"მხოლოდ წერა-კითხვა ქართველობის იდენტობის ტოლფასი ვერ იქნება" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "მხოლოდ წერა-კითხვა ქართველობის იდენტობის ტოლფასი ვერ იქნება"
ნანახია: 1244

ლიკა, ნუ დაივიწყებ, რომ ჩემი ხელნაწერი
მტირალ მთაზე ჩამობმული ძაფებია,
უცბად იკარგება მტკვარში.
ჩემი ხელნაწერი წვეთებია ცრემლებისა,
ქართლის დედაზე შეყვარებული გორგასალისა,
შრება მზიან ღამეებში.
ჩემი ხელნაწერი ნატვრის ხეზე ჩამობმული თმებია,
ქაშვეთში დაჩოქილი გოგონებისა.
ჩემი ხელნაწერი კაშკაშია ვარსკვლავებისა,
დღისით რომ იკარგება.
ნუ დაივიწყებ!


ეს სტრიქონები თურქეთში მცხოვრებ მწერალს, პუბლიცისტს, მთარგმნელსა და პოეტს ფაჰრეთთინ ჩილოღლუს, იმავე ფარნა ჩილაშვილს ეკუთვნის. ბატონი ფარნა იმ ჩვენებურთაგანია, რომელთა წინაპრებიც ისტორიული რეალიებისდა გამო ქართულ მიწას მოსწყდნენ, თუმცა თავიანთი მოღვაწეობით უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებენ.
ფარნა ჩილაშვილი რამდენიმე წელია სათავეში უდგას ორენოვან (ქართულ-თურქული) ჟურნალს "ფიროსმანი". ჟურნალი სტამბოლში გამოდის, რომლის ნაწილიც საქართველოში ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. "ფიროსმანი" უდიდეს როლს ასრულებს თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების გაერთიანების საქმეში, ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის გაღრმავების მიმართულებით. ერთგვარი ხიდია ჩვენსა და თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შორის. თუმცა `ფიროსმანამდე~ იყო სხვა გამოცემები. ბატონი ფარნა გარკვეული დროის განმავლობაში სათავეში ედგა ჟურნალს "ჩვენებური", რომელსაც 1977 წლიდან გამოსცემდა ასევე ჩვენებური, თურქეთში მცხოვრები აჰმედ ოზქან-მელაშვილი. აჰმედ მელაშვილის მკვლელობის შემდეგ ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა. ბატონმა ფარნამ წლების შემდეგ აღადგინა ჟურნალი და ღირსეულად გააგრძელა აჰმედ მელაშვილის მიერ დაწყებული საქმე, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის სხვებს გადაულოცა და გამოსცა ახალი ჟურნალი `მამული~. ყველა ეს გამოცემა მნიშვნელოვან ქართულ საქმეს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ფარნა ჩილაშვილის საგამომცემლო საქმიანობა, რომელიც საქართველოსა და ქართველებს უკავშირდება, მრავალ საგაზეთო პუბლიკაციასა და სტატიასთან ერთად, რომელიც სხვადასხვა გამოცემებში დაიბეჭდა და იბეჭდება, ამით არ შემოიფარგლება, მის კალამს ეკუთვნის წიგნი "ქართველთა ისტორია" (1993წ), რომელშიც იმ ქართველთა ისტორიაა მოთხრობილი, რომლებიც მოსწყდნენ სამშობლოს, თუმცა შეინარჩუნეს ქართველობა და თვითმყოფადობა. ბატონმა ფარნამ მიაკვლია ასი წლის წინ სტამბოლში გამოცემულ ისმეთზადე მეჰმეთ არიფის წიგნს "ქართული სოფლები" (1893წ). განუზომელია ამ წიგნის მეცნიერული ღირებულება – იგი შავი ზღვის სანაპიროზე ქართველ მუჰაჯირთა დამკვიდრებიდან 15 წლის შემდეგ არის დაწერილი. წიგნი ძველი თურქულ ენაზეა დაწერილი, ბატონმა ფარნამ იგი თანამედროვე თურქულ ენაზე თარგმნა და ამით უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახადა მკითხველისთვის.
