგვისტოში რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ გამოეყო. რაც შეეხება ნორმალურ პერიოდს, როდესაც ყოველწლიურად 60$ მილიონის გამოყოფა ხდება, მის განაწილებაში ჩვენი პრიორიტეტებია: ეკონომიკური ზრდა სოფლის მეურნეობის განვითარებით, ენერგოსექტორში ინვესტირება, გარემოს დაცვა, განათლების რეფორმები, ჯანდაცვა და რაც მთავარია, დემოკრატიის განვითარება.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ სუსტია არასამთავრობო სექტორი, შესუსტდა დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლიანი არჩევნების ჩატარება ეჭვქვეშაა, სასამართლო სისტემას სერიოზული ხარვეზები ახასიათებს, რამდენად შედეგის მომცემია თქვენს მიერ ჩადებული ფული დემოკრატიის განვითარებაში?
- მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დემოკრატიის განვითარების მიმართულებით 5 ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს: პირველი არის პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, მათ შორის მაღალი კონკურენციის არსებობა. სამართლიანი არჩევნებისთვის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რათა ყველას აზრი იქნას გათვალისწინებული, სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესება, პირველ რიგში პარლამენტის, როგორც მმართველი ორგანოს განვითარება, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული მუნიციპალიტეტების მმართველობის გაძლიერება და კანონის უზენაესობა. ჩვენ გვსურს სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. მას სწორი და სამართლიანი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც ძალაუფლების გადანაწილება სხვადასხვა სექტორებს შორის ხდება, ეს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში ძალაუფლების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს ხელშია კონცენტრირებული. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო რეფორმებს ახორციელებს, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა, თუ ამ პროცესში სხვა ორგანოებიც ჩაერთვებოდნენ და მონაწილეობას მიიღებდნენ. უკეთესი იქნებოდა, თუ ძალაუფლება და უფლება-მოვალეობები მათ შორის გადანაწილდებოდა. ძალაუფლება, ისევე როგორც ავტორიტეტი, ზოგადად სამი გზით შეიძლება განაწილდეს. მაგალითად, აღმასრულებელ შტოსა და მთავრობის სხვა რომელიმე შტოს შორის. მაგალითად, პარლამენტსა და სასამართლოს შორის. ასევე ცენტრსა და რეგიონების მუნიციპალიტეტებს შორის და მესამე გზა - ზოგადად მოხდეს მთავრობასა და მთავრობის გარშემო მყოფ შტოებს შორის, მაგ. მთავრობას და მედიას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ა.შ. რაც შეეხება ჩვენს წვლილს საქართველოში დემოკრატიის განვითარების საქმეში და შედეგებს, რაც ჩვენ მივიღეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეს ქმედებები, რა თქმა უნდა, ახალი წამოწყება არ არის. ამ მიმართულებით გარკვეული ხანია ვმუშაობთ. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს. კანონის უზენაესობის კუთხით USAID-ი სასამართლოს ახალი საპროცესო კრიმინალური კოდექსის შემუშავებაში დაეხმარა, ჩვენ ვცდილობთ და ვეხმარებით ადვოკატებს და იურისტებს, ვუტარებთ ტრენინგებს, რათა მათ მოსახლეობა უკეთესად დაიცვან და პროცესი უკეთესად წარიმართოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ სასამართლოს. სასამართლო პროცესები იქნას ჩაწერილი, რათა მოსამართლე საზოგადოების წინაშე იყოს ანგარიშვალდებული და პროცესები იყოს ტრანსფარენტული. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს პროცესების გამჭვირვალეობას და ვფიქრობთ, დემოკრატიის განვითარებაში ნელა-ნელა წავიწევთ წინ. ეს პროცესები კი ხანგრძლივია და გრძელვადიან პერიოდში იძლევა შედეგს. რაც შეეხება სამართლიან არჩევნებს, ჩვენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვეხმარებით, რისი მეშვეობითაც იგი ამოწმებს ყველა იმ მისამართს, რომლებზეც ამომრჩევლები არიან ჩაწერილი. Aეს პროცესი 2012 წლამდე გაგრძელდება, თუმცა, მიმდინარე პერიოდში თანდათანობით ჩვენ შედეგებსაც ვიხილავთ ჩვენ ასევე ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. საარჩევნო უბნებში გადასაღები აპარატურის დაყენებაში ვეხმარებით. განსაკუთრებით კი იმ უბნებში, სადაც ყველაზე მეტი დარღვევები იქნა წინა წელს აღმოჩენილი. ასევე საარჩევნო კომისიას ვეხმარებით, რათა შექმნას საჩივრების ელექტრონული ბაზა. როდესაც მოქალაქე შეიტანს საჩივარს, მას შესაძლებლობა ექნება თავად გააკონტროლოს ნამდვილად არის თუ არა დაფიქსირებული მისი საჩივარი და მის საჩივარზე რა რეაგირება მოხდა.