ცალკე საუბრის თემაა ფარნა ჩილაშვილის მხატვრული შემოქმედება, რომელიც ქართველმა მკითხველმა წიგნ `სასაზღვრო ფიქრებით~ გაიცნო. ეს წიგნი 2006 წელს ქართულად გამოიცა. კრებულში მწერლის ბავშვობის შთაბეჭდილებები, მისი ცხოვრებისეული გამოცდილება და მრავალფეროვანი სამყარო მოთხრობების სახითაა გადმოცემული. ბატონ ფარნას შემოქმედების შეფარული, ხშირად აშკარა სევდა გამოძახილია იმ მონატრებისა, რაც ბავშვობაში დარჩა, თუმცა ყოველთვის ჩვენთან არის. მწერლის რეალური და რეალობის მიღმა, ოცნება და ოცნების მიღმა, ზღაპარი და ზღაპრის მიღმა, სევდიანი და ირონიით აღსავსე ულამაზესი სამყარო სადა, მაგრამ დახვეწილი ენითაა გადმოცემული., სადაც ხშირად ლექსის რიტმი იგრძნობა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის მის შემოქმედებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ფარნა მხოლოდ მოთხრობებს წერს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მის მოთხრობებში სათქმელი ისეთი სრულყოფილებითაა გადმოცემული, რომ შეგვიძლია დასრულებულ რომანს შევადაროთ. ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მწერლის შემოქმედებაში ძალუმად იგრძნობა ქართული საწყისი, ქართული გარემო. საოცარია, მწერალი, რომელმაც ქართული ენა საკმაოდ გვიან ისწავლა, როგორ ქმნის შესანიშნავ ლექსებს ქართულ ენაზე. ეს თითქოს ბუნებრივად ხდება, მაგრამ სამყაროში ხომ არაფერი ხდება უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ. ეს ამოუხსნელი რამ ფესვების, გენის გამოძახილია. ეს არის სწორედ ის სულიერი ერთიანობა, რაც ასე უხილავია, თუმცა საოცრად ხილული და ხელშესახები ბატონი ფარნას შემოქმედებაში.
დასაფასებელი და ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონი ფარნას ნაყოფიერი მთარგმნელობითი საქმიანობა. მწერალს თურქულ ენაზე ნათარგმნი აქვს გალაკტიონ ტაბიძე, ვაჟა ფშაველა, ანა კალანდაძე, თამაზ და ოთარ ჭილაძეები, გურამ გეეგშიძე, ეკა ბაქრაძე, გიორგი ლეონიძე, შოთა ნიშნიანიძე. ეს თარგმანები ერთ წიგნად გამოიცა, რომელსაც მწერალმა "ცხელი სევდა" დაარქვა.
ქართული საწყისის არსებობა იგრძნობა ფარნა ჩილაშვილის წიგნ "უჩინმაჩინშიც". უცნაური სახელის გამო, მწერალს ხშირად ეკითხებიან თურქეთში, თუ რა არის უჩინმაჩინი - მზე, ღრუბელი, ქალი, სიყვარული, არის კი რაიმე საერთოდ ან სად შეიძლება მისი პოვნა. ბატონი ფარნა კი მათ პასუხობს, რომ უჩინმაჩინი თითქოს არაფერია, მაგრამ ამავე დროს ყველაფერიცაა და მისი პოვნა მკითხველის ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული. წარმოსახვასა და ფანტაზიას კი მართლაც აღძრავს მწერლის შემოქმედება. ეს მის მიერ საოცარი გულწრფელობით გადმოცემული შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების გარდა, შექმნილი, გამოგონილი თუ რეალობიდან აღებული პერსონაჟების დამსახურებაა, რომელიც მკითხველამდე დიდი სიყვარულითაა მოტანილი. საერთოდაც, ბატონი ფარნას შემოქმედება ერთი დიდი სიყვარულის დაუმთავრებელი ისტორიაა. სიყვარულისა დედის, მამის, მშობლიური ფესვების, მოყვასის, ბავშვობის მოგონებების, გარე სამყაროს და, რა თქმა უნდა, ქალის მიმართ.
მშობლიური ფესვებისადმი ასეთი დიდი სიყვარული ფარნა ჩილაშვილის შემოქმედების მხოლოდ ლაიტმოტივი როდია, ის ხშირად სტუმრობს საქართველოს. "ჩვენ ქართველები, ჩვენთან საქართველოში, ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული, ჩვენი მომავალი…".. ეს ის სიტყვათა ლექსიკაა, რითაც ბატონი ფარნა საუბრობს, საუბრობს ბუნებრივად, ისე, თითქოს აქ ჩვენს გვერდით დაბადებულა და გაზრდილა. მას ისე სტკივა და ისე უხარია ჩვენი, და აწ უკვე მისი, ყველა სიხარული და ტკივილი, რომ შეუძლებელია არ მოიხიბლო მისი პიროვნებით.
ბატონი ფარნა ამჟამადაც თბილისში იმყოფება. ჩვენც ვისარგებლეთ შემთხვევით და ინტერვიუ ვთხოვეთ.
- ბატონო ფარნა, იქნებ კიდევ ერთხელ შეახსენოთ მკითხველს თქვენი წარმომავლობის შეახებ. ერთგან ამოვიკითხე, რომ თქვენი წინაპრები მესხეთიდან იყვნენ, თუმცა, როგორც ვიცი, თქვენი ფესვები აჭარას უკავშირდება.
- ჩვენმა წინაპრებმა არ იცოდნენ თავიანთი წარმომავლობის შესახებ. ბათუმელი რამაზ სურმანიძე დაინტერესდა ჩვენი გვარის ფესვებით. XVII საუკუნის ქართული ქრონიკებში მივაკვლიეთ ჩვენს გვარს, სადაც ვკითხულობთ, რომ ვინმე მუსტაფა ჩილოღლუ, ბრჭყალებში წერია ჩილაშვილი, წასულა მესხეთში, ჩვენი გვარი ქუთაისის ტერიტორიაზეც ფიქსირდება. ასევე, მივაკვლიეთ, რომ ჩილაშვილები ზემო აჭარაში ცხოვრებულან - სოფელ მაჭახელაში, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლებიც ადასტურებენ. გარდა ამისა, ჩილაშვილები უდეშიც სახლობდნენ თურმე, რომელიც მესხეთის ნაწილი იყო. მოგვიანებით ჩვენი წინაპრები აჭარიდან გადასახლებულან თურქეთში, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მაშინდელი და დღევანდელი აჭარა ისტორიულად სხვადასხვა არეალს მოიცავს. ასე რომ, ჩემი ყველაზე ახლო წინაპრები სოფელ მაჭახელადან არიან წარმოშობით.
- იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ მშობლების შესახებ. როგორც თქვენი შემოქმედებიდან ჩანს, მშობლები, მათთან დაკავშირებული ამბები თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მათ გამორჩეული სიყვარულით ახსენებთ. თქვენი არაერთი მოთხრობის გმირი სწორედ თქვენი მშობლებია. `უჩინმაჩინიც~ დედას მიუძღვენით.
- სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან. დავიბადე შავიზღვისპირა ქალაქ უნიას ერთ-ერთ სოფელში - აქბაბაში. ჩვენ თავს გურჯებს ანუ ჩვენებურებს ვუწოდებთ. სოფელშიც გურჯებს გვეძახდნენ. ბავშვობის დროს არ ფიქრობ შენს წარმომავლობაზე, იმაზე, თუ ვინ ხარ, საიდან ხარ, რატომ გეძახიან გურჯს. ჩემი მშობლები ბევრ რამეს არ ყვებოდნენ ან ბევრი რამე ჰქონდათ მოყოლილი, მაგრამ ჩემი ბავშვობისდა გამო არ ვუსმენდი, მეგონა, რომ არ ვუსმენდი, მაგრამ როცა წლები გავიდა, დავშორდი მშობლიურ სახლს და სტამბოლში დავიწყე ცხოვრება, სადაც უმაღლესი განათლება მივიღე, მაშინ უკვე სხვანაირად დავიწყე ფიქრი, თავისთავად მახსენდებოდა ბევრი რამ, რაც ჩემდაუნებურად მომესმინა ბავშვობაში მშობლებისგან, როცა წერა დავიწყე, თავისით მოდიოდა ის ამბები და მოგონებები, რომელიც ბავშვობაში მქონდა მოსმენილი. მე მყავს და, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს და როცა ვსაუბრობთ ხოლმე, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი რამ ერთნაირად გვახსოვს.