- არჩევნებთან დაკავშირებით ამ პროცესების მიმდინარეობისას რაიმე დარღვევები თუ აღმოგიჩენიათ და რა ხასიათის იყო იგი? -მე აქ ოქტომბრის თვეში ჩამოვედი და ვიცი, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ამ პროცესს, თავიანთი ანგარიშები უკვე ჩააბარეს, თქვენ შეგიძლიათ ქეთი ბაქრაძეს გაესაუბროთ, რომელიც USAID-ში დემოკრატიის და მმართველობის პროგრამების მართვის სპეციალისტია. ის ამასთან დაკავშირებით უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგცემთ.
- ხდება თუ არა ამა თუ იმ პროგრამაზე USAID მიერ განაწილებული თანხების მონიტორინგი, რამდენად მიზნობრივად იხარჯება ისინი, აღმოჩენილა თუ არა დარღვევები, როდის და სად?
- ყველა პროექტს, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ჩვენი სახსრებით ახორციელებენ, თავის ხელმძღვანელი ანუ ოფიცერი ჰყავს. ოფიცრები ახდენენ მონიტორინგს და ანალიზს იმისას, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანხები პროექტზე და საბოლოოდ რა შედეგებს ვიღებთ. რაც აქ ვარ, მე ჯერ დარღვევები არ აღმომიჩენია. ჩვენ ძალიან მკაცრი საბუღალტრო პროგრამა და სტანდარტები გვაქვს. სანამ ვინმეს გამოვუყოფდეთ გრანტს, მანამდე ვამოწმებთ მათი საბუღალტრო სტანდარტები რამდენად შეესაბამება ჩვენსას. ხანდახან ვიწვევთ გარე აუდიტორებს ფინანსურო მონიტორინგის ჩასატარებლად. სანამ ამა თუ იმ პროექტისთვის კონკრეტული თანხას გამოვყოფთ, მანამდე ჩვენს მიზნებს ვაყალიბებთ, თუ რა შედეგების მიღება გვსურს. კვლევის შემდეგ ვირჩევთ ორგანიზაციას, რომელსაც ვთვლით, რომ ყველაზე მეტად შეუძლია ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევა და პროექტის განხორციელების შემდეგ ვამოწმებთ, თუ რა შედეგები იქნა მიღწეული. პროექტების შეფასებას როგორც მისი დასრულებისას, ასევე მისი მიმდინარეობისასაც ვანხორციელებთ, შეიძლება რამდენჯერმეც კი.
- რა რაოდენობის დახმარებაა გათვალისწინებული 2010 წლისთვის და რომელ სექტორში?
- ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ 124$ მილიონის მიღებას. ეს ბოლო ნაწილია იმ მილიარდისა, რაც ამერიკამ საქართველოს გამოუყო. ძირითადი თანხის ინვესტირებას კი 2010 წელს ისევ ენერგოსექტორში ვგეგმავთ. მისი პრიორიტეტულობა ჩემს მიერ უკვე იყო განსაზღვრული.
USAD -ის დემოკრატიის და მმართველობის პროგრამების მართვის სპეციალისტიმა'' ქეთი ბაქრაძემ ბატონი კონლის მიერ წამოწეული თემები გააგრძელა
- ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც არჩევნების პროცესის გამჭვირვალეობის და სამართლიანობის მხარდასაჭერად არის მიმართული. აქ იგულისხმება, რომ ჩვენ ვეხმარებით ორივე მხარეს, როგორც ცესკოს, ასევე რეგიონულ დონეზე საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებსაც. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის გამოვყოფთ გრანტებს, რათა არჩევნების დროს მათ მიერ მონიტორინგი იქნას ჩატარებული. არჩვენების დროს ჩვენ თვითონაც გავდივართ მონიტორინგზე, და თუ რაიმე დარღვევები ყოფილა, ჩემს კოლეგებს ცესკოში საჩივარი არაერთხელ შეუტანიათ. ამგვარად, ჩვენ ორი მხრიდან ვუდგებით ამას. ერთის მხრივ, ვეხმარებით საარჩევნო კომისიას მუშაობაში და მეორეს მხრივ, რასაც ჰქვია უშუალოდ მონიტორინგი - არასამთავრობოებს და მედიას ვაფინანსებთ. ასევე ვაფინანსებთ საჩივრების შეტანასაც.
- რამდენად შედეგიანია საჩივრების შეტანა? ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ დგება რამდენიმე ჯგუფი ამერიკის საელჩოს და USAID-ის თანამშრომლებისგან, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით დადიან. როგორც ვიცი, ყველა საჩივარი ცეესკოში იქნა დაკმაყოფილებული, მაგრამ ეს არის მცირე ოდენობა დარღვევებისა. უფრო დაწვრილებით კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ახალგაზრდა იურისტებს ჰკითხოთ. ჩვენ რამდენიმე ორგანიზაციას ვაფინანსებთ, რომლებიც მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ. ესენი არიან "ახალგაზრდა იურისტები", "სამართლიანი არჩვენები", "ახალი თაობა ახალი ინიციატივა" და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია. ჩვენ ჩვენი მცირე ძალებით, არჩევნების დროს მონიტორინგის ჩატარებას ვცდილობთ, თუმცა ძირითადად, როგორც უკვე აღვნიშნე, მასშტაბურ ზედამხედველობას ჩვენი დაფინანსების მეშვეობით სხვადასხვა ორგანიზაციები ახორციელებენ.
მოამზადა ნუცა თოხაძემ
|