- როგორ იხსენებდნენ მშობლები საქართველოს, თუ იხსენებდნენ საერთოდ, თუ ლაპარაკობდნენ ოჯახში ქართულად, თქვენ გასწავლიდნენ თუ არა წინაპრების ენას..
- ასე არ ყოფილა, რომ მშობლები ენას განსაკუთრებულად გვასწავლიდნენ. ეს ბუნებრივად ხდებოდა, რადგან სახლში ისინი ქართულად ლაპარაკობდნენ. ბევრჯერ ყოფილა, რომ დედაჩემი, როცა მეზობლებთან საუბრობდა, ისე გადადიოდა ქართულზე, რომ ვერც კი ამჩნევდა, თუ ვინმე არ შეახსენებდა, რომ ის თურქულად არ ლაპარაკობდა. ასე რომ, ჩემი ქართულის საფუძველი ოჯახიდან მომდევს.
მე საქართველოდან თურქეთში გადასული ჩემი წინაპრების მეოთხე თაობა ვარ. ამ ხნის განმავლობაში, ბუნებრივია, ბევრი რამ დაიკარგა. ჩემი ბებიების და ბაბუების დროს ვიცი, რომ ნადი იმართებოდა, იყო ქართული სიმღერები და ცეკვები, ჩემი ბავშვობის დროს კი ეს სიმღერები და ცეკვები უკვე აღარ იყო ანუ დაიკარგა. ჩემს დას კი, რომელიც ჩემზე ხუთი წლით უფროსია, ახსოვს, თუ როგორ მღეროდნენ სოფელში ქართულად და ცეკვავდნენ. სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს ახლა საერთოდ დაიკარგა და დაკარგვის პროცესშია.
- განათლებით ჟურნალისტი ბრძანდებით. თქვენი ჟურნალისტურ-პუბლიცისტური საქმიანობა მრავალ წელს ითვლის, რომელ გამომცემლობებში მუშაობდით და როდის დაიწყეთ სამწერლობო მოღვაწეობა?
- მართალია, მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჟურნალისტად ძალიან ცოტა ხანი მაქვს ნამუშევარი. ძირითადად ენციკლოპედიურ საქმიანობას ვეწეოდი. რაც შეეხება წერას, მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავლის დროს ვწერდი რაღაცეებს. უნივერსიტეტში სწავლისას კი დავიწყე ლექსების წერა. გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ საჭირო იყო ქართული ენის სათანადო შესწავლა, რათა მეთარგმნა და თურქული საზოგადოებისთვის გამეცნო ბევრი რამ, პირველ რიგში კი ქართული ლიტერატურა.
- კონკრეტულად როდის დაიწყეთ მთარგმნელობითი საქმიანობა?
- ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო – 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან. ვთარგმნიდი სხვადასხვა მოთხრობებსა და ლექსებს, სხვადასხვა გამოცემებში ვგზავნიდი და იბეჭდებოდა.
- როდის და როგორ მოხვდით პირველად საქართველოში?
- პირველად საქართველოში 1988 წელს ჩამოვედი.
- სანამ საქართველოში ჩამოხვიდოდით, ალბათ, გქონდათ გარკვეული წარმოდგენები, წარმოსახვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო წინაპართა მიწა, რამდენად დაემთხვა რეალური და წარმოსახვითი ერთმანეთს?
- იცით, მაშინ უფრო სხვა რამ იყო ინტერესის საგანი. მე მაშინ საბჭოთა საქართველოში ჩამოვედი და მაინტერესებდა ამ სისტემაში მყოფი ქვეყანა, მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობს ქვეყანა რკინის ფარდის უკან.
მე მაშინ ათკაციან ჯგუფთან ერთად სომხეთისა და ყარსის გავლით ჩამოვედი საქართველოში. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და მე მას ერთიანი სოციალისტური სისტემის ნაწილად აღვიქვამდი. მანამდე წაკითხული მქონდა მარქსიც, ენგელსიც და სოციალიზმის მქადაგებელი სხვა მამებიც, რომელთა წიგნებშიც ყველაფერი იდეალურად იყო დახატული, მაგრამ რაც ვნახე, ის აბსოლიტურად შორს იდგა იმისგან, რაც წიგნებში მქონდა ამოკითხული ანუ რეალობა იყო მძიმე. მიმაჩნია, რომ საქართველო დამოუკიდებელ ქვეყანად რომ დარჩენილიყო, დღეს ის უფრო მეტად განვითარებული და დაწინაურებული ქვეყანა იქნებოდა.
მახსოვს, რომ სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, მეგონა ქართული კარგად ვიცოდი, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ასე არ იყო და კიდევ ბევრი უნდა მემუშავა ენის სრულყოფისთვის. იმასაც მივხვდი თურქეთში დაბრუნების შემდეგ, რომ უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო.
- საქართველოს ხშირად სტუმრობთ. შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის ან ვინ არის ის თქვენთვის? ერთ-ერთ თურქულ გამოცემასთან საუბრისას, როცა იმ ადგილებისა და ქალაქების შესახებ საუბრობთ, სადაც გიცხოვრიათ და რომელთაც თქვენზე გარკვეული ზეგავლენა თუ შთაბეჭდილება მოუხდენია, თქვენ ამბობთ, რომ მწერლისთვის ასეთი ადგილები ან ქალია ან მამაკაცი. ამბობთ, რომ სტამბოლი, უფრო ზუსტად მისი რამდენიმე უბანი, თქვენთვის მნიშვნელოვანი ქალბატონების მსგავსია, თუ ამ ჭრილში შევხედავთ თბილისს, გნებავთ საქართველოს, მაინც როგორი ქალბატონია ის თქვენთვის?
- მართალია, ის ადგილები, სადაც მიცხოვრია, ჩემთვის მნიშვნელოვან ქალბატონებთან ასოცირდება. თუ ამ კუთხიდან შევხედავთ, თბილისი და საქართველო ჩემთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და შეუცნობელი ქალბატონია, რომელსაც იმედია, რომ შევიცნობ.
- მოდით, თქვენს შემოქმედებას შევეხოთ, რომელიც უკვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა. თქვენ მოთხრობებს წერთ, სათქმელი ასეთი ფორმით მიგაქვთ მკითხველამდე. რატომ გადაწყვიტეთ ამ ჟანრში მუშაობა, თუ ესეც თავისთავად მოხდა, გიცდიათ თუ არა რომანის დაწერა? ისევ თქვენს ერთ მოსაზრებას მოვიშველიებ, სადაც ამბობთ, რომ რომანის წერას ნებისყოფა სჭირდება და რომ მოთხრობა ერთი ამოსუნთქვითაც შეიძლება დაიწეროს..
- ამის დაგეგმვა, ალბათ, შეუძლებელია, თუ რა ჟანრში უნდა იმუშაო. შეიძლება დაგეგმო კიდეც, მაგრამ ამას, უპირველეს ყოვლისა, შინაგანად უნდა გრძნობდე. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. საერთოდაც, მე არასოდეს ვგეგმავ რა, როგორ და როდის უნდა დავწერო, ეს ბუნებრივად ხდება. როცა სათქმელი მოდის, ვჯდები და ვწერ. ხშირად ხდება, რომ რაღაცა მიტრიალებს თავში გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ქაღალდზე გადატანის დრო რომ მოდის, ეს უკვე ჩემგან დამოუკიდებლად ხდება და მეც ვწერ. ერთი კია, მოთხრობების წერა იმიტომაა ახლობელი ჩემთვის, რომ სათქმელი თითქოს ერთი ამოსუნთქვით მინდა ვთქვა და გავთავისუფლდე. რაც შეეხება რომანს, მისი დაწერა ნამდვილად არ მიცდია და ახლა ასე მგონია, რომ მომავალშიც არ დავდგები მისი წერის განწყობაზე, თუმცა, ეს ახლა მგონია ასე. არ ვიცი, მომავალში რა იქნება..
- ვინ არის თქვენი პირველი მსმენელი და მკითხველი მანამ, სანამ მოთხრობა, ასე ვთქვათ, დღის სინათლეს იხილავს?
- როცა მოთხრობის წერას ვამთავრებ, მას ვტოვებ და ერთი ორი დღე აღარ ვეკარები. მერე ვიღებ და ვკითხულობ, ვკითხულობ უკვე მკითხველის თვალით ანუ სხვა თვალით, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ასე წავიკითხო. შემდეგ ჩემთვის ახლობელ ადამიანებს ვაკითხებ ხოლმე, რომელთა აზრიც ჩემთვის საინტერესოა. ერთი რომელიმე ადამიანი არ მყავს, რომ მხოლოდ მას ვაკითხებდე. ეს ასე რომ იყოს, უინტერესო იქნებოდა, რადგან მრავალფეროვნება მიყვარს. ასე რომ, ჩემი პირველი მკითხველი ხან ვინ არის და ხან ვინ..
- თქვენ არაერთი ჩვენი შესანიშნავი კალმოსანი თარგმნეთ თურქულად და გააცანით თურქულ საზოგადოებას, რაზე მუშაობთ ამჟამად?
- დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობას" ვთარგმნი ახლა..
- ბატონო ფარნა, რას წარმოადგენს დღეს თურქეთის ქართველობა, დაახლოებით რამდენი იქნება ის რაოდენობრივად. თურქეთის ქართველობის რა ნაწილის იდენტობაა ქართული, რამდენი გეტყვით, მაგალითად, "მე ქართველი ვარ"..... აქვე გკითხავთ: ბევრია თუ არა ლაზები და რამდენად არიან ისინი გათვიცნობიერებული თავიანთ ისტორიულ ფესვებში
- რაოდენობრივად ზუსტად ვერ გეტყვით, დღეს თურქეთში ქართული წარმოშობის თურქეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს. სხვადასხვა ციფრი სახელდება. ვფიქრობ, მხოლოდ წერა-კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა ქართველობის იდენტობის ტოლფასი ვერ იქნება, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. თურქეთში ბევრი ამბობს, რომ ის ქართველია წარმოშობით, მაგრამ იმის იქით რა შეიძლება იყოს, შეიძლება ამას ვერ აცნობიერებდეს. იგივეს თქმა შეიძლება ლაზებთან მიმართებაშიც. მათ იციან, რომ ლაზები არიან ფესვებით, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებული ღრმა ცოდნა არ აქვთ.
- დღეს თურქეთი ჩვენი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორია. თურქეთი ჩვენი კეთილი მომავლის გარანტიაა. ჩვენ ძმები ვართ დღეს. რამდენად გჯერათ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ დღეს არ გვაქვს პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ. ვფიქრობ, არც მომავალში გვექნება. ეთანხმებით თუა არა ჩემს ამ მოსაზრებას?
- გეთანხმებით და მიმაჩნია, რომ ეს საჭირო და აუცილებელია როგორც საქართველოსთვის, ისე თურქეთისთვის და რაც მთავარია, რეგიონისთვის. ამ ურთიერთობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, ვფიქრობ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ათწლეულების შემდეგ კი ეს ნამდვილად ძნელი განსაჭვრეტია, რადგანაც სამყარო ცვალებადია.
- თურქეთის ეკონომიკა და შესაბამისად, ქვეყანა 80-ან წლებში არნახული სისწრაფითა და წარმატებით განვითარდა, თურგუთ ოზალის დროს, თქვენი აზრით, რამ ითამაშა ამაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი თურქი ხალხის შრომისმოყვარეობამ და ეროვნულმა ფსიქიკამ თუ სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ?
- ვფიქრობ, ეს იყო სწორი რეფორმების შედეგი. ერთიც არის, ამას ხელი საბჭოთა კავშირის დაშლამაც შეუწყო. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, შეიძლება თურქეთს დღეს ეს ეკონომიკური წინსვლა არ ჰქონოდა. საბაზრო ეკონომიკისა და ლიბერალური ეკონომიკის განვითარებამ, რამაც შექმნა კონკურენტული გარემო, ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. თურქი ხალხის რაღაც განსაკუთრებულ შრომისმოყვარეობას რომ მივაწეროთ ეს ყველაფერი, მართალი არ იქნება. სწორი ეკონომიკური სივრცის შექმნამ მოიტანა სწორი შედეგები..
- რამდენად ბევრს ხარჯავს თურქეთის ხელისუფლება განათლებასა და კულტურაზე, რომ გადახედოთ გასულ წლებს, როდის იხარჯებოდა ამ სფეროებზე ყველაზე მეტი სახსრები – ადრე თუ ახლა, როდის ეთმობოდა განათლებასა და კულტურას მეტი ყურადღება?
- იცით, როგორ არის? რომ ვთქვათ, ბიუჯეტი ძალიან ბევრს ხარჯავს ამ სფეროებზე, არ იქნება სწორი. ეს ყოველთვის ასე იყო. მაგრამ სახელმწიფოს როლი იმაშია, რომ ის ქმნის ისეთ კანონებსა და გარემოს, რომ ხელი შეუწყოს განათლებასა და კულტურაში სახსრების მოზიდვას. თუ გადავხედავთ გასულ წლებს, ადრე თურქეთში მხოლოდ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები არსებობდა, კერძო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები აკრძალული იყო. ახლა სხვა რეალობაა. კერძო და კარგი დონის სასწავლებლების დიდი არჩევანია.
- თურქეთი ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, თუმცა ამ ბოლო დროს ეს პროცესი შეჩერებულია. როგორ გესახებათ თურქეთის ინტეგრაცია ევროკავშირში, დაახლოებით როდის გახდება თურქეთი ევროკავშირის წევრი. თქვენი აზრით, ამით რას დაკარგავს და რას შეიძენს თურქეთი?
- ეს მართლა რთული საკითხია, იმიტომ რომ თურქეთი ძალიან დიდი ქვეყანაა ევროკავშირისთვის და მოსახლეობის რაღაც ნაწილიც პრობლემად მიიჩნევს ევროკავშირში შესვლას. არ არის დღეს თურქეთი იმ დონეზე განვითარებული, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს რამდენიმე წლის მერე. თან პატარა ქვეყანა არ არის, რომ ევროკავშირმა მოაგვაროს თურქეთის მრავალგვარი პრობლემა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ევროკავშირის კანდიდატობა ხელს უწყობს თურქეთის განვითარებას. შესაძლოა, რომ თურქეთი ვერასოდეს გახდეს ევროკავშირის წევრი, მხოლოდ კანდიტატობის სტატუსით ისარგებლოს და შეძლოს უფრო მეტად განვითარება.
- რამდენი ხანი დარჩებით საქართველოში, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რით გაგვახარებთ.
- საქართველოში მაისის პირველ რიცხვებამდე დავრჩები. რამდენიმე დღის წინ დავესწარი კონფერენციას. სხვა რომ გითხრათ, რომ რაიმე განსაკუთრებული გეგმები მაქვს, არ იქნება მართალი. მინდა რაც შეიძლება მეტი ვისეირნო, ვიმოგზაურო და უბრალოდ დავტკბე აქაურობით. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, ეს უკვე ჩემგან დამოუკიდებლად ხდება, როცა წერის სურვილი მომეძალება, დავწერ. ისე მინდა გითხრათ, რომ რაც საქართველოში ჩამოვდივარ, არასოდეს აქ მოთხრობა არ დამიწერია და ჩემდა გასაკვირად, ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა. დავწერე ერთი მოთხრობა, რომელსაც `ასიეს თეთრი ცხენები~ დავარქვი.

ციცო კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